მთავარი,სიახლეები

ფერადი სახლები ძაღლებისთვის ბათუმში – „თათის“ ინიციატივა

16.02.2018 • 10307
ფერადი სახლები ძაღლებისთვის ბათუმში – „თათის“ ინიციატივა

ორგანიზაცია „თათი“ ბათუმის ქუჩებში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლების, ე.წ. „პეტ ჰაუსების“ განთავსების ინიციატივით გამოდის. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ახლახან დარეგისტრირდა ორგანიზაციად, უკვე მიმართა ბათუმის მერიას თხოვნით, დაეხმარონ პროექტის განხორციელებაში და მისცენ განსაზღვრულ ადგილებში 15 „პეტ ჰაუსის“ განთავსების უფლება. „თათის“ წევრები მარია ზოიძე, დავით არძენაძე, ანა მითაიშვილი, გიორგი კალანდაძე და ქეთი ლაბაძე არიან.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფოტოგრაფი მარია ზოიძე ამბობს, რომ „პეტ ჰაუსებისთვის“ უკვე აქვთ თანხა:

„გაეროს ანსამბლეის კონკურსში მოვიპოვეთ თანხა, რომლითაც დავაფინანსებთ „პეტ ჰაუსების“ აგებას. 15 „პეტ ჰაუსისთვის“ გვაქვს თანხა. გარდა ამისა, გვქონდა შეხვედრა რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციასთან და მათ აქვთ დახმარების სურვილი. იმედი გვაქვს სხვა ორგანიზაციებიც გამოგვეხმაურებიან.

ეს იქნება სტანდარტული, მცირე ზომის, ფერადი, მხიარული სახლები ძაღლებისათვის, რომელსაც ისინი თავს შეაფარებენ. ჩვენ, მოხალისეებისა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით, ვიზრუნებთ მათ კვებასა და ჯანმრთელობაზე.

„პეტ ჰაუსები“ ადგილზე დამაგრებული იქნება, რომ ვინმემ არ მოიპაროს, როგორც იცით, ამის საშიშროება არსებობს. ბათუმის მერიასთან გვაქვს მოლაპარაკება, მოგვთხოვეს დამატებითი ინფორმაცია და მივაწოდეთ.“

მარია ზოიძე

კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ პირველ რიგში, ძაღლები „პეტ ჰაუსებში“ შევლენ და მეორეც – „პეტ ჰაუსში“ შესვლის შემდეგ აგრესიულად არ მოექცევიან მათ საცხოვრებელთან მიახლოებულ გამვლელებს, მარია პასუხობს, რომ მათ ორგანიზაციაში ვეტექიმიც არის და იდეის დამუშავება მასთან ერთად მოხდა:

„გარკვეული პერიოდი, როცა დამფრთხალია ცხოველი, თავს იკავებს, მაგრამ როცა ხვდება, რომ სივრცე დაცულია, მას საფრთხე არ ემუქრება, აუცილებლად შედის. ეს არის ინსტინქტი.

რაც შეეხება აგრესიას, ქუჩაში ძაღლები სხვა გარემოში იზრდებიან, ისინი არ არიან ორიენტირებული ტერიტორიის დაცვაზე, ისე, როგორც ეს ხდება სახლში მყოფი ცხოველების შემთხვევაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველებს ქუჩაში ერთგვარი სანიტრის ფუნქციაც აქვთ, ისინი მღრღნელებისგან იცავენ ქუჩასა და სახლებს.“

მარიას ოთხი კატა და ორი ძაღლი ჰყავს. „პეტ ჰაუსების“ ბათუმის ქუჩებში განთავსების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როცა საკუთარ ფოტოსტუდიასთან ახლოს რამდენიმე, სახელდახელო „პეტ ჰაუსი“ განათავსა ქუჩაში მცხოვრები კატებისთვის. მარია ყვება, რომ კატები თანდათან შეეჩვივნენ გარემოს, ახლა უკვე აქვთ საცხოვრებელი ადგილი და უამინდობაში, რომელიც განსაკუთრებით ზამთარშია გაუსაძლისი, დაღუპვა არ ემუქრებათ.

„ეს პირველი ნაბიჯია, აუცილებლად ჩავრთავთ მოხალისეებს, შევხვდებით ახალგაზრდებს ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებზე სასაუბროდ, გვექნება პიარკამპანიები. გვაქვს ცალკე პროექტი, რომელიც ეხება სასტუმროებიდან საკვების ნარჩენების შეგროვებას და მოხალისეების ჩართვას, მაგრამ ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არ ზრუნავს ცხოველთა უფლებებზე, ვფიქრობ ახლა არის ის დრო, როცა შეიძლება შევცვალოთ გარემო“ – ამბობს მარია.

ორგანიზაცია „თათის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქში 3500-ზე მეტი უპატრონო ძაღლია.

გადაბეჭდვის წესი