Batumelebi | რატომ ვერ დახარჯა ფული მთავრობამ რატომ ვერ დახარჯა ფული მთავრობამ – Batumelebi
RU | GE  

რატომ ვერ დახარჯა ფული მთავრობამ

 

აჭარის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ვერ შესრულდა. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გაწერილი ხარჯებიდან 6 656 200 ლარი ვერ აითვისეს, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საგანგაშო არ არის. მთავრობის მაკონტროლებელი უმაღლესი საბჭო კი, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენას არ ჩქარობს, რომელიც ხარჯვით ნაწილში ასევე შეუსრულებელი დარჩა. 

 

„პირველ კვარტალში 83 პროცენტია შესრულება, რაც ცუდ მაჩვენებლად არ უნდა ჩაითვალოს. სატენდერო პროცედურები, მუნიციპალიტეტების დაფინანსების თავისებურება და სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ეს შეუსრულებლობა არაა ისეთი ჩამორჩენა, რომ რაღაც განსაკუთრებული მსჯელობა გაიმართოს. მომდევნო პერიოდში დავძლევთ“, – განაცხადა  „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რამაზ ბოლქვაძემ.

 

სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2015 წლის სამ თვეში აჭარის ბიუჯეტიდან 40 600 500 ლარი უნდა დახარჯულიყო, ფაქტობრივად კი, 33 944 300 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 83,6 პროცენტია.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ წელსაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, მაგრამ, მთლიანობაში, სერიოზული პრობლემა არ შექმნილა. ზოგიერთი ეკონომისტი კი მიიჩნევს, რომ როცა ფულის ხარჯვა დაგეგმილი გრაფიკით ვერ ხერხდება, შეცდომა ან დაგეგმვაშია დაშვებული, ან საშემსრულებლო პოლიტიკაა გადასახედი, რასაც არ ეთანხმებიან სამინისტროში.

 

„ტენდერი როცა ცხადდება, ის ყოველთვის დადებითი შედეგით არ სრულდება. ზოგჯერ  გვყავს გამარჯვებული, მაგრამ პროექტის განხილვა, გარკვეული პროცედურები შეიძლება გაგრძელდეს, გადავადდეს ან შედეგები გაუქმდეს და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი. ძირითადად, ამის გამო არ არის თანხები ათვისებული“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

 

ბიუჯეტიდან პირველ კვარტალში მათთვის გამოყოფილი (მათ შორის პროგრამული ღონისძიებებისთვის) თანხა აჭარის ვერც ერთმა სამინისტრომ ვერ აითვისა. უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ, მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილზე დაახლოებით 1,6 მილიონი ლარით ნაკლები ღონისძიებები დაფინანსდა.

 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარის მთავრობამ და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა  გამოყოფილი თანხის 78,4 პროცენტი აითვისეს.

 

ბათუმის სტადიონის პროექტის პაკეტების გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში [ფოტო თედო ჯორბენაძე]

 

 2015 წლის პირველ კვარტალში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ღონისძიების ფაქტობრივმა დაფინანსებამ დაგეგმილზე 1,4 მილიონით ნაკლები შეადგინა; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა ორგანიზაციებმა დაგეგმილზე 837 ათასი ლარით ნაკლები აითვისეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მისთვის სამ თვეში გამოყოფილი ასიგნებებიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ვერ გახარჯა. 

 

იმ ფონზე, როცა აჭარის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ სრულდება, შემოსავლები  იზრდება. სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსავლები განისაზღვრა 37 938 500 ლარით, ხოლო შესრულებამ შეადგინა 44 857 700 ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 118,2 პროცენტით; პირველი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 84,7 პროცენტი (37 984 400 ლარი), მოდის გადასახადებზე, რაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს.

 

სხვა შემოსავლებში კი აღსანიშნავია, რომ საკმაოდ გაიზარდა ჯარიმების, სანქციებისა და საურავების შედეგად ბიუჯეტში თანხის მობილიზება. პირველ კვარტალში დაგეგმილი 18 ათასი ლარის ნაცვლად, აჭარის ბიუჯეტში 79,2 ათასი ლარი შევიდა, ანუ გეგმის 440 პროცენტი;  

 

„შემოსავლების ზრდა განპირობებულია იმით, რომ საკმაოდ აქტიურობს არასაბიუჯეტო სექტორი“, _ ამბობს რამაზ ბოლქვაძე.

 

შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა გასულ წელსაც. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა 156 705 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა შესრულდა 111,5 პროცენტით. რაც შეეხება გასული წლის ხარჯებს _ გეგმის მხოლოდ  93,3 პროცენტი შესრულდა.

 

აჭარის ბიუჯეტიდან, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი, მოქალაქეებს შარშან უკან დაუბრუნდათ 8,8 მილიონი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი, დასაბრუნებელი 10 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

 

2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დღემდე არ მოუსმენია აჭარის უმაღლეს საბჭოს. საბჭოს წევრებმა ჯერ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან ანგარიშის მოსმენა არ ისურვეს, ხოლო მაშინ, როცა მინისტრი მივიდა საკანონმდებლო ორგანოში, ქვორუმი არ შედგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე