სიახლეები

არჩილ ხაბაძის ნათესავები

07.09.2014
არჩილ ხაბაძის  ნათესავები

 

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ნატო ჩელებაძე ხელმძღვანელობს. მისივე ინფორმაციით, ის ამ თანამდებობაზე 2014 წლის აპრილში დაინიშნა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ნატო ჩელებაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დეიდაშვილია. ამის დაზუსტება თავად ნატო ჩელებაძესთან ვცადეთ, თუმცა მან კითხვაზე – არის თუ არა არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი, არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

 

 

`ბათუმელების~ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ახალაშენებული ბაღის დირექტორად დანიშნეს არჩილ ხაბაძის დეიდა – ნარგიზ  ჩელებაძე. მართალია, აღნიშნული ინფორმაცია ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ია ხალვაშმა არ დაადასტურა, მაგრამ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ნარგიზ ჩელებაძის შვილმა _ რაულ ჩელებაძემ.

 

 

ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით კი, სოფელ კვირიკეს ბაღი ჯერ დაკომპლექტებული არ არის. ვაკანტურ თანამდებობებზე ბაღების გაერთიანებაში შესულია განცხადებები, თუმცა ჯერ კომისიას ისინი არ შეუსწავლია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის.

 

 

„რაც შეეხება ნარგიზ ჩელებაძეს, მას ნამდვილად აქვს შემოტანილი განცხადება ბაღში დასაქმებაზე, მასწავლებლის პოზიციაზე და ბევრ სხვასაც. მოგეხსენებათ სოფელია და დასაქმება ყველას უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე კონკრეტული რომელიმე თანამდებობაზე მოიაზრება. ვაზუსტებ, ჯერ კომისიას მათი განცხადებები არ განუხილია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის“.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში არჩილ ხაბაძის კიდევ ერთი დეიდაშვილის _ რაულ ჩელებაძის დანიშვნის საკითხიც განიხილება, მას „სანდასუფთავების“ სამსახურის დირექტორად მოიაზრებენ. `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ არ დაადასტურა რაულ ჩელებაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ვაჟა ჯინჭარაძე მუშაობს.

 

 

ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძემ თანამდებობაზე მისვლისთანავე თავისი მეუღლის ბიძაშვილი ლაშა სირაბიძეც დანიშნა – ის MЧC-ში ერთ-ერთი განყოფილების უფროსია.

 

 

თანამდებობა შეინარჩუნა არჩილ ხაბაძის მამამ თამაზ ხაბაძემაც, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობს.

 

 

„ბათუმელებმა“ სცადა გადაემოწმებინა, არის თუ არა თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მისი ნათესავების საჯარო სამსახურებში დანიშვნის შესახებ ინფორმირებული. მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სირაბიძემ განმარტა: „მე არ მომეპოვება მსგავსი ინფორმაცია და ვინაიდან თავმჯდომარე მივლინებაშია, ვერ დაგიდასტურებთ. არ ვიცი“. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.