მთიანი აჭარა

მიწის დამუშავება გრაფიკით

05.03.2015 • 3023
მიწის დამუშავება გრაფიკით

 

მიწების დროულად დამუშავებისთვის ხვნის ბარათების დარიგება აჭარის მაღალმთიანეთში გასულ კვირას დაიწყო, მიწის მოსახვნელად ქედაში 3 747 ფერმერი, ხულოში – 4 835 და შუახევში 3 108 ფერმერი მიიღებს ბარათს. როგორც ქედის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში მერაბ ტაკიძე ამბობს, ბარათების დარიგება ქედაში გასულ კვირას დაიწყო და კვირის ბოლომდე დასრულდება.
„მოსახლეობასთან ხვნის ბარათები გამგებლის წარმომადგენლებს მიაქვთ, ერთი კვირის განმავლობაში ყველა ოჯახი მიიღებს ბარათს, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ სჭირდება ხვნის ბარათი, მას შეუძლია დააბრუნოს და შესაბამისი ქულა აგრობარათზე დაერიცხება“, – ამბობს მერაბ ტაკიძე.

ხვნის ბარათების დარიგება მიმდინარეობს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.

ქედის მუნიციპალიტეტის ცხრა თემიდან რვა თემში ხვნის ბარათით, სახნავ-სათეს მიწებს გასული წლის მსგავსად წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. გარდა „მექანიზატორისა“, ქედაში ხვნის ბარათით მიწის დამუშავების უფლება ამხანაგობა „ქედას“ აქვს. თუმცა, ამხანაგობას ბარათით მიწის მოხვნის ლიცენზია მხოლოდ ერთ – „ზვარეს“ თემში ვრცელდება, შესაბამისად, მხოლოდ ამ თემის მოსახლეობას მოუხნავენ მიწებს ბარათით ამხანაგობის კუთვნილი სამი ტრაქტორით. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ბარათის გარეშე დაამუშავებინებს საკუთრებაში არსებულ მიწას, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებაში ის 140 ლარს გადაიხდის.

 

მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით გასულ წელს ქედის მოსახლეობა `მექანიზატორის~ მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან შპს-მ მიწების დროულად დამუშავება ვერ შეძლო – ხუთი ტრაქტორიდან სამი ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა, მიწას კი მხოლოდ ორი ტრაქტორი ამუშავებდა. შპს „მექანიზატორის“ ქედის მუნიციპალიტეტის ბრიგადის მენეჯერის, ზურაბ სურმანიძის თქმით, მიწის მოხვნაზე ქედაში წელს პრობლემები არ იქნება, შპს-ს ამ დროისთვის ქედაში ოთხი ტექნიკა აქვს და ოთხივე გამართულ მდგომარეობაშია. ზურაბ სურმანიძე მიიჩნევს, რომ რვა თემის მოსახლეობის სავარგული მიწების დამუშავებისთვის ოთხი მექანიზატორი საკმარისია.

 

„პირველი აპრილიდან დავიწყებთ მიწების დამუშავებას, ხელშეკრულებით დღეიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა, ამის მოთხოვნა თუ იქნება. კარგი ამინდია და არც მოსახლეობა დარჩება დაზარალებული. ვერ გეტყვით გასულ წელს რა და როგორ იყო, მე წელს დავინიშნე. ამ დროისთვის ქედაში ოთხი გამართული მექანიზატორი გვაქვს, გარდა ამისა, ამხანაგობას მისი ტრაქტორები აქვს და ვფიქრობ, სრულიად საკმარისია ქედაში მიწების დროულად დამუშავებისთვის.

 

არსებული ტექნიკის გარდა, დამატებით მუხლუხიანი ტექნიკა გვინდოდა, შეგვპირდნენ იქნებაო. მოსახლეობას მიწას დავუმუშავებთ როგორც მიწის ხვნის ბარათით, ასევე თანხით, 1 ჰექტარი მიწის მოხვნის ღირებულება 140 ლარია.

 

გრაფიკი გვაქვს შემუშავებული, პირველ ეტაპზე დანდალოს მიწების დამუშავებას დავიწყებთ, რადგან იქ კარტოფილს თესავენ და ადრე უნდა დაირგოს, შემდეგ სხვა თემებში გადავალთ, მაქსიმუმ ორი თვე დაგვჭირდება“, – ამბობს ზურაბ სურმანიძე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტშიც მიწას ხვნის ბარათით შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. აქ მიწის ხვნისა და აგრობარათს ოჯახები ბეშუმში არსებულ იმ მიწებზეც მიიღებენ, რომლებსაც ისინი ამუშავებენ. „გასული წლის სიები, რომლითაც გაიცა ბარათები, გადასამოწმებლად გადმოგვიგზავნეს, წელს არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბარათის გარეშე. რაც შეეხება გასულ წელს, თითქმის ყველამ მიიღო ხვნისა და აგრობარათი, პრეტენზია, რომ ვინმე გამორჩა და ვერ მიიღო ბარათი, აღმოფხვრილია.

 

ხულოში 33 000 ჰექტრამდე მიწა იხვნება, უმეტეს ნაწილს გამწევი ძალითა და მცირე მექანიზატორით, მიუდგომელ ადგილებს კი მოტობლოკით ამუშავებენ. დაბალ ზონაში, როგორიცაა დაბა და სხალთის თემი, შეიძლება ტრაქტორით დამუშავდეს. იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მოტობლოკით ამუშავებს, ზოგიერთი ტრაქტორით და ზოგიც გამწევი ძალით, მიწის დამუშავება პრობლემა არასდროს ყოფილა.

 

გასული წლის მონაცემებიდან გამომდინარე ვფიქრობ, მოსახლეობის დაახლოებით 11% გამოიყენებს ხვნის ბარათს, დანარჩენი კი, დააბრუნებს. ჩვენთან მიწის დამუშავება მარტის ბოლოდან იწყება“, – ამბობს ნოდარ მიქელაძე.

 

შპს „მექანიზატორი“ მოხნავს მიწას შუახევშიც. ამ მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობა „სოფლის აღორძინება“ წელს მიწის დამუშავებს ვერ შეძლებს, რადგან, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე ზაზა დავითაძე ამბობს, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული „ბელარუსის“ ტიპის სამი ტრაქტორი შესაკეთებელია, საჭირო თანხა კი ამხანაგობას არ გააჩნია. ამხანაგობამ მის ბალანსზე არსებული ტექნიკის გამართვისთვის საჭირო თანხა მუნიციპალიტეტის გამგეობას გასულ წელს სთხოვა და დახმარების დაპირებაც მიიღო.

 

„ტექნიკა გაუმართავია, თუ მუნიციპალიტეტი დამეხმარება ტექნიკის გამართვაში, მიწებს ჩვენი ტრაქტორებით დავამუშავებთ. 2013 წელს 15 ჰექტარი დავამუშავეთ, გასულ წელს კი არ გვიმუშავია, რადგან ტრაქტორები შესაკეთებელია, რემონტისთვის საჭირო თანხა – 8 000 ლარი ამხანაგობას არ გააჩნია. გასულ წელს გამგეობას მივმართე დახმარებისთვის, მითხრეს ბიუჯეტის კორექტირებისას დაგეხმარებითო, მერე კიდევ მივმართე და ველოდები დახმარებას“, – ამბობს ზაზა დავითაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში, რომან ფუტკარაძე ტექნიკის გაუმართაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აღნიშნავს, რომ ხვნის ბარათით შუახევში მიწებს ამხანაგობა „სოფლის აღორძინება“ დაამუშავებს. „შუახევის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 22-მა ოჯახმა ვერ მიიღო ხვნის ბარათი, წელს ყველა მათგანი ჩავსვით სიაში და ყველა მიიღებს ბარათს, ჩვენთან ამხანაგობა „სოფლის აღორძინება“ ამუშავებს მიწებს და წელსაც ამხანაგობა დაამუშავებს.

 

რადგან არსებული მიწების 84%-ს დიდი მექანიზატორი ვერ ამუშავებს და აქ მიწების დასამუშავებლად ისევ გამწევი ძალა გამოიყენება, მოსახლეობა ბარათს უკან აბრუნებს. გასულ წელს ხვნის ბარათი დაახლოებით 2600-მა ოჯახმა დააბრუნა. მოსახლეობა უფრო აგრობარათს იყენებს, შესაბამისად, ურჩევნია ქულები ბარათზე დაერიცხოს“, – ამბობს რომან ფუტკარაძე.

 

პროფესიით აგრონომი და ქედის აგროსერვისცენტრის უფროსი სოსო შერვაშიძე ფერმერებს მიწის დამუშავებისას აგროწესების დაცვას ურჩევს. აგრონომის თქმით, იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, მიწა სწორად და აგროწესების დაცვით უნდა დამუშავდეს.

 

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს – მიწის ანალიზია, ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სჭირდება ნიადაგს, ესაჭიროება თუ არა სასუქი. მეორე წესი, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ, მიწის აგროვადებში დამუშავებაა, 15 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა დამუშავდეს მიწა. ჩვენთან, ძირითადად, მჟავე ნიადაგია, ნიადაგის გასანეიტრალებლად საჭირო ოდენობის დეფეკატი მიწის მოხვნამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა შევიდეს. იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი მჟავიანია, მის განეიტრალებას ერთ ჰექტარზე 10 ტონა დეფეკატი სჭირდება“, –  ამბობს სოსო შერვაშიძე.

 

აგროსერვისცენტრის ქედის სამსახურის კონსულტანტი ნიადაგის საკითხებში, შოთა ბერიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების აგროსერვისცენტრები ნიადაგის კვლევის საველე ლაბორატორიებით არის აღჭურვილი, ასეთ ლაბორატორიებში კი ნიადაგის ერთი ანალიზის კვლევის ღირებულება 30 ლარია.

 

შოთა ბერიძე: „მხოლოდ ნიადაგის კვლევის შემდეგ არის შესაძლებელი რეკომენდაციის გაცემა. რაც შეეხება კვლევას, ერთ კონკრეტულ სავარგულზე იმდენი ანალიზის აღებაა საჭირო, რამდენკონტურიანიცაა მიწა, ან შესაძლებელია ლოკალურად ფერმერს შეტანილი ჰქონდეს სასუქი და ამის მიხედვითაც უნდა მოხდეს ნიადაგის კვლევა. ნიადაგის ანალიზის აღებიდან მეორე დღეს მივცემთ ფერმერს რეკომენდაციას, თუ რა სახის სასუქი უნდა შეიტანოს ნიადაგში, კარგი მოსავალი რომ მიიღოს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: