სიახლეები

საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში დასრულდა

21.06.2015 • 1761
საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში დასრულდა

„საინტერესო აღმოჩნდა პიარ-სკოლა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ უფრო ახლოს გავცნობოდი პიარის საფუძვლებს. მე, როგორც ჟურნალისტი არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში პრესსამსახურში ვიმუშაო, ამიტომ ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი“ – გვითხრა ერთ-ერთმა მონაწილემ დიანა თურმანიძემ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები პრაქტიკულ დავალებას გუნდურად ასრულებენ

 

საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ ბათუმის ფილიალის „ჯეპრა ბათუმის“ ორგანიზატორობით ჩატარდა. 5-6 საათიანი ლეციები შაბათ-კვირას მიმდინარეობდა და მოიცავდა საკითხებს პიარის საფუძვლებსა და ორგანიზაციის იმიჯის მართვაში, სიტყვით გამოსვლის ტექნოლოგიისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში, ბრენდინგსა და კრიზისის მენეჯმენტში, ინტერვიუს ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მართვაში, ღონისძიებების მართვასა და პიარ კამპანიების ორგანიზებაში.

ლექციები წაიკითხეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა კახა მაღრაძემ, სოსო გალუმაშვილმა, ზურა ბალანჩივაძემ, ანდრო მეტრეველმა და ნათია სირაბიძემ.

თითოეული ტრენერი თავისი საგნის შესაბამისად წამოჭრიდა პრობლემას, რომლის ირგვლივაც გუნდურად დაყოფილი მსმენელები მის გადაწყვეტაზე მუშაობდნენ, შემდეგ კი პრეზენტაციის სახით წარადგენდნენ აუდიტორიის წინაშე.

„ყველა ორგანიზაციისთვის აუცილებელია ისეთი თანამშრომლის ყოლა, ვინც მიჩვეულია გუნდურად მუშაობას. საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ჩვენი მსმენელები მიგვეჩვია გუნდურად მუშაობას“ – განუცხადა „ბათუმელებს“ „ჯეპრას“ საზაფხულო სკოლის კოორდინატორმა ბათუმში სოფო ლორთქიფანიძემ.

სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ბოლო დღეს პრაქტიკული დავალებები შაასრულეს. ტრენინგი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატში ჩატარდა და მას „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე უძვებოდა.

კახა მაღრაძე – პიარისა და მარკეტინგული ორგანიზაცია ”ჯეპრას” უფროსი პარტნიორი

„საზაფხულო სკოლას ესწრებოდნენ ძირითადად პრაქტიკოსი ადამინები, ვინც მოშაობენ პიარის ან მარკეტინგული კომუნიკაციების კუთხით სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, ბიზნეს ორგანიზაციებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათი შეფასებებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ჩვენი კურსი დაეხმარა ყველა სტუდენტს, მათი ცოდნის სისტემატიზაციასა და აკადემიური კუთხით საზოგადოებასთან ურთიერთობის დანახვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ლექციები, რომლებიც პიარკამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას ეხებოდა, რისი პრაქტიკა ნაკლებადაა ჩვენთან დანერგილი“ – თქვა კახა მაღრაძემ.

სოფო ლორთქიფანიძის თქმით, კომპანია სამომავლოდაც გაგმავს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას სხვა მიმართულებებითაც.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: