მთავარი,სიახლეები

სომხეთის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების წესს აპროტესტებენ

16.11.2017
სომხეთის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების წესს აპროტესტებენ

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. ისინი 2005 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში და „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მუშაობენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2015 წელს კანონი მიიღო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, ჯავახეთში მცხოვრებმა სომხეთის მოქალაქეებმა ახალქალაქის გამგეობას მიმართეს –  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად. სტატუსი სხვადასხვა სახის სოციალურ და საგადასახადო შეღავათით სარგებლობას გულისხმობს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა დასახლება მოექცა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში, მაგრამ ახალქალაქის გამგებელმა სომხეთის მოქალაქეებს უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე იმ მიზეზით, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს მოქალაქეობის ქონა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიიღო.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც თანასწორობის უფლებაა გარანტირებული. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. 

„გაუგებარია, რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვას მაღალმთიან რეგიონებში შეღავათებით სარგებლობის უფლება მისცეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს. მაშინ, როცა, როგორც უკვე ზემოთაც აღინიშნა, ზოგადად კანონის დეკლარირებული მიზანი არის შეღავათების დაწესება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნულია სომხეთის მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: