სიახლეები

ერთი მსახიობის აქცია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან

09.09.2014
ერთი მსახიობის აქცია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან

„ვაპროტესტებ ხელფასზე 20 %-ის დანამატის მოხსნას. ის ხელფასი, რაც ჩვენ გვაქვს, არ არის ადეკვატური იმ შრომასთან, რაც უწევს მსახიობს. თუ ვთქვათ, რვა საათი მუშაობს ჩვეულებრივ ადამიანი, ჩვენ ვმუშაობთ გაცილებით მეტს. მით უმეტეს პრემიერის დღეებში მსახიობს ფიზიკური და გონებრივი შრომაც მეტი უწევს. ამასთან, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა გვითხრა, პრემიები სამ თვეში ერთხელ გაიცემა, თან იმ შემთხვევაში, ან ფეხი თუ მოგტყდა, ან რამე უბედურება შეგემთხვა ან კარგად თუ ითამაშე. შეასრულე თუ არა კარგად როლი, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი სუბიექტურად წყვეტს,“ – ამბობს მეგი კობალაძე.

„რამდენადაც მე მითხრეს შეიცვალა პრემიების გაცემის წესი. ეს ინფორმაცია ვაცნობე დასს. დასი საქმის კურსშია. ამიერიდან პრემია სამ თვეში ერთხელ კვარტლურად გაიცემა. პრემია უნდა დარიგდეს რაღაც კონკრეტული საქმისთვის. თუ ვინ მიიღებს პრემიას, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძემ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში დასაქმებულ მსახიობთა ნაწილის ხელფასი 350 ლარამდეა, არის უფრო მაღალი ხელფასის მქონე მსახიობებიც.

აქციას განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი გამოეხმაურა. მგალობლიშვილი აქციის მონაწილეს, მეგი კობალაძეს  შეხვდა და განუმარტა, რომ ამიერიდან პრემიას კვარტალურად ყველა თანამშრომელი მიიღებს.

„პრემია იქნება კვარტალური თითო თანამშრომელზე 60 %, რესურსი რჩება იგივე.  თუმცა კვარტალში ერთხელ მიიღებენ და თუ იქნება დღესასწაული მიიღებენ სადღესასწაულოსაც. ვფიქრობ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი,“ – ამბობს ლადო მგალობლიშვილი.

მისი განმარტებით პრემიას ყველა თანამშრომელი მიიღებს.

„თუ ადამიანს ექნება ადმინისტრაციული სახდელი, რა თქმა უნდა, ის ვერ მიიღებს, დანარჩენ შემთხვევაში ყველა მიიღებს. რაც შეეხება ხელფასის მატებას, განხილვა შესაძლებელია იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, ვისაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი, საარსებო მინიმუმ თან ახლოს. დანარჩენ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება,“ – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.