Batumelebi | რატომ გახდა სადაო სპეციალური მასწავლებლის შერჩევა რატომ გახდა სადაო სპეციალური მასწავლებლის შერჩევა – Batumelebi
RU | GE  

რატომ გახდა სადაო სპეციალური მასწავლებლის შერჩევა

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“-მ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ბათუმის რესურსცენტრს,  მიმდინარე წლის 25 აპრილს, მე-14 საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, კონკურსის ჩატარების დროს  კონკურსის ჩატარების წესები და პირობები დაიღვა.  

 

 „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, განცხადებით მიმართა კონკურსის ერთ-ერთ მონაწილემ, ნათია ჩხობაძემ. რომელმაც განაცხადა რომ მის მიმართ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც სკოლას მისთვის დადგენილი წესით არ უცნობებია.

 

კერძოდ, 2015 წლის 25 მარტს, სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 3 კონკურსანტი: ნათია ჩხობაძე, ნარგული ბოლქვაძე და ლიანა თოდრია. ნათია ჩხობაძემ დააგროვა 257 ქულა, ნარგული ბოლქვაძემ 189 ქულა, ლიანა თოდრიამ კი 249 ქულა. კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მასწავლებლებად შერჩეული იქნა ლიანა თოდრია.

 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის საკონკურსო კომისიის წევრებმა კონკურსანტები განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით (წინასწარ მომზადებული კითხვარების საფუძველზე) მათი თეორიული ცოდნის, გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შეაფასეს.

 

კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით (ოთხი ერთი წინააღმდეგ) სპეციალური მასაწავლებლის თანამდებობაზე შერჩეული იქნა ლიანა თოდრია, რადგან, როგორც კომისიის 25 მარტის ოქმშია აღნიშნული აღნიშნული, ,,მას ჰქონდა პედაგოგიური მუშაობისა და სპეციალურ მოსწავლეებთან 28 წლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა აღნიშნული სკოლის კოლექტივში’’.

 

რაც შეეხება კომისიის ერთი წევრის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის წევრის ელზა ლორიას აზრს, მან უპირატესობა მიანიჭა კონკურსის მონაწილეს ნათია ჩხობაძეს, ,,იმ მოტივით, რომ მან გამოავლინა ღრმა თეორიული ცოდნა ინკლუზიური განათლების საკითხებში. უმაღლესი ქულით უპასუხა ყველა შეკითხვას, გავლილი ჰქონდა სპეცილური მასწავლებლის ტრენინგები, ჰქონდა სპეციალური მასაწავლებლის მუშაობის სამთვიანი გამოცდილება, განათლებით იყო ფსიქოლიგი, გავლილი ჰქონდა ბაკალავრის 4 წლიანი წკურსი და თვლიდა, რომ ის უკეთ მოემსახურებოდა სპეციალურ მოსაწავლეებს სკოლაში, როგორც სპეციალური მასწავლებელი”, – აღნიშნულია ოქმში.

 

როგორც აღვნიშნეთ, პოზიციაზე ლიანა თოდრია შეირჩა, თუმცა მოგვიანებით, ჩვენთვის უცნობის მიზეზების გამო, იმავე პოზიაციაზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. საკონკურსო განაცხადში მითითებული იქნა, რომ კონკურსი ჩატარდებოდა მხოლოდ ტესტირების ფორმით. აღნიშნული გარემოებები კი არაერთ კითხვას აჩენს კონკურსის ჩატარებასთან და შედეგებთან დაკავშირებით.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 20 აპრილს გამართულ კონკურსზე, რომელიც ტესტირების ფორმით ჩატარდა და რომელსაც ესწრებოდნენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელები. ტესტირებას კომისიის მხოლოდ 2 წევრი ესწრებოდა. აღსანიშნავია, ტესტირების მიმდინარეობისას წევრებმა კონკურსანტების მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება გამოავლინეს, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატა.

 

ღნიშნული კონკურსების ჩატარების დროს, დაცული არ ყოფილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის დირექტორის 2015 წლის 11 მარტის  #01-03/11 ბრძანების იმპერატიული მოთხოვნები კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ. კერძოდ, ობიეუქტურობა, საჯაროობა, კოლეგიალურობა, გამჭვირვალობა და კორექტულობა. ასევე კონკურსის ჩატარების დროს და შემდგომ ადგილი ჰქონდა პროცედურული საკითხების დარღვევას.

 

მივიჩნევთ, რომ კონკურსის ჩატარების მიზანი  –  კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებ­ლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება, აგრეთვე კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო­ბე­ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ­თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა უნდა იყოს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საჯარო სკოლაში, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა და ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ზიანი არ მიადგეს მისი საქმიანობის ხარისხს, საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები ან ნეგატიური დამოკიდებულება მიმდინარე კონკურსების მიმართ, არ წარმოიქმნას ნეპოტიზმის რისკები და არ მოხდეს პოზიციისთვის შეუსაბამო პირების დანიშვნა.

 

„ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია, რომ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ყველა პირს, განსაკუთრებით სკოლის ადმინისტრაციას, სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული კონკურსის ჩატარების დროს თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა“- ნათქვამია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში, მოგმართავთ, თხოვნით რათა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოითხოვოთ მასალები და ინფორმაცია ან ადგილზე შეისწავლოთ #14 საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულება, კერძოდ კი 2015 წლის 25 მარტსა და 20 აპრილს ჩატარებული კონკურსების კანონიერება.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"