მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქვათა ცვენა სოფელ მახალაკიძეებში

20.06.2017
ქვათა ცვენა სოფელ მახალაკიძეებში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში გუშინ, 19 ივნისს, ქვათა ცვენის შემთხვევა დაფიქსირდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის თქმით, ლოდი ფერდობიდან დასახლებულ უბანში, სასოფლო გზაზე ჩამოვარდა. ქვათა ცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.

„საკმაოდ დიდი მოცულობის ლოდია ჩამოვარდნილი, ქვათა ცვენის შემთხვევები სოფელ მახალაკიძეებში გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ უბანში ლოდი პირველად  გუშინ ჩამოვარდა. გეოლოგები გამოვიძახეთ, ხვალ ამოვლენ და შეისწავლიან მდგომარეობას ადგილზე. ფერდობზე, საიდანაც ლოდია ჩამოვარდნილი, სხვა ლოდებიც არის, მაგრამ რამდენად არის მათი ჩამოვარდნის საშიშროება, ამას გეოლოგები დაადგენენ,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

ქვათა ცვენის ხშირი შემთხვევების გამო  სოფელ მახალაკიძეებში, რაბათის უბანში მცხოვრებ 32 ოჯახს გეოლოგებმა 2016 წელს უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცვლეობის რეკომენდაცია მისცეს. ზაზა ზოიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ოცდათორმეტივე ოჯახს სახელმწიფო პროგრამით განსახლებას სთავაზობს, რასაც ადგილობრივები არ თანხმდებიან.

„გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე 2016 წელს ხელისუფლებამ 32 ოჯახს ეკომიგრანტთა პროგრამით სარგებლობა შესთავაზა. საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით ჩვენ ყველა მათგანს წერილობითი ცნობა გავუგზავნეთ დარეგისტრირებულიყვნენ ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში, რაზეც თავდაპირველად ყველამ უარი განაცხადა, შემდეგ კი მხოლოდ ხუთი ოჯახი დარეგისტრირდა პროგრამაში. მოსახლეობა ჰესის მშენებელ კომპანიას ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას სთხოვდა,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: