მთავარი,სიახლეები

გამამართლებელი განაჩენი თაღლითობის საქმეზე, სადაც დაზარალებული ჰესის მშენებარე კომპანია იყო

21.11.2017 • 2454
გამამართლებელი განაჩენი თაღლითობის საქმეზე, სადაც დაზარალებული ჰესის მშენებარე კომპანია იყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია მირიან ბოლქვაძე, რომელსაც პროკურატურა თაღლითობას ედავებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

თაღლითობის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“. ეს კომპანია აშენებს „შუახევი ჰესს“. გამოძიების ვერსიით, მოქალაქემ თაღლითური გზით სცადა კომპანიის ქონების დაუფლება.

საქმის მასალების მიხედვით, კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის მირიან ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დასჭირდა ხულოში. საკომპენსაციო თანხის მისაღებად ხელშეკრულება მირიანის მამასთან გაფორმდა, რომელიც საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვამდე გარდაიცვალა.

„ამის შემდეგ მივიდა კომპანიაში მირიანი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციით, რომ ის იყო პირველი რიგის მემკვიდრე,“ – გვიყვება ადვოკატი რამინ პაპიძე, – „კომპანიამ კომპენსაციით გათვალისწინებული თანხა – 12 500 ლარი მირიანს გასული წლის 5 დეკემბერს ჩაურიცხა, თუმცა 17 დეკემბერს კომპანიიდან დაურეკეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და უთხრეს, რომ შეცდომით დაურიცხეს თანხა, რადგან კომპენსაცია მამის ანგარიშზე უკვე დარიცხული იყო. მირიანს ამ დროისთვის ფული დახარჯული ჰქონდა და კომპანიას ვალის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.“

პროკურატურის მტკიცებით, როცა კომპანიამ კომპენსაცია ჩაურიცხა მირიანის მამას, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მირიანი კომპანიაში მივიდა და თანხის ხელახლა ჩარიცხვა მოითხოვა იმ პირობით, რომ 6 თვეში მემკვიდრის სტატუსს მიიღებდა და მამის ანგარიშზე ჩარიცხულ კომპენსაციას უკან დააბრუნებდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე თაღლითობის ფაქტი არ დაადასტურა. ადვოკატის განმარტებით, შესაძლებელია დაზარლებულმა კომპანიამ იდავოს სასამართლოში სამოქალაქო წესით და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, მაგრამ შეუძლებელია თაღლითობის დადგენა, რადგან კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხა დახარჯა მოქალაქემ და თაღლითური გზით მისი მითვისება არ მომხდარა.

კომპანიაში „აჭარისწყალი ჯორჯია“ გვითხრეს, რომ კომპანიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: