მთიანი აჭარა

ისინი ცვლილებებს ელიან

05.08.2012 • 1405
ისინი ცვლილებებს ელიან

სალომე ირემაძე 26 წლისაა და უკვე სამი შვილი ჰყავს. აქედან ერთი სოციალური პირობების გამო ბავშვთა სახლში ჩააბარა, „ერთს კი დეიდა მიზრდის. არავითარი შემოსავალი არ მაქვს, მინდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს“.  


ქალბატონი ნანა მომავლის იმედით მოვიდა აქციაზე, თუმცა გვარის „ბაჩო ახალაიას შიშით“ არ გვიმხელს: „რა ვქნა დედა, მეშინია ახალაიასი.  შვილი დაჭერილი რომ მყავდა, ისე გამილახა ციხეში, რომ ორი ნეკნი ამოუღეს. ახლა გარეთ არის, მაგრამ მაგის მაინც მეშინია, შეიძლება ნარკოტიკი ჩაუდოს, რა ვიცი. ნასამართლევი ხარო და სამსახური ვერსად იშოვა, სადამდე უნდა დაუსაქმებელი და მისი შვილები მშიერი“-ამბობს ის. 


შოთა ცინცაძე თავის ტრაგედიაზე ყვება: „მშვიდობა მინდა, მშვიდობა! ერთი შვილი ჯარში გავაგზავნე და მკვდარი ჩამომისვენეს, ოჯახში ყველა უმუშევარი ვართ, მეტი რაღა ვთქვა. მჯერა რომ ეს კაცი ყველაფერს შეცვლის“.  


„17 წელია ბელგიაში ვცხოვრობ, ჩამოვედი ბიზნესი დავიწყე, მაგრამ სადღაა, წაიღო ხელისუფლებამ“ -ამბობს მერაბ ნოზაძე. მას იმედი აქვს რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საშუალო ბიზნესი წინ წამოიწევს და წნეხისგან გათავისუფლდება. „ინვესტიციები რაც შემოდის, მხოლოდ ისეთი ვისაც სააკაშვილთან აქვს პირადი ურთიერთობა“. 


ციცინო კოხრეიძე და გია ფრანგიშვილიც ცვლილებებს ელიან: „იმიტომ მჯერა, რომ ათი წლის მანძილზე კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ახლა კი ყველგან ნეპოტიზმია. 40 წლის შემდეგ კაცი სამსახურში აღარ უნდათ, 45 წლის კაცი რომ ვარ, იმის საშუალება ხომ უნდა მქონდეს რომ სტუდენტი შვილი ვარჩინო“ -ამბობს გია ფრანგიშვილი.


იმედა თედორაძე ქუთაისიდან ჩამოვიდა, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი კერპია და უნდა მან არჩევნებში გაიმარჯვოს: „იმედის საფუძველს მის მიერ გაწეული ქველმოქმედება მაძლევს. 17 წელია უმუშევარი ვარ, რითი ვცხოვრობ და მოვრჩი ბებიაჩემის ქონების გაყიდვას და ვარ ახლა ასე“.


ყველაზე მეტ ცვლილებას რასაც გულნარა სიმონია ხელისუფლების შეცვლით მოელის, მართლმსაჯულებაა: „წლების წინ, როცა სააკაშვილი იგივე იმედებით მოდიოდა დავიჯერეთ, რადგან ახალაგაზრდა კაცი იყო და გვეგონა შეცვლიდა ქვეყანას, მაგრამ ახლა იმედებს ივანიშვილის პატიოსნება მაძლევს“- ამბობს იგი. 

 

 

გადაბეჭდვის წესი