მთიანი აჭარა

ექიმი კვირაში ერთ დღეს – მაღალმთიანი აჭარის პრობლემა

08.06.2014 • 2596
ექიმი კვირაში ერთ დღეს – მაღალმთიანი აჭარის პრობლემა

 

ხულოს საავადმყოფოში ხალხმრავლობა ორშაბათსა და პარასკევსაა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ექიმები აქ კვირაში ერთ დღეს მუშაობენ, ენდოკრინოლოგი – პარასკევს, ოფთალმოლოგი კი – ორშაბათს.

 

დილის 12 საათია და ენდოკრინოლოგის ოთახის კარებთან რიგია, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოხუცი თუ ახალგაზრდა თავის რიგს მოუთმენლად ელის, ზოგიერთი ჩქარობს ექიმთან მოხვედრას, რადგან უნდა, რომ სოფლის სამარშრუტო ტაქსსაც მიუსწროს.

 

 

მომლოდინეებს შორის განსაკუთრებით თალიკო ვაშაყმაძე შფოთავს, როგორც ის ამბობს, სამ საათამდე თუ ვერ მოახერხა ექიმთან კონსულტაცია, „მარშუტკას“ ვერ მიუსწრებს.

 

 

„სოფელი პანტნარი, სადაც ვცხოვრობ, ხულოს ცენტრიდან 16 კილომეტრშია, დილით მარშუტკას ჩამოვყევი, ველოდები ჩემს რიგს, გავესინჯო და სახლში დავბრუნდე. სოფლის „მარშუტკა“ ხულოს ცენტრიდან 3 საათზე გადის, თუ ვერ მივუსწარი, ფეხით მომიწევს წასვლა. სხვა ვერ დაგითმობს რიგს, ყველა სოფლებიდან მოდის და ყველას ეჩქარება, დილაადრიან რომ მოხვიდე, მაინც რიგია. ერთი დღე რომ დაამატონ და სხვა დღესაც იყოს ექიმი, კარგი იქნება“, – ამბობს თალიკო.

 

 

„ჩიყვი მაწუხებს, დიდი ხანია ვმკურნალობ, ორი წლის წინ ოპერაცია გავიკეთე, ისევ შემაწუხა, თითქმის ვეღარც ვლაპარაკობ. ფეხზეც ძლივს ვდგავარ, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოვაღწიე. ტკივილი საშინელებაა. ჩვენი სოფლის „მარშუტკა“ ორშაბათს და ხუთშაბათს მუშაობს, ექიმის სამუშაო დღეს არ ემთხვევა, დილით მეზობელი მოდიოდა მანქანით და გამოვყევი, რით დავბრუნდები სახლში, არ ვიცი, რამდენიმე წელია ამ გაწამაწიაში ვარ“, – გვეუბნება ხიხაძირელი ნანული აბაშიძე.

 

 

თაგოელი გუგული შაინიძე ამბობს, რომ მას ერთდროულად ჩიყვის და მხედველობის პრობლემები აქვს და მკურნალობის კურსს დიდი ხანია გადის.

 

 

„თვალზეც ვმკურნალობ და ჩიყვზეც, ჩიყვი დიდი ხანია მაწუხებს, სულ ამ დღეში ვართ,  დღეს ორი საათი ლოდინში გავატარე და არ ვიცი კიდევ რამდენხანს მომიწევს ცდა.

 

 

ჩვენთან ყველაფერი რთულადაა, სოფლები შორსაა, ექიმები არ არიან, ვინც არიან კვირაში ერთ დღეს მუშაობენ, ტრამვატოლოგი არ არის, არც უროლოგი, რომ დაგჭირდეს, ბათუმში უნდა ჩახვიდე, ხომ შეიძლება ეს საკითხები მოგვარდეს და ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მოგვცენ? ყველას ხომ არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხალხი სოფლებიდან მოდის, ზოგიერთს მარშუტკაზე აგვიანდება, ზოგიერთს არ შეუძლია ამდენხანს ფეხზე დგომა, ყოფილა შემთხვევები, როცა პაციენტები ექიმთან კონსულტაციის გაუვლელად წასულან. მე ხშირად დავდივარ კონსულტაციაზე და ვხედავ რაც ხდება. იყო შემთხვევა, დილით მოსული ხუთ საათზე წავედი, ზოგჯერ იმდენი ხალხია, ნემსი არ ჩავარდება“, – ამბობს გუგული შაინიძე.

 

 

თავად ექიმი ენდოკრინოლოგი მაია ბერიძეც ადასტურებს, რომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები ენდემური კერაა და პაციენტების რაოდენობა ბევრია. ის აქვე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხულოში ჩიყვის ყველაზე რთული სახეობა – კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები მატულობს. ექიმი მწირ ანაზღაურებაზე საუბრობს და დასძენს, რომ არსებული ანაზღაურებით კვირაში ორი დღე ვერ იმუშავებს:

 

 

„ბათუმში ვცხოვრობ, იქიდან დავდივარ, ერთი დღე ხულოში ვმუშაობ, ერთიც – შუახევში, დანარჩენ დღეებში ბათუმის #4 პოლიკლინიკაში, აქ ისეთი მიზერული ანაზღაურება მაქვს, არ მიღირს მუშაობა. მხოლოდ იმიტომ ამოვდივარ, რომ ადამიანები მეცოდებიან, ისინი ჩემს იმედად არიან, მელოდებიან და როგორ არ ამოვიდე? როგორც ექიმი, თავს ვალდებულად ვთვლი არ დავშორდე პაციენტებს, თორემ არც ერთი თავმოყვარე ექიმი იმ ანაზღაურებაზე არ იმუშავებს, რაზეც აქ ვმუშაობ.

 

 

დღის განმავლობაში მინიმუმ 4 საათს ტრანსპორტში ვატარებ, ამოვდივარ და ყოველგვარი შესვენების გარეშე ვმუშაობ, რომ ყველა პაციენტი მივიღო. 160 ლარს მიხდიდნენ ხელფასს. ახლა რამდენს ავიღებ, არ ვიცი, თვის დასაწყისში მითხრეს, ახალი კალკულაციით 40 თუ 50 ლარი მექნება ფიქსირებული ანაზღაურება, როგორ და რანაირად, არ ვიცი, იმდენად გავბრაზდი, არც მიკითხავს.

 

 

ექიმს ხელფასი უნდა გაეზარდოს, სტიმული უნდა ჰქონდეს და ვალდებულებით არ უნდა მუშაობდეს. კვირაში ერთი დღე საკმარისი არ არის“.

 

 

კვირაში ერთ დღეს – ორშაბათს მუშაობს ოფთალმოლოგი ცისანა წულუკიძეც. ამბობს, რომ ერთი დღე საკმარისი არ არის, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო სხვაგანაც მუშაობს, რომ თავი ირჩინოს.

 

 

„აქ ორშაბათობით ვმუშაობ. რამდენიმე კვირაა, რაც დასვენების დღეები დაემთხვა და ამან რიგები გამოიწვია. დატვირთვა გაზაფხულსა და შემოდგომაზე მაქვს, როცა მოსახლეობა იალაღზე გადის და უკან ბრუნდება, წასვლამდე ყველა ცდილობს გაესინჯოს. დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე უნდა ვიმუშაო, მაგრამ მანამდე ვმუშაობ, ვიდრე ბოლო პაციენტს არ მივიღებ, ზოგჯერ 10 საათამდეც და უფრო გვიანობამდე მიწევს ყოფნა.

 

 

ყოველდღე იმუშავებ, როცა კარგი ხელფასი გექნება, მაგრამ 200 ლარად ვერა. გზაში არ გეყოფა შენი ხელფასი“, – ამბობს ცისანა წულუკიძე.

 

 

სამედიცინო ცენტრის მენეჯერის რუსლან აბულაძის თქმით, ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის მომსახურება კვირაში ერთხელ საკმარისია. მისივე თქმით, საავადმყოფოს სჭირდება უროლოგი, რომელიც არ ჰყავს.

 

 

„უროლოგი გვჭირდება და არ გვყავს, კადრი არ გამოინახა. რაც შეეხება ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგს, ამ კუთხით პაციენტების დიდი კონტინგენტი არ არის, კვირაში ერთხელ მოდის ექიმი და სრულიად საკმარისია“, – ამბობს რუსლან აბულაძე.

 

 

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ექიმების გადინების შესაჩერებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს სპეციალური პროგრამა – „მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის წახალისების კომპონენტი“ შეიმუშავა, რომლის ფარგლებში 2013 წელს ქედის, ხულოსა და შუახევის საავადმყოფოებში განსაკუთრებით საჭიროების მქონე 20 ექიმს სამინისტრომ 6 თვის განმავლობაში დანამატი – 300 ლარი მისცა, 13 მედდას კი – 120 ლარი.

 

 

2013 წელს ხულოს საავადმყოფოს 7 ექიმი და 4 მედდა მონაწილეობდა პროგრამაში. წელს დანამატი სოფლის ექიმებისთვის გაიწერა. მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ 43 სოფლის ექიმს, დანამატის სახით, 300 ლარი ერიცხება, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლების 64 ექიმს კი – 150 ლარი.

 

 

ხულოს საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ არსებულ ხელფასსა და ეთუზიაზმზე დიდხანს ვერ იმუშავებენ, ყველა მათგანი ბათუმის კლინიკებში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ფიქრობენ, რომ თუ არ შეიცვალა სახელფასო პოლიტიკა, ხულოს მხოლოდ სოფლის ექიმები შემორჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: