მთავარი,სიახლეები

პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვერპლი პარლამენტის წინააღმდეგ

28.06.2017
პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვერპლი პარლამენტის წინააღმდეგ

„სამჯერ გააფრთხილა პოლიციელმა მოძალადე. ბოლო გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს”, – ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თამარ ავალიანმა იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ ოჯახში ძალადობის დროს, პოლიციელის გაფრთხილება არაფერს ცვლის, ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული. გაფრთხილებაც და შემაკავებელი ორდერის გამოცემაც პოლიციელს შეუძლია.

ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა  პოლიციელის კეთილსინდისიერებაზე რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული, ამას ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ს.გ. ასაჩივრებს. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

შემაკავებელი ორდერი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც სასამართლო კონტროლს ექვემდებარება და მისი დარღვევა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონით განსაზღვრული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, სადაც წერია: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი, ან ღირსების შემლახავი მოპყრობა“.

სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში, კანონმა “ოჯახში ძალადობის შესახებ” ძალა დაკარგა, რადგან ამოქმედდა ახალი კანონი.

“ამ კანონის მხოლოდ სათაურს დაემატა ქალთა მიმართ ძალადობა. შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა,” – დაამატა მოსარჩელის წარმომადგენელმა, თამარ ავალიანმა.

მოსამართლეებმა თამარ ავალიანს უთხრეს, რომ თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, გაუქმდება ისედაც ძალადაკარგული კანონი და არა ამჟამად მოქმედი, რადგან სარჩელის მოთხოვნას სასამართლო ვერ გასცდება.

“ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მაინც ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება?“ – იკითხა კოლეგიის თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილმა.

„დიახ, რადგან პარლამენტს მაინც მოუწევს ამ რეგულაციის შეცვლა, რაც შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე მოქმედებს. ახალ კანონში იგივე წერია, რაც ძალადაკარგულში“, – უპასუხა მოსამართლეს თამარ ავალიანმა.

“ნორმა არ უნდა განვიხილოთ სხვა ნორმებისგან ამოგლეჯილად. ძალადობის დროს, პოლიციელი ვალდებული მიიღოს კანონით განსაზღვრული ზომები,” – აღნიშნა პარლამენტის იურისტმა.

საკონსტიტუციო სასამართლო დღესვე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციას მოისმენს. ის მოუყვება მოსამართლეებს, პრაქტიკაში როგორ და რა შემთხვევებში გამოსცემენ პოლიციელები შემაკავებელ ორდერს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: