მთიანი აჭარა

ხულოში კარტოფილის მცირე მოსავალს ელიან

28.08.2015
ხულოში კარტოფილის მცირე მოსავალს ელიან

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში მცხოვრებ ავთანდილ ირემაძეს კარტოფილი წლებია გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. იგი კარტოფილს 5 000 კვ.მ ფართობზე, გაზაფხულზე რგავს და გვიან შემოდგომაზე მოწეული მოსავალი გასაყიდად ბათუმში ჩააქვს. ავთანდილი ამბობს, რომ წელს მინიმუმ 6-7 ტონა კარტოფილის მოსავალი უნდა მიეღო, მაგრამ ვარაუდობს, რომ იმდენსაც ვერ მოიწევს, მომავლისთვის სათესლე მარაგი რომ შეაგროვოს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, მცენარე ნაადრევად გაფუჭდა.

 

„მაღალმთიან სოფლებში გასაყიდად ისეთი ბოსტნეული უნდა გამოიყვანო, რომ მალე არ გაფუჭდეს. ბათუმამდე მანძილი შორია და გადატანა რთულია, ადგილზე კი არაფერი იყიდება, არც მიმღები პუნქტია და არც გადამამუშავებელი საწარმოები.
არანაირი მოსავალის მიღების იმედი არ მაქვს, იმდენი მაინც იყოს, რომ სათესლედ შევინახო, არ ვიცი რა გვეშველება, რით უნდა ვირჩინოთ თავი. ასეთი მდგომარეობაა არამარტო ჩემთან, არამედ თითქმის ყველა სოფელში. არავინ მოსულა და არ უკითხავს, რა გვიჭირდა. მე სად წავიდე მოხუცი?! თვითონ არ უნდა მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ რა გვიჭირთო?! – ამბობს ავთანდილი.

 

 

ავთანდილის მეზობლად მცხოვრები ნური ირემაძე კარტოფილის ნაადრევ გაფუჭებას ნისლიანი ამინდებით ხსნის.
„გაზაფხულზე თითქმის ერთი თვე ნისლიანი ამინდები იყო. მართალია, აქ ნისლი ყოველთვის იცის, თუმცა ისეთი ამინდები, როგორც წელს იყო, არ მახსენდება. კარტოფილი სამჯერ შევწამლე, სამივეჯერ ჩამოირეცხა წამალი, აზრი არ ჰქონდა წამლობას და გაფუჭდა კიდეც. გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ ზარალი აგვინაზღაურონ. ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას, მაგრამ არც ამის იმედი მაქვს, არავის შეუსწავლია რა თანხით დავზარალდით. თუ ვინმე მოდის, გადაგვხედავს, „ასე ქენით, ისე ქენითო“, – გვეტყვის და წავა. შრომას ჩვენ ვერავინ გვასწავლის, ფიზიკურად ვშრომობთ, მაგრამ შრომას ფასი აღარ აქვს“, – ამბობს ნური ირემაძე.

 

თაგოში მცხოვრები გიორგი ბოლქვაძე ამბობს, რომ კარტოფილის მოსავალს არც ამ სოფელში ელოდებიან.
„არ ვიცი ამინდის ბრალია თუ შხამქიმიკატების, მთავარი ის არის, რომ ყველაზე ცუდ პირობებში მცხოვრები მოსახლეობა ვზარალდებით“, – ამბობს გიორგი.

 

ხულოს აგროსერვისცენტრის სამსახურის უფროსი, რესან ჩოგაძე ამბობს, რომ კარტოფილის ნაადრევად გაფუჭება გაზაფხულზე ნესტიანმა ამინდებმა გამოიწვია. ის აღნიშნავს, რომ ნესტიან ამინდში კარტოფილს სოკოვანი დაავადება უჩნდება, მცენარის შეწამვლა კი ცუდ ამინდში არაეფექტურია და შესაბამის შედეგს არ იძლევა.

 

„მოსახლეობა წელს კარტოფილის მოსავლის 30% მიიღებს. მოსავლის სიმცირე მცენარის ნაადრევად გაფუჭებამ გამოიწვია. გაზაფხულზე არსებულმა ცუდმა კლიმატურმა პირობებმა, მაღალმა ტენიანობამ კარტოფილს დაავადებები: ფიტოპტოროზი და ალტერნარიოზი გაუჩინა. ვეგეტაციის პერიოდში, დახლოებით ორი თვის განმავლობაში, ნისლიანი ამინდები იყო, კარტოფილს ფიტოპტოროზი და ალტერნარიოზი მაშინ დაემართა, როდესაც მცენარე ყვავილობის პროცესში იყო, ტუბერი (კარტოფილის ნაყოფი) ყალიბდებოდა და მოსავალს ზრდა უნდა დაეწყო. ამ დაავადების მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა წელს ეს შეუძლებელი იყო, რადგან წვიმასა და ნისლში შეწამვლა ნაკლებად ეფექტურია. ეს დაავადება მხოლოდ კარტოფილს უჩნდება და წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამოვლინდა. დაბალი ზონის სოფლებში მეტ-ნაკლებად მოასწრო მცენარემ ვეგეტაცია და შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაღალ სოფლებში კი თითქმის ერთდროულად გაფუჭდა კარტოფილი“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების, მცენარეთა დაავადებათა მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების უფროსი გალინა მეფარიშვილი ამბობს, რომ დაავადების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო, თუ დროულად ჩატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები და დაცული იქნებოდა მცენარის კრიტიკული ფაზები.

 

„წელს ხულოს მუნიციპალიტეტში კარტოფილზე გამოვლინდა შემდეგი დაავადებები: ფიტოფტოროზი, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი (ფოთლების ლაქიანობა), ცერკოსპორიოზი (ფოთლების მკრთალი ლაქიანობა), კარტოფილის ქეცი, ვერცხლისებრი ქეცი, ხოლო იალაღებზე, სამწუხაროდ, კარტოფილის კიბო. რაც შეეხება მოსავლის სიმცირეს, მიზეზი შეიძლება იყოს მცენარის ნორმალური განვითარებისთვის არახელსაყრელი კლიმატური პირობები, კარტოფილზე განვითარებული დაავადებები ან ორივე ერთად. კერძოდ, მცენარის ღერო-ფოჩის ნაადრევი გახმობა და ვეგეტაციის პერიოდში კარტოფილის გორგლების დაავადება იწვევს მოსავლის შემცირებას“.

 

გალინა მეფარიშვილის აზრით, დაავადებების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო, თუ დროულად გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები: „ხულოს მოსახლეობასთან საუბრის დროს დადგინდა, რომ მათ უმრავლესობას დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებული ჰქონდა კონტაქტური და კონტაქტურ-სისტემური პრეპარატები, მაგრამ მცენარის ვეგეტაციის პერიოდში, წვიმების სიხშირის გამო, პრეპარატების ეფექტურობა დაბალი აღმოჩნდა. გარდა ამისა, პრეპარატები გამოყენებული უნდა ყოფილიყო პროფილაქტიკური მიზნითაც, არ იყო დაცული ინტერვალები შესხურებებს შორის უამინდობის გამო, ხშირად იყო დარღვეული პრეპარატების გამოყენების რეგლამენტი“ – ამბობს გალინა მეფარიშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: