სიახლეები

რა შეიცვალა ყოფილი პრივატბანკის კლიენტებისთვის

21.06.2015 • 5638
რა შეიცვალა ყოფილი პრივატბანკის კლიენტებისთვის

 

„საქართველოს ბანკში“ მითხრეს, რომ ზუსტად იმავე პირობებით მომცემდნენ მათ ბარათს, რა პირობებითაც ვსარგებლობდი „პრივატბანკის“ ბარათით. ავიღე „ექსპრეს ქარდი“, გავანაღდე 100 ლარი და თუ „ტაოს“ დროს ზედმეტ 4 ლარს ვიხდიდი, ახლა ეს თანხა 5,9 ლარია. თუ იმავე პირობებით ცვლიან, რატომ გამიზარდეს საპროცენტო განაკვეთი გამოყენებულ თანხაზე და რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი თანხა ბარათით შესყიდვის დროს? ეს სერვისი ადრე უფასო იყო“, – ამბობს რესპონდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ე.წ. „მარწყვი ბარათი“ „საქართველოს ბანკის“ ბარათით შეცვალა.

არიან ადამიანები, ვისაც რამდენიმე წლის წინ ორგანიზაციებმა გაუხსნეს სახელფასო ანგარიშები „ტაო ბანკში“, არ უსარგებლიათ ამ ანგარიშებით, ახლა კი უკავშირდებიან „საქართველოს ბანკიდან“ და ეუბნებიან, რომ აქვთ დავალიანება. უნდა გაეფრთხილებინა თუ არა „ტაო ბანკს“ ასეთი კლიენტები, რომ დავალიანება უგროვდებოდათ? დგება თუ არა ამ შემთხვევაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და რა მიდგომა აქვს ასეთ კლიენტებთან „საქართველოს ბანკს“? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებმა“ პასუხი ბანკისგან ვერ მიიღო.

„კონკრეტულ ქეისებს რაც შეეხება, კორპორატიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება საჯაროდ ვისაუბრო კონკრეტული ადამიანის შემთხვევაზე. მომწერეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და აუცილებლად გადავცემ შესაბამის დეპარტამენტს, სადაც დეტალურად გაარკვევენ ყველაფერს.

რაც შეეხება კლიენტთა ინფორმირებას – საქართველოს ბანკის საიტზე თავიდანვე იდო და დევს ყველანაირი ინფორმაცია პროდუქტებზე, რამაც შეიძლება მომხმარებელი დააინტერესოს. ასევე სატელეფონო ცენტრი და საქართველოს ბანკის სერვისცენტრის ყველა თანამშრომელი ამომწურავ ინფორმაციას აძლევს მომხმარებელს მისთვის საინტერესო საკითხზე. ნებისმიერი კითხვის დროს მომხარებელს შეუძლია დარეკოს 2444 444-ზე და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ან მიმართოს საქართველოს ბანკის სერვისცენტრს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხათუნა კაკაბაძემ.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღო ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც ადრე „ტაო პრივატ ბანკის“ „გოლდ ბარათით“ სარგებლობდა: „ბარათი შევავსე და ბანკის თანამშრომლებს ვთხოვე გაეუქმებინა. მითხრეს, თუ არ გამოვიყენებდი ავტომატურ რეჟიმში გაუქმდებოდა. ბანკების გაერთიანების შემდეგ საქართველოს ბანკიდან დამირეკეს, რამდენიმე თეთრი დავალიანება გაქვთ ბარათზე და დაფარეო… როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ადრე დაფარული ტაო პრივატბანკის ბარათზე… ერთი დღის განმავლობაში საქართველოს ბანკში ოპერატორთან დავალიანება დავფარე და მეორესთან გადავედი ანგარიშის გასაუქმებლად. აღმოჩნდა, რომ თურმე უფრო მეტი მქონია დავალიანება. მიუხედავად მოთხოვნისა – რის თანხას ვიხდიდი, პასუხი ვერ მივიღე. რამდენიმე საათი დავკარგე, გადავიხადე რასაც ე.წ. პროგრამა აჩვენებდა და მოვითხოვე წერილობით მოეწოდებინათ ინფორმაცია, რისი თანხა გადამახდევინეს, რაზეც მიპასუხეს, ჩვენ მსგავსი სერვისი არ გვაქვსო. რამდენიმე დღეში დამირეკეს _ თქვენი ანგარიში გაუქმებულია და საბუთებს ხელი მოაწერეთო. მოვაწერე საბუთებს ხელი ანგარიშის გაუქმებაზე და რამდენიმე დღეში მომდის შეტყობინება – თქვენი ანგარიში არ დაიხურა, გთხოვთ, მიმართოთ ნებისმიერ სერვისცენტრს. რა თქმა უნდა, არ მივსულვარ, არც არაფერი მომიკითხია, მაგრამ არც არანაირად არ ვარ დაზღვეული, აქტიური და არსებული „ამექსი“ ბარათიდან არ ჩამომაჭრიან თანხას“.

მთავარი, რასაც „საქართველოს ბანკი“ სთავაზობს იმ მომხმარებელს, ვისაც „პრივატბაკში“ ჰქონდა საკრედიტო ბარათები და შესაბამისად დავალიანება, არის ის, რომ ამ სესხის ვადას გაუგრძელებენ. „საქართველოს ბანკი, ისევე როგორც სხვა დროს, სთავაზობს მათ სესხის რესტრუქტურიზაციას. ეს ნიშნავს: სესხის ვადის გაგრძელებას, ყოველთვიურად გადასახადი თანხის შემცირებას, სესხის თანხის გადანაწილებას და ა.შ.“ – გვიპასუხეს „საქართველოს ბანკიდან“.

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთ კლიენტს საერთოდ „გაუნულდა“ სესხი, რომელსაც „პრივატბანკში“ წლების განმავლობაში ვერ იხდიდა, ბანკში აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენი ინფორმაციით, კლიენტებს, რომლებსაც ხელფასი ერიცხებოდათ „საქართველოს ბანკში“ და დავალიანება ჰქონდათ „პრივატბანკში“, მათ „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშები „გაუყინა“ „საქართველოს ბანკმა“.

„როდესაც მომხმარებელს აქვს საკრედიტო დავალიანება, ამ დავალიანებაზე ვადაგადაცილების შემთხვევაში, პროცენტი იფარება კლიენტის ანგარიშიდან, მათ შორის სახელფასო ანგარიშიდანაც. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს ვადაგადაცილებული თანხის გადახდას, ბანკი სთავაზობს ვალდებულებების რესრუქტურიზაციას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“, რომელიც თავის ვებგვერდზე „პრივატბანკის“ კლიენტებს აფრთხილებდა, რომ შერწყმის შემდეგ მათ მოემსახურებოდნენ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში და დისტანციური არხებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურა და საბანკო პოლიტიკა განსხვავდებოდა „პრივატბანკში“ არსებულისგან, მათი საბანკო მომსახურება განხორციელდებოდა გარკვეული პირობების გათვალისწინებით (რომელიც ასევე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე).

„თუ არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, უფლებამოსილი ხართ, აღნიშნული საფუძვლით, შერწყმიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ან შერწყმამდე, შეწყვიტოთ შესაბამისი საბანკო მომსახურება იმ პირობით, რომ არ გაგაჩნიათ რაიმე სახის შეუსრულებელი ან/და შესასრულებელი ვალდებულება „პრივატბანკის“ თუ „საქართველოს ბანკის“ მიმართ“ – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.

„პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკს“ მიმდინარე წლის 11 მაისს შეერწყა. აქედან გამომდინარე ყოფილი „პრივატბანკის“ კლიენტებს, რომლებისთვისაც არ არის მისაღები „საქართველოს ბანკის“ მომსახურების პირობები, შეუძლიათ 2015 წლის 11 ივლისამდე შეწყვიტონ ხელშეკრულება.

შერწყმიდან 60 კალენდარული დღის შემდეგ (ანუ, 2015 წლის 11 ივლისიდან) „პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების პლასტიკურ ბარათებზე არსებულ დადებით ნაშთზე შეწყდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა;

ამასთან, პლასტიკური ბარათებიდან თანხის განაღდების საკომისიო განისაზღვრება მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული პირობებით; ხოლო „პრივატბანკის“ სახელფასო პროგრამის ფარგლებში გაცემული საბანკო ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებზე იმოქმედებს „საქართველოს ბანკში“ დადგენილი შეღავათიანი ტარიფი და „საქართველოს ბანკის“ მიერ დადგენილი სხვა სტანდარტული პირობები, რომლებიც ასევე მოცემულია ბანკის ვებგვერდზე.

მომხმარებლებს, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციებში, რომლებსაც „ტაო პრივატ ბანკი“ ემსახურებოდა, ჩვენი ინფორმაციით, სახელფასო ბარათების დამზადებაში „საქართველოს ბანკი“ 55 ლარს სთხოვს. კითხვაზე, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? „საქართველოს ბანკიდან“ გვიპასუხეს: „საქართველოს ბანკი გასცემს სხვადასხვა ტიპის სადებეტო ბარათებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული ღირებულება. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სახელფასო ბარათის ტიპი. ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს აქცია „ექსპრესბარათი“ და მომხარებელს საშუალება აქვს აქციის ფარგლებში სრულიად უფასოდ აიღოს ექსპრესქარდი“.

ბანკის ვებგვერდის მონაცემებით ეს აქცია 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშების მომსახურება უფასოა ბანკების შერწყმიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ 11 ივლისამდე. შემდეგ იმოქმედებს „საქართველოს ბანკში“ დადგენილი სტანდარტული ტარიფები. თუმცა, შერწყმის მომენტიდან, ანუ 11 მაისიდან, „პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების საკრედიტო ბარათებზე ჯარიმის დარიცხვის მეთოდი და მოცულობა უკვე „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული პირობებით განისაზღვრება.

ბანკების შერწყმის მომენტიდან გაუქმებულია „პრივატბანკის“ ყველა ნულოვანი ნაშთის მქონე ანაბარი. შერწყმის მომენტიდან შეწყვეტილია ასევე „პრივატბანკის“ პირობებით არსებული არაერთი მომსახურება – ეს ეხება ფულად გზავნილებს, დისტანციურ მომსახურებებს, ანაბრებს, ინკასაციას და განვადებებსაც კი.

მაგალითად, პრივატბანკის „სტანდარტული განვადების“ პარტნიორებს, რომლებიც შერწყმის მომენტისთვის სარგებლობდნენ `საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით, შერწყმის მომენტისთვის შეუწყდათ „პრივატბანკის“ „სტანდარტული განვადებით“ სარგებლობა და სარგებლობენ `საქართველოს ბანკის~ განვადების სერვისით; „სტანდარტული განვადების“ იმ პარტნიორებს კი, რომლებიც შერწყმის მომენტისთვის არ სარგებლობდნენ „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით, „საქართველოს ბანკი“ უკვე მის მიერ დადგენილი სტანდარტული პირობებით ემსახურება.

შერწყმის მომენტიდან „პრივატბანკის“ მომსახურება – „სტანდარტული უპროცენტო განვადება“ საერთოდ შეწყდა, ხოლო პარტნიორებს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, შეუძლიათ ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით.

გადაბეჭდვის წესი