სიახლეები

როგორ დავამარცხე საკუთარ თავში ქსენოფობი

20.04.2015 • 1800
როგორ დავამარცხე საკუთარ თავში ქსენოფობი

 

თავის ესეში ბესო ხოზრევანიძე იმაზე წერს თუ როგორ დაამარცხა საკუთარ თავში ქსენოფობი. ბესოს ესეს სრულად  ვაქვეყნებთ:

 

,,სანამ ადამიანის სულში არ შეაღწევ მანამ ნუ განსჯი“,  – დაახლოებით ერთი წლის წინ მეგონა ამ ფრაზის მნიშვნელობა მესმოდა, სინამდვილეში მეც ქსენოფობიით სავსე ბრბოს ,,ღირსეული” წარმომადგენელი ვიყავი და ისევე როგორც ამ ბრბოს თითოეულ წევრს, მეც მაწუხებდა ,,ციგნების თავხედობა“. ვღიზიანდებოდი, როდესაც ქუჩაში არხეინად მოსიარულეს მეგობრებთან ერთად, მოწყალებას მთხოვდა „ყველასათვის ცნობილი, თავხედი ციგანი“, რომელსაც  სალანძღავი სიტყვებით ,,ვამკობდი“ და რა თქმა უნდა, ბოშაც აგრესიით მპასუხობდა. მისი დამცირების შემდეგ მედიდურად მივაბიჯებდი მეგობრებთან ერთად და ვამაყობდი, რომ მე ეს გავაკეთე.

 

ბესო ხოზრევანიძე
ბესო ხოზრევანიძე

წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუ როგორ შეეძლო ბოშას ჩემნაირად ეფიქრა, რამე ეგრძნო ან საერთოდ რაიმეთი ჩემნაირი ყოფილიყო. მე ვიცოდი და ამაში საკმაოდ მყარად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველა ბოშა თავს გამოძალვით ირჩენდა.

 

ერთი წლის წინ მეგობრის თხოვნით გავწევრიანდი ,,ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში“, რომელიც მისვლის დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. იქ არსებული გარემო მაგრძნობინებდა, რომ აქ ყველას უანგაროდ უყვარდა ერთმანეთი, ეს არის ერთი არცთუ ისე პატარა ოჯახი, სადაც ყოფნა არასოდეს მბეზრდება. ერთ-ერთი აქტივობა  ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  16 ნოემბერს უნდა წავსულიყავით სკოლაში სადაც ბოშები სწავლობდნენ. გამიკვირდა, ბოშა შეიძლება სწავლობდეს?! ამიტომ, გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ აქტივობაში.    

 

როცა საკლასო ოთახში შევედით ყველა გაჩერდა და მორცხვად იყურებოდნენ, ცოტა უცნაირად მეჩვენა ბოშების მსგავსი საქციელი, მაგრამ შევეცადე გაოცება დამემალა.  ცოტა ხნის შემდეგ მასწავლებელმა მათ სთხოვა ,,ბოშური“ ეცეკვათ და ისინიც ღიმილით დათანხმდნენ. ისინი ცეკვავდნენ ენერგიულად და ვხედავდი, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. უცებ უკნიდან ვიღაცა ნაზად მირტყამდა ზურგზე ხელს, შევცბი და სწრაფად მოვიხედე, ჩემს უკან პატარა გოგონა იდგა აციმციმებული თვალებით და მიყურებდა, მორიდებით მკითხა: ,,შეიძლება შენთან სურათი გადამიღოს იმან?“ (მიმითითა ჩემს მეგობარზე რომელსაც ფოტოაპარატი ეჭირა). ცოტა დავიბენი, მაგრამ სწრაფად ვუპასუხე რა თქმა უნდა მეთქი, მეგობარს ვთხოვე ფოტო გადაეღო და დავიხარე პატარა გოგონასკენ, მან ხელები კისერზე მომხვია, ისე მაგრად, ისე მაგრად, თითქოს მისი ახლო ნათესავი ვიყავი, რომელიც დიდი ხანი არ ენახა.

 

იმ მომენტში მისგან იმხელა  სითბო ვიგრძენი, ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყვება… ის  ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გვერდიდან არ მომშორებია, მოჰყავდა თავის მეგობრებს და მაცნობდა, მეც ღიმილით ვეცნობოდი. წამოსვლისას გოგონამ მკითხა: ,,კიდე ხომ მოხვალ?“  მეც დაუფიქრებალდ ვუპასუხე: ,,რათქმაუნდა, რა მოგიტანოთ?“, შერცხვა და მიპასუხა: ,,ზღაპრები  ოღონდ ნახატები, რომ აქვს“. გოგონას დავპირდი, რომ ,,ნახატებიან ზღაპრებს“ მოვუტანდი და თბილი ჩახუტების შემდეგ დავემშვიდობე.

 

ეიფორიაში ვიყავი, ჩემს გონებაში გადატრიალება მოხდა, მინდოდა იქ კიდევ დავბრუნებულიყავი და იმ გოგონასთვის ბოდიში მომეხადა, მომეხადა იმისთვის, რასაც მე მათზე ადრე ვფიქრობდი. მე მივხვდი, რომ ჩემდამი მათი აგრესია ისევ და ისევ ჩემი ბრალი იყო, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, მათაც შეუძლიათ სიყვარული, ისინიც ცდილობენ იყონ კარგები და არიან კიდეც. ყოველი ბოშას დანახვისას ქუჩაში ის გოგონა მახსენდება, როცა ფულს მთხოვენ მოკრძალებით ვეუბნები უარს არქონის შემთხვევაში, მართალია ამის გამეორება შეიძლება რამდენიმეჯერ მომიხდეს,  მაგრამ ბოლოს მაინც სევდიანი თვალებით შემომხედავენ და მიდიან. ამის შემდეგ მაქსიამლურად ვცდილობ დავიცვა უმცირესობების უფლებები, რაშიც ეს პროექტი მეხმარება და დარწმუნებული ვარ დიდი თუ მცირე ძვრებით, შევქმნით  ასე თუ ისე სრულფასოვან თემს.

 

ჩვენ  კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ბოშებს და, რათქმაუნდა, ჩვენ პატარა გოგონასა და მის თანატოლებს ,,სურათებიამი ზღაპრები“ მივუტანეთ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: