სიახლეები

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი

29.08.2015 • 2364
ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი

სოფელ სახალვაშოში [ჩაქვი ბათუმთან დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს] მცხოვრებ რუსლან დილავეროვს საოჯახო ტიპის სასტუმრო უკვე გაქირავებული აქვს. ტურისტები მას ბელგიიდან, საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან სტუმრობენ. ათკაციანი ჯგუფი ამ სოფელში ფრინველების დასათვალიერებლად უკვე ჩამოვიდა. საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს ამავე სოფელში რუსუდან მელაძეს, ტურისტებს ის 4 სექტემბრისთვის ინგლისიდან, ჰოლანდიიდან და ბელგიიდან ელოდება. 20 ევრო ერთი ადამიანი, სამჯერადი კვებით – ეს ორსართულიან, კერძო სახლში დასვენების ღირებულებაა.

ტურისტები სოფელ სახალვაშოს აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე, ძირითადად ამ ერთი თვის განმავლობაში სტუმრობენ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სოფო გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დეპარტამენტი ამჟამად ფრინველთა მეოთხე საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება, ფესტივალი სექტემბერში ჩატარდება. ფესტივალის ჩასატარებლად ტენდერი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებას. დეპარტამენტი ფესტივალისთვის 20 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

ფოტო:აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 35 სახეობის გადამფრენ მტაცებელთაგან რამდენიმე გამოირჩევა, მაგალითად, კაკაჩას მიგრაცია აგვისტოს ბოლოს იწყება და პიკს აღწევს სექტემბრის პირველ კვირაში. მსოფლიოში კაკაჩების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა (დაახლოებით 650.000) 2012 წლის შემოდგომაზე სწორედ ბათუმში დაფიქსირდა. ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ასევე საინტერესოა არწივების მიგრაციაზე დაკვირვება. სექტემბრის მესამე კვირისა და ოქტომბრის პირველი კვირის განმვლობაში კი, აქ შეიძლება სულ ახლოდან დააკვირდე ჩია არწივს, გველიჭამიას, ველის არწივის, მწირე მყივან არწივის და ბექობის არწივსაც კი.
ბათუმის ე.წ. დერეფანში ასევე წარმოდგენილია წითელფეხება შევარდენი. გვიანი სექტემბრის პერიოდში აქ შესაძლებელია იხილო ჩვეულებრივი კირკიტა, მცირე კირკიტა, წითელფეხება შევარდენი, ალალი, შევარდენი და მარჯანი, ერთსა და იმავე დღეს. ოფიციალური ინფორმაციით, პერიოდულად ასევე ფიქსირდება გავაზი.

აჭარაში 2012 წელს პირველად გაიმართა Bირდწატცჰინგ-ის ფესტივალი, საერთაშორისო ორგანიზაცია  Batumi Raptor Count-ის ორგანიზებით. ფესტივალის მიზანი იყო აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების პოპულარიზაცია. ფესტივალს ესწრებოდნენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დაინტერესებული პირები და ექსპერტები.
ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში ბერდვოჩინგის (ფრინველებზე დაკვირვება) პოტენციალი ჯერ კიდევ 2012 წლის 3 სექტემბერს დადასტურდა, როცა  Batumi Raptor Count-ის მონაცემებით ერთი დღის განმავლობაში 179.342 გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს – 124.000 კრაზანაჭამია არწივი დღის განმავლობაში. იგივე, Bატუმი ღაპტორ ჩოუნტ-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობით, საშემოდგომო მიგრაციის პერიოდში მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი დაფიქსირდა. სპეციალისტების აზრით, ერთი სეზონისთვის ეს მონაცემი რეკორდულია.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: