მთიანი აჭარა

რა ღირს ფოტოგრაფია ბათუმში?

28.12.2012 • 3442
რა ღირს ფოტოგრაფია ბათუმში?

„ბათუმობა“ ქალაქის მერიამ 10 სექტემბერს აღნიშნა, სწორედ იმ დღეს, როცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმშიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიმდინარეობდა. მაშინ ეს გარემოება ოპოზიციისა და მედიის კრიტიკის საგნადაც იქცა, მაგრამ „ბათუმობა“ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს „რესპუბლიკელმა“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა საგანგებო ბრიფინგიც გამართა `„ბათუმობის” ხარჯებთან დაკავშირებით. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ერთი გარემოება – უცხოელი ფოტოგრაფების ანაზღაურება – 25 650 ლარი დღესასწაულის გადასაღებად, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა.

 

„იმ დღეს ბათუმში, როგორც ვიცი, ორი ფოტოგრაფი იყო ჩამოსული, ერთი მიხეილ სააკაშვილის ფოტოგრაფი იყო _ თომას დორჟაკი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი რენე ესენდი, გაზეთ „მარედან“, რომელიც თან სტატიაზე მუშაობდა. ის ჩემთან იყო სტუმრად. ესენი ცნობილი ფოტოგრაფები არიან, მაგრამ არა მგონია, იმ დღეს მერიისთვის ემუშავათ“ _ ამბობს ბათუმელი ფოტოგრაფი გელა ძნელაძე. მისი აზრით, მერიამ ერთდღიან სამუშაოში დიდი თანხა გადაიხადა. „მაჩვენონ ეგ ფოტოები, იქნებ სასწაულებს იღებენ. ისეთი ფოტოგრაფი, მათი ერთდღიანი ვიზიტი ამდენი რომ ღირდეს ბათუმში, ორი მეგულება და ორივე გარდაცვლილია.“ _ ამბობს გელა.

 

გელა ძნელაძე კრიტიკულია ბათუმზე გამოცემული ალბომების მიმართაც: „დამისახელონ ერთი წესიერი ალბომი, რომელიც უცხოელმა ფოტოგრაფებმა გააკეთეს. მახსოვს მხოლოდ „მაგნუმი“, რომლის ჩამოყვანა ძალიან ძვირი დაჯდა, ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ მერიამ არც „მაგნუმის“ სპეციფიკა იცოდა, ის არ იღებს სარეკლამო ფოტოებს, ანუ იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა ხელისუფლებას. არ გადაუღიათ ანბანის კოშკი და ხედები, არამედ გადაიღეს ნაგვის ურნები და დანგრეული გზები. მერე ჩივილსაც კი აპირებდა ხელისუფლება“.
რა ღირს კარგი ფოტოხელოვანის დაქირავება ერთი დღით? კითხვაზე გელა ძნელაძე პასუხობს, რომ გააჩნია დაკვეთას და გადაღების ტექნიკას, „თუმცა ათასი ლარი ერთ დღეში არარეალური თანხაა“.

 

კიდევ ერთი ბათუმელი ფოტოგრაფი, ლაშა ფალავანდიშვილიც ფიქრობს, ერთი დღის მუშაობაში 25 ათასი ლარის გადახდა არარეალურია. „ბათუმობაზე“ მე და ჩემმა მეგობარმაც გავიტანეთ ნამუშევრები. სულ ოცი ფოტო დაბეჭდა მერიამ და ორივემ მთლიანობაში 600 ლარი ავიღეთ“.
ლაშა ფალავანდიშვილი ამბობს, რომ არარეალური ჰონორარების მიმართ მისი პოზიცია მკვეთრად უარყოფითია: „ნებისმიერი ალბომი, რაც კი ბათუმზე დაბეჭდილა, შეგვიძლია ავიღოთ და გავაანალიზოთ, თუ რა სიმახინჯეა ეს ფოტოები. ბოლოს რომ ბათუმზე წიგნი დაბეჭდეს საჩუქრად, ძალიან უხარისხოა, არადა, დიდი თანხაა გადახდილი. მაშინ როცა ნებისმიერი ბათუმელი ფოტოგრაფისთვის 5 000 ლარიც კი დიდი ინვესტიციაა და გაცილებით იაფად შეგვიძლია უკეთესი ხარისხის შეთავაზება, ბეჭდავენ ისეთი ფოტოგრაფის ნამუშევრებს, ჭოგრიტშიც რომ არ გაუხედავთ, ფოტოკამერაზე არაფერს ვამბობ“.

 

ლაშა ფალავანდიშვილის აზრით, ხელისუფლების დამოკიდებულება უცხოელი ფოტოგრაფების მიმართ არც სნობიზმია და არც ზუსტი გათვლა: „მათ არც იციან, რა არის სნობიზმი, უბრალოდ არ მოვწონვართ, რადგან არ ვიღებთ იმას, რაც მათ სჭირდებათ _ კოშკებს და ხედებს“.

გადაბეჭდვის წესი