მთიანი აჭარა

ქედის საკრებულომ „კარგი მმართველობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი

21.10.2014
ქედის საკრებულომ „კარგი მმართველობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი

 

პრეზენტაციის დაწყებამდე ქედის საკრებულოს წევრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც საკრებულო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა, ჩამოაყალიბოს მოსახლეობის მომსახურების ეფექტური სისტემა, ხელი შეუწყოს თვითმმართველობის პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებას, ხელი შეუწყოს ბიუჯეტის ფორმირების, დამტკიცების, განკარგვის პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

 

 

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ დეკლარაციაში ჩამოთვლილ პუნქტებს მოქმედი საკრებულო ასრულებს.

 

 

„დეკლარაციაში არსებული პუნქტები ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს საკრებულო ქედაში ნამდვილად ასრულებს და შეასრულებს კიდეც ამ მოთხოვნებს“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

 

„დეკლარაციაში არის ჩამოყალიბებული ის ძირითადი პრინციპები, რომლის დაცვა და შესრულება ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს თვითმართველობის, როგორც სისტემის განვითარება. რაც შეეხება პრინციპების შესრულებას, წინა მოწვევის საკრებულოში იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც მიღწეული ვერ იქნა. განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომლებიც თვითმართველობის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას ეხებოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან თვითმართველობის, როგორც სისტემის და ხალხის ხელისუფლების განვითარება შეუძლებელია მოქალაქეების ჩართულობის გარეშე. ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად შევეცდებით გავაღრმავოთ კომუნიკაცია მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს შორის, იმისთვის, რომ მოსახლეობის აზრი იქნეს მოტანილი საკრებულომდე და მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო და რატომ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მოსახლეობის ჩართულობის მიღწევა თვითმართველობის პროცესებში“ – ამბობს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე ლევან გობაძე.

 

 

 „კარგი მმართველობის დეკლარაცია“ შემუშავებულია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის“ მიერ, პროექტის – „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის წესისა და ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: