მთავარი,სიახლეები

ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო

22.11.2017 • 3581
ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესით, იძულებით ქონების ჩამორთმევას დაექვემდებარა:

[checklist]

  • უძრავი ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, რომლის მესაკუთრეა გოგიტა ბერიძე. საექსპროპრიაციო ფართობია 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები.
  • უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მნათობში [მე-4 ქუჩა, № 8]. თანამესაკუთრეები: ილია პარასკევოპულო, ირინა პარასკევოპულო, მარია პარასკევოპულო, მილია პარასკევოპულო, ქრისტინა პარასკევოპულო. საექსპროპრიაციო ფართობია 2502 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები და ნარგავები.

[/checklist]

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეებს. მესაკუთრეებს ასევე განემარტათ, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ბრძანება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნდა.


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს.

ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე ექსპროპრიაციას დაექვემდებარა მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიის უძრავი ქონება [მიწა, შენობა, ნარგავები].

მთავარი ფოტო: სამუშაოები მახინჯაური-ჩაქვის გვირაბთან / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: