სიახლეები

არაადაპტირებული ტურიზმი

30.07.2015 • 3226
არაადაპტირებული ტურიზმი

თუ რატომ ვერ დაისვენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ბათუმში კომფორტულად, ამის შესახებ ფოტოგრაფი ანა გოგუაძე რამდენიმე დღის წინ წერდა. მან „ბათუმელებთან“ საუბრის დროს იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შშმ პირებისთვის ბათუმში დასვენებას დაღლად აქცევს. „სასტუმრო, სადაც ნომერი 200 დოლარი ღირს, ეტლით ვერ გადაადგილდები. დამოუკიდებლად ეტლით გავლა პრობლემაა ქუჩებშიც, რადგან ქვაფენილი უსწორმასწოროა, პანდუსს რასაც ეძახიან, მარაზმია. ამასთან, 150-ლარიან პენსიაზე მყოფი პირი ამხელა თანხას მაინც ვერ გადაიხდის ნომერში, პატარა სასტუმროებში დარჩენა კი შეუძლებელია“, – ამბობს ანა. 

მისი აზრით, ქალაქი, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული, უფრო მეტად ადაპტირებული უნდა იყოს: „სირცხვილია, როცა ამხელა ქალაქში მხოლოდ სამი სასტუმროა, სადაც ეტლით მოსარგებლეს შეუძლია გადაადგილება. ეს აუცილებლად აისახება ქალაქის იმიჯზე. იმ ფასად, რაც ბათუმში შეიძლება დავხარჯო, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში შემიძლია დავისვენო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ წელს უცხოეთში წავიდე.“

არაადაპტირებული გარემოს გარდა ანა მომსახურების სერვისზეც საუბრობს: „უხარისხო საკვებია კაფეებში, მიმტანები კი არასდროს იღიმიან“.

რამდენად კომფორტულია შშმ პირისთვის ბათუმის ქუჩებში ეტლით გადაადგილება და მისაწვდომია თუ არა მათთვის საზოგადოებრივი ადგილები? – „ბათუმელებმა“ ექსპერიმენტის ჩატარება თომა კაკაბაძესთან ერთად გადაწყვიტა. ის ეტლით მოსარგებლეა და ქალაქში გადაადგილებაც ხშირად უწევს.

პირველი გაჩერება კაფე „ბულანჟერიაა“. თომა კაფეში ეტლით შესვლას დამოუკიდებლად ახერხებს, თუმცა კაფის შიდა ინტერიერი საკმაოდ მოუხერხებელია. „მთავარი მხოლოდ შემოსასვლელი არ არის, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ არის სკამები და მაგიდები განლაგებული, რამდენად მოსახერხებელია მათი მაგიდის სიმაღლე ეტლით მოსარგებლისთვის და ა.შ“, – ამბობს თომა. კაფეში ტუალეტით სარგებლობის უფლება არა თუ შშმ პირებს, საერთოდ არ აქვთ მომხმარებლებს, გარდა ბავშვებისა. „მესმის, რომ ცუდია, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გვაქვს ამის შესაძლებლობა“, – გვეუბნება კაფეს მენეჯერი.

„ბულანჟერიადან“ სასტუმროში გადავინაცვლეთ. „ალიკი“ ეტლით მოსარგებლეებისთვის არაადაპტირებული აღმოჩნდა. „ამას წინათ გვინდოდა ტრენინგის ჩატარება „ალიკში“, მაგრამ ლიფტში ეტლი არ დაეტია, ამიტომ აღარ დავჯავშნეთ. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა და ადაპტირებული უნდა იყოს, წესით“, –  გვეუბნება თომა.

შშმ პირებისთვის უსარგებლო გამოდგა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პრეზიდენტ პალასიც“, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს: „აქ ლიფტზეც აღარ არის საუბარი, რადგან სასტუმროში საერთოდ ვერ შეაღწევ, მაღალი კიბეები აქვს პანდუსის გარეშე“.
საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების მიხედვით, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია შენობა ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გახადოს შშმ პირებისთვის. აჭარის მთავრობა ამ დადგენილების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

შეუძლია ეტლით მოსარგებლეს შენობაში გადაადგილება? – ვეკითხებით კარებთან მდგარ დაცვის წევრს. „არ ვიცი“ – მხრებს იჩეჩავს ის. დაცვას კარების შეღება ვთხოვეთ. შესასვლელში მაღალი კიბეებია და პანდუსი არ ჩანს – მთავრობის შენობა შშმ პირებისთვის შეუღწევადია. თომა ამბობს, რომ მთავრობის შენობაში მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა – „გადაუდებელი შეხვედრა იყო და ხელით ამიყვანეს. ოღონდ ეტლიდან გადმოსვლას არ დავთანხმდი. ისინიც გაწვალდნენ და ჩემთვისაც დამამცირებელია, რადგან რამდენიმე ადამიანის შეწუხება გიწევს, დისკომფორტია და უხერხულად გრძნობ თავს“.

თომა მთავრობის სახლის მოპირდაპირე მხარეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლას შეეცადა. შშმ პირი ცენტრალური შესასვლელით ვერ ისარგებლებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ უსარგებლოა მობილური პანდუსიც, რომელიც შენობის უკანა მხარეს საგანგებოდ გამოიტანეს დაცვის წევრებმა.

თომას ეტლი მობილურ პანდუსზე ვერ გადაადგილდა. პანდუსი არასტანდარტული აღმოჩნდა და იყო გადაყირავების შანსი. „აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ მობილური კი არა, მუდმივი პანდუსი იყოს. ამ შემთხვევაშიც სხვა ადამიანების შეწუხება და დროის დაკარგვა გიწევს“, – ამბობს თომა.

სასამართლოდან თომამ ღია კაფეებთან გაიარა. ტროტუარი მთლიანად ათვისებულია. იმისთვის, რომ ეტლით მოსარგებლე თომას ქუჩის ბოლომდე მიეღწია, კაფეში მსხდომ თითქმის ყველა ადამიანს წამოდგომა მოუწია.

ღია კაფედან გამოღწევის შემდეგ თომას ეტლი პატარა სასტუმროს მიადგა, სადაც საცხოვრებელი ბინებიცაა. შენობაში არც პანდუსი აღმოჩნდა და არც ლიფტი.

ბულვარისკენ გავემართეთ. ადაპტირებულ გასასვლელში მაღალი გამავლობის მანქანები დგას. თომა ვერც ამ გადასასვლელით სარგებლობს. „წარმოიდგინეთ, ამ სიცხეში ეტლით კილომეტრი უნდა გაიარო, რომ ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდე. ადვილია ეს?“

გადასასვლელთან რამდენიმე წუთს კიდევ მოგვიწია შეყოვნება, რადგან ე.წ. „ზებრაზე“ მანქანები არ აჩერებენ.

როგორც იქნა გადავინაცვლეთ ქუჩის მეორე მხარეს და შევედით ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში. ზღვაზე რომ გადახვიდე, შემაღლებული კიბეები უნდა გადალახო. კიბის ორივე მხარეს სადაც ლომის ქანდაკებები დგას, პანდუსის მსგავსი ასასვლელებია. თომას ეტლი ვერც ამ ბარიერს ძლევს. მას მეორე ადამიანის დახმარება დასჭირდა.

კაფე „ტყუპებში“ ეტლით მოსარგებლე უცხოელი ტურისტი შევნიშნეთ. გადაადგილებას ისიც სხვა ადამიანის დახმარებით ახერხებდა. „პირველ სართულზე მეტ-ნაკლებად შეიძლება გადაადგილება. არაუშავს“, – ამბობს თომა. კაფეს მეორე სართულზე ეტლით ასვლა შეუძლებელია.

პლაჟზე სანამ გადავალთ, კიდევ ერთი პანდუსის გავლა გვიწევს. თომა ამ შემთხვევაშიც გადაურჩა ეტლის გადაყირავებას:

„ეტლს აქვს დამცავი რეჟიმი, რომელიც გადაყირავებისგან გიცავს. ის სტანდარტულ პანდუსზეა გათვლილი და შეუფერხებლად ადის, ამ შემთხვევაში დამცავი მაფრთხილებს, რომ არ გავრისკო“, – გვიხსნის თომა ეტლის ფუნქციას. „ალპინიზმით უნდა იყო დაკავებული, რომ ამ პანდუსზე ახვიდე“, – ამბობს თომა და გზას ვაგრძელებთ.

პლაჟზე ერთადერთი ადაპტირებული და სტანდარტული გადასასვლელი კომპანია „ჯეოსელს“ აქვს გაკეთებული. პანდუსით ფეხით მოსიარულეებიც სარგებლობენ და ბავშვის ეტლებიც კომფორტულად გადაჰყავთ. „ეს ერთადერთი პანდუსია, სადაც მობრუნებაც თავისუფლად შეგვიძლია“, – ამბობს თომა.

არაადაპტირებული აღმოჩნდა „შერატონის“ წინ, ბულვარის ზოლზე არსებული გადასასვლელები. ორ ადგილზე დამონტაჟებული რკინის პატარა პანდუსებზე ეტლით დამოუკიდებლად გადაადგილება სახიფათოა. თომას ელექტროეტლი დამოუკიდებლად ვერც ამ პანდუსზე ადის.

რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ეტლი ბათუმის უნივერსიტეტის კიბეებს მიადგა. შენობაში, სადაც ასობით ადამიანი მოძრაობს, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ხელმიუწვდომელია, მხოლოდ ძველ კორპუსში შესვლა შეიძლება და ისიც პირველ სართულზე, მეორეზე ვერ ახვალ.

„არადა, უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს, ვინც ხელმისაწვდომი გარემო უნდა შექმნას“, – ამბობს თომა. გზას ვაგრძელებთ. უნივერსიტეტის გვერდით ახალგაკეთებული ტროტუარებიც არაადაპტირებულია, ამიტომ თომა მანქანების სავალ ნაწილზე მოძრაობს. ქუჩა ქვაფენილიანია და ეტლს გადაადგილება უჭირს. თომა ამბობს, რომ ქვაფენილიან ქუჩაზე ეტლი ზიანდება.

ისევ გადასასვლელი. ავტომანქანები ხმამაღალი შეძახილის – „დაუთმე გზა“ გარეშე „ზებრაზე“ არც ამ შემთხვევაში ჩერდებიან. როგორც იქნა გადავჭერით ქუჩა.

„დავიღალე“, – ამბობს თომა და საუბარს აგრძელებს. „მე ვიცნობ ქალაქს, ვიცი ადგილები, სადაც უფრო ადვილად შეიძლება მოძრაობა და ამის მიუხედავად, მაინც როგორი რთულია დანიშნულების ადგილამდე მისვლა. წარმოიდგინეთ ტურისტი, რომელმაც არ იცის ქალაქი და არ ჰყავს დამხმარე, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება“.

თომა ამბობს, რომ ამ ქალაქში მოხვედრის შემდეგ, როგორც ტურისტს, მეორედ ჩამოსვლის სურვილი აღარ გაუჩნდებოდა.
ბოლო გაჩერება „საქართველოს ბანკია“. თომა ამ ბანკის კლიენტია, თუმცა ცენტრალურ ფილიალში ეტლით გადაადგილება არ შეუძლია.

 


„იცით რა არის კურიოზი? ეს ბანკი ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად გრანტებს გასცემს, მისი ფილიალები კი არაადაპტირებულია“.

ქალაქის ცენტრალურ უბანში რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთის გავლის დროს სულ ორი შენობა შეგვხვდა – საზაფხულო თეატრი და კაფე „ცეროდენა“, სადაც თომას ეტლს დახმარების გარეშე შეეძლო მოძრაობა. თუმცა, პრობლემად რჩება შენობების სველი წერტილები, რომლებიც თითქმის ყველაგან ეტლით მოსარგებლეებისთვის შეუღწევადია.

„ინკლუზიური ტურიზმი მარტო პანდუსებს არ გულისხმობს, ბევრი კომპონენტისგან შედგება. მინის კარებზე აუცილებლად უნდა იყოს ყვითელი ლენტი გაკრული მცირედ მხედველებისთვის, რომ კარებს არ დაეჯახონ, საჭიროა ჟესტების ენის მცოდნე გიდების გადამზადება სმენადაქვეითებული პირებისთვის და ა.შ“, – გვეუბნება თომა.

ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბათუმი მთელ საქართველოში ყველაზე ადაპტირებულ ქალაქად მიიჩნევა. გასულ წელს დეპარტამენტის ხელშეწყობით ქალაქმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Parsa-ს მიერ იყო ორგანიზებული და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეეხებოდა. პროექტის ფარგლებში დამზადდა სოციალური კლიპები და გამოიცა ბროშურები ინკლუზიურ ტურიზმზე სოციალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად. თუმცა, როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ინკლუზიური ტურიზმის განვითარება კეთილი ნებაა და არა ვალდებულება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: