Batumelebi | მაჟორიტარი წევრები თემებში მაჟორიტარი წევრები თემებში – Batumelebi

მაჟორიტარი წევრები თემებში

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივით 2014 წლის დეკემბერში ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც იყო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისა და თემების მოსახლეობას შორის შეხვედრების, თემებში არსებული პრობლემების ერთობლივი განხილვისა და მოსახლეობისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკის ჩამოყალიბების, ასეთი შეხვედრების ტრადიციად დამკვიდრების ხელშეწყობა.

 

კამპანიამ წარმატებულად ჩაიარა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უმეტესი ნაწილი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო კამპანიაში და დიდი სამუშაოც გასწია შეხვედრების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) თემებში მაჟორიტარი წევრები თავიანთ ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მაჟორიტარი წევრები და მოსახლეობა თემის პრობლემებს ერთობლივად განიხილავდა და პრიორიტეტებს განსაზღვრავდა. გარდა ამისა, მაჟორიტარი წევრები საკუთარ ამომრჩევლებს ინფორმაციას აწვდიდნენ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის ვადიდან საანგარიშო პერიოდამდე მათ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, რაც ითვალისწინებდა, როგორც სამართლებრივ აქტებზე მუშაობას, ასევე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის დროს „ინტელექტის” წარმომადგენლები აპრობირებული და კარგად დამუშავებული მეთოდოლოგიით ატარებდნენ თემებში მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების კვლევებს (საბიუჯეტო კვლევები).

მაჟორიტარი წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. შეხვედრების მიზანია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა. აღნიშნული კომპონენტი ხელს უწყობს საკრებულოს წევრებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირის, კომუნიკაციისა და შედეგებზე ორიენტირებული ეფექტური სისტემის დანერგვას.

აღნიშნული თემების მოსახლეობა მიიჩნევს, რომ „ეს კარგი საქმეა. საშუალება გვაქვს ჩვენი თემის პრობლემებზე ერთობლივად ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ, რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტულია, განვსაზღვროთ რიგითობა. მაჟორიტარი წევრი ზემდგომ სტრუქტურებს გააცნობს ჩვენს თემში არსებულ პრობლემებს და თავის ანგარიშსაც ჩაგვაბარებს. მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზატორებს.“

მოსახლეობასთან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის” ინიციატივით შეხვედრის წინააღმდეგნი არ ყოფილან თემის წევრებიც. მათი თქმით „მოსახლეობასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამოჩენა შემდგომ ურთიერთობაზე დადებითად აისახება და უფრო სარწმუნოს ხდის სიტყვას და საქმესაც“.

უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საკრებულოს წევრები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ შეხვედრების ორგანიზებულად და საქმიან ატმოსფეროში ჩატარების საქმეს: ხულოს მუნიციპალიტეტიდან აგარის- ჯუმბერ დიმიტრაძე, სხალთის – ჯანგული შაინიძე, რიყეთის – მალხაზ კოჩალიძე და დიდაჭარის – ზაურ გობაძე – თემების მაჟორიტარი წევრები; შუახევის მუნიციპალიტეტიდან უჩამბის – არმაზ ბახტაძე და დღვანის – გელა აბაშიძე – თემების მაჟორიტარი წევრები; ქედის მუნიციპალიტეტიდან მერისის – რეზო თურმანიძე, ცხმორისის – გურამ ანანიძე და მახუნცეთის – რომან ბედინაძე – თემების მაჟორიტარი წევრები;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მახინჯაურის – აბდი ბერიძე და ფერიის – ჯემალ მუსხაჯბა – თემების მაჟორიტარი წევრები;
ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ხუცუბნის – არჩილ დუმბაძე, სოფელ ქობულეთის – ივერი გუგუნავა, ზენითის – არჩილ ჯინჭარაძე, დაბა ჩაქვის – მამუკა მიქელაძე, საჩინოს – თემურ დავითაძე, მუხაესტატეს – იმედა ხაჯიშვილი და ციხისძირის – ნუკრი ბეჟანიძე – თემების მაჟორიტარი წევრები.

დღეისათვის აჭარის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 63 თემიდან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივის ფარგლებში თემის მოსახლეობასთან შეხვედრა არ ჩატარებულა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში. აღნიშნული თემის მაჟორიტარი წევრი გენადი არძენაძე მიზეზად მოუცლელობას ასახელებს და შეხვედრის მოგვიანებით ჩატარებას გეგმავს.

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” სამომავლოდაც გეგმავს გააგრძელოს აღნიშნული აქტივობა და ხელი შეუწყოს მაჟორიტარი წევრებისა და მოსახლეობის დაახლოებას.

 

საგაზეთო ჩანართს გამოსცემს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”. ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის” ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

 

ჩანართის რედაქტორი: თეონა კაკაციძე

მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ.#13; ტელ.: 24-16-40, ფაქსი: 24-16-50

ელ.ფოსტა: info@intellect.org.ge; ვებ.გვერდი: www.intellect.org

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
[რეკლამა]