მოქალაქე ინეზა ბერიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს შეცდომის გამო ისჯება. რამდენიმე დღის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან წერილი მიუვიდა, სადაც წერია, რომ მისი ანგარიშები დაყადაღდება, თუკი სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხას დროულად არ გადაიხდის. ინეზა ბერიძეს ბანკის ქვითარი აქვს, რითაც დასტურდება, რომ სადავო თანხა გადახდილი აქვს.
ინეზა ბერიძე ქედაში ცხოვრობს. მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სახელმწიფო მას ყოველ თვეში 100 ლარს ურიცხავდა, როგორც მაღალმთიანეთში მცხოვრებ ოჯახს. 2017 წლის თებერვალში ინეზას სოციალური მომსახურების სააგენტომ შეცდომით ჩაურიცხა 100 ლარი, რადგან მისი შვილი ამ დროს უკვე ერთი წლის გახდა და სახელმწიფოსგან კუთვნილი 100 ლარი აღარ ერგებოდა.
„სააგენტოდან ივნისში მივიღე შეტყობინება, რომ შეცდომით ჩამირიცხეს 100 ლარი და ეს ფული უნდა დავაბრუნო. იმ წუთში ფული არ მქონდა და თანხა 2 აგვისტოს დავაბრუნე. რამდენიმე დღის წინ კი, აღსრულებიდან წერილი მივიღე, რომ 150 ლარი მაქვს დასაბრუნებელი,“ – გვიყვება ინეზა ბერიძე.
აღსრულების ფურცლიდან ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სასამართლოს ქედის მაგისტრატ მოსამართლეს მიუღია. მოქალაქე ამბობს, რომ ის სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ მოქალაქეს შეცდომით ჩაურიცხეს 100 ლარი, მაგრამ მოქალაქეს ჯერ მარტში, ხოლო შემდეგ ივნისში გაუგზავნეს შეტყობინება თანხის დაბრუნების აუცილებლობაზე. ხელვაჩაურის სასამართლოს სააგენტომ ივლისში მიმართა, ინეზა ბერიძემ კი 100 ლარი 2 აგვისტოს დააბრუნა.
რატომ არ გამოითხოვა სარჩელი სააგენტომ, როცა სახელმწიფო ხაზინაში ინეზა ბერიძის მიერ დაბრუნებული 100 ლარი გამოჩნდა? – სოციალური მომსახურების საგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სააგენტოს არ აქვს წვდომა ხაზინის ანგარიშზე და თანხის დაბრუნების შესახებ მოქალაქეს პირადად უნდა ეცნობებია სააგენტოსთვის. სააგენტოს განმარტებით, მოქალაქეს 100 ლარი გადახდილად ჩაეთვლება, ხოლო 50 ლარი სასამართლოს ბაჟის ფულია.
ინეზა ბერიძე 50 ლარის გადასახდელად აღსრულების ეროვნულ ბიუროში დღეს, 15 ნოემბერს მივიდა, საიდანაც სოციალური მომსახურების სააგენტოში გააგზავნეს. სააგენტოდან მოქალაქეს ისევ აღსრულების ბიუროში დაბრუნება ურჩიეს, სადაც აღმასრულებელთან – ხატია შანიძესთან ვერც შეხვედრა მოახერხა და ვერც ტელეფონით დაკავშირება. ხატია შანიძემ არც „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს უპასუხა ტელეფონის იმ ნომერზე, რაც აღსრულების ფურცელშია მითითებული, როგორც საკონტაქტო ინფორმაცია.
„აღსრულების ბიუროს ოპერატორმა თავდაპირველად მითხრა, არ ჩანს 100 ლარი რომ გადახდილი გაქვსო, არადა ბანკის ქვითარი ვაჩვენე, სადაც დანიშნულებაში პირდაპირ წერია, რისთვის გადავიხადე თანხა. მითხრა, რომ სააგენტოდან უნდა მივიტანო წერილი. სააგენტოში მივედი, მაგრამ იქ მითხრეს, ჩვენგან არაფერია საჭირო აღმასრულებელთან მიდიო,“ – აღნიშნავს ინეზა ბერიძე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეს აღმასრულებელი თავად დაურეკავს. აქ განმარტავენ, რომ პროცედურულად სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა გაუგზავნოს წერილი აღმასრულებელს, რომ ის 100 ლარის გადახდას აღარ ითხოვს.
რატომ არ დაიცვა პროცედურა სოციალური მომსახურების სააგენტომ?
„არაა ეს ვინმეს საქმე, შევატყობინეთ თუ არა. რა იცით თქვენ, შევატყობინეთ თუ არა. მიდით და მოკითხეთ აღსრულებას მაშინ, ჩვენ როგორც კანონი და წესია, ისე ვიქცევი… სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩემთან რატომ ასაჩივრებთ? ეს თითიდან გამოწოვილი საკითხია“, – გვითხრა თემურ ქარცივაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა.
რატომ უნდა ისჯებოდეს მოქალაქე სააგენტოს შეცდომის გამო? – თემურ ქარცივაძე თვლის, რომ შეცდომა არ დაუშვია და სასამართლო გადაწყვეტილებაზე მიგვითითა. თუმცა სასმართლო დავის საგანი არ ყოფილა ის, რომ სააგენტომ შეცდომით ჩაურიცხა მოქალაქეს 100 ლარი.
თემურ ქარცივაძე: „ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია. შეცდომა რომ გვქონოდა, სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გაითვალისწინეთ, რომ მოქალაქეს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც.“
მთავარ ფოტოზე: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო