მთიანი აჭარა

„ფუფუნება“ დასრულდა

28.12.2012 • 1818
„ფუფუნება“ დასრულდა

საახალწლო გასართობი პროგრამა ბათუმში ასე გამოიყურება: ბათუმელებსა და ბათუმში მყოფ სტუმრებს 30 დეკემბერს ბათუმის ყინულის სასახლეში საახალწლო შოუ-პროგრამის ნახვა შეეძლებათ. თუმცა ამ წარმოდგენებზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი და საახალწლო საჩუქრებიც მხოლოდ მოსაწვევის მქონე ბავშვებს შეხვდება.

 

30 დეკემბერსაა დაგეგმილი დიასპორებთან შეხვედრა, რომელსაც 140 ადამიანი დაესწრება. სრული პროგრამა მერიას ჯერ არ წარმოუდგენია. დაინტერესებულ პირებს დიასპორებიდან შეუძლიათ გადაინაცვლონ სხვადასხვა კატეგორიის სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ნობათის გადაცემის ცერემონიალზე. სულ 2 100 სოციალურად დაუცველი ადამიანი მიიღებს საახალწლო საჩუქარს, სურსათს.

 

31 დეკემბერს, დღის საათებში, ქალაქის ქუჩებში კოსტიუმირებული და საკონცერტო მსვლელობები მოეწყობა. პიაცა, რომელიც მანამდე ხუაკინ კორსეტსს, ცნობილ ფრანგ მომღერალ მიშელ ლეგრანსა და სხვა ცნობილი სახეებს მასპინძლობდა, ამ ახალ წელს საბავშვო კონცერტებს შემოგთავაზებთ.
ახალი წლის დღეს, ანუ პირველ იანვარს, მერია სოციალური სახლის ბენეფიციარებს ახალ წელს მიულოცავს.
ორ იანვარს, ე.წ „ბედობის დღეს“ მოეწყობა კულინარული გამოფენა ერას მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას სასტუმროები და მუნიციპალიტეტები მიიღებენ. ასევე მოეწყობა სანტა-კლაუსებისა და ფიფქიების ფლეშ-მობი და მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა. 

 

 

კინოთეატრი „აპოლო“ კი ორ იანვარს ახალგაზრდა რეჟისორების კინონამუშევრებს შემოგთავაზებთ, სულ 15 ფილმი იქნება ნაჩვენები.
2 იანვრიდან 7 იანვრამდე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, სასტუმრო „რედისონის“ წინ, საბავშვო სტუდიების კონცერტებია დაგეგმილი, შობის დღეს კი _ „ალილო“.

 

საბავშვო ბაღებში გაიმართება თოჯინური სპექტაკლები. მოეწყობა თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა კატეგორიის სოციალური ჯგუფებისთვისაც.

 

გასულ წელს ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, საახალწლოდ ბათუმში ვიზიტორთა დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოვიდა. ვიზიტორები სარგებლობდნენ სპეციალური საახალწლო პაკეტებითაც, რომელთა ფასები 90-იდან 700 ლარამდე მერყეობდა. ამ პაკეტით გასულ წელს 15 000-მდე სტუმარმა ისარგებლა.

 

„რაც შეეხება წლევანდელ მდგომარეობას, შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა, ბოლო სამი თვის მონაცემები რომ შევადაროთ წინა წელს, 68 პროცენტით ნაკლებია. სერვისები იგივეა, უბრალოდ წინა წლებში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებით იყო დაინტერესება, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდებოდა. წელს კი ტურების რაოდენობა ნაკლებია“. – ამბობს სოფო გუჯაბიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

 

მომღერალ სალომე ქათამაძის უფასო კონცერტი გაიმართება „პიაცაზე“, 31 დეკემბერს.
„სხვა კონცერტები შედის კონკრეტული სასტუმროების სერვისში. ეს არის საახალწლო სუფრები და ცალკეული მომღერლების კონცერტები. მაგალითად, „პრეზიდენტ პალასში“ სოფო ხალვაში იმღერებს“ _ ამბობს სოფო გუჯაბიძე.

 

განსხვავებულია ბათუმში არსებული პრესტიჟული სასტუმროების მონაცემებიც. სასტუმრო „შერატონის“ პიარსამსახურის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობამ იკლო: „გასულ წელს ამ დროისთვის მთელი სასტუმრო ოყო დაჯავშნული, წელს კი მხოლოდ 65 პროცენტია დაკავებული. ყველა ადგილი უცხოელების მიერაა დაჯავშნილი“.

 

სასტუმრო „ინტურისტში“ კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სასტუმროში საახალწლოდ ყველა ნომერი გაყიდული აქვთ: „თუმცა, ყველა ჯავშანი თურქეთის მოქალაქეებს ეკუთვნით, სხვა ქვეყნებიდან არ გვეყოლება ვიზიტორები“.

 

რაც შეეხება სასტუმრო „რედისონს“, ის სასტუმროს დატვირთვის პროცენტულ მაჩვენებელს არ ასაჯაროებს, თუმცა არაოფიციალურად აქ შეკითხვაზე, როგორი მონაცემები აქვთ, პასუხობენ: „როგორი უნდა იყოს, ქალაქში არაფერი ხდება“.

გადაბეჭდვის წესი