მთავარი,სიახლეები

მემუქრებიან – პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ბათუმში

06.06.2017
მემუქრებიან – პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ბათუმში

დღეს, 6 ივნისს, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის, ნანა ტოგონიძის შეტყობინების საფუძველზე, შსს-მ  წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. საქმე ეხება მუქარის შემცველ წერილს, რომელიც სპორტის მასწავლებელმა მიიღო.

წერილში ვკითხულობთ: „ტოგონიძე! ბევრს ნუ ატლიკინებ ენას… თორემ გპირდები, თუ ბეისბოლის ბიტით არ შემოგივარდე მაქ და არ გადაგტეხო პირდაპირ ხერხემალში. როდის და რა დროს შემოგივარდები, ეგ მე ვიცი…“-ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც მასწავლებლის თქმით, მას გამოუგზავნეს.

სპორტის მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამართალდამცავ უწყებას თავისი უსაფრთხოების გამო მიმართა.

„რადგან  მუქარის წერილი მომივიდა, მე გავაკეთე რეაგირება, წერილში ისეთი რამეები უწერია, რომ არ შეიძლება ამაზე რეაგირება არ მქონოდა“, – გვეუბნება ნანა ტოგონიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ იყო კონკრეტულად მისი მისამართით წერილი გამოგზავნილი, ნანა ტოგონიძე ამბობს. „გუშინ იყო სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა. დირექტორის მხარდამჭერები სკოლის წინ ვიყავით შეკრებილი და მეც ვიყავი მათ შორის. რადგან მე ვაქტიურობდი და ამავე დროს სკოლის პროფკავშირების ხელმძღვანელი ვარ, ალბათ ამიტომ მომწერა მე“, – გვეუბნება ის.

მუქარის წერილი ყოფილ მნეს დ.ლ-ს სკოლის დამლაგებლისთვის გადაუცია. დამლაგებელი ფაქტს „ბათუმელებთან“ ადასტურებს. „გუშინ ქუჩაში შემხვდა და მომცა წერილი ტოგონიძეზე გადასაცემად. მე არ გადავეცი, რადგან არ მინდოდა კონფლიქტი მომხდარიყო. არ ვიცი ვისგან გაიგო, მაგრამ სპორტის მასწავლებელი დღეს მოვიდა, წერილი მომთხოვა და მეც მივეცი“, – გვეუბნება იზო ჭელიძე.

„ბათუმელები“ სკოლის ყოფილ მნესაც ესაუბრა, რომელიც წერილის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ „ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.

როგორც სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე გვეუბნება,  მუქარის წერილის გამომგზავნი დ.ლ. სკოლაში სამეურნეო ნაწილს ხელმძღვანელობდა, თუმცა სკოლიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. „სკოლაში ნასვამ მდგომარეობაში მოდიოდა. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მარტის თვეში საყვედური გამოვუცხადე. ამის შემდეგ განცხადება დაწერა და წავიდა, თუმცა სულ იმუქრებოდა. მეც მემუქრებოდა და მასწავლებლებსაც, თუმცა საჭიროდ არ ჩავთვალე სამართალდამცავებისთვის მიმემართა“, – გვეუბნება დირექტორი.

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური, მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე იყო შესული. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სკოლაში დარღვევები დაფიქსირდა, რის გამოც სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა დღის წესრიგში. თუმცა, სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა სამინისტროს პოზიციას და დირექტორი თანამდებობაზე დატოვა.

ბათუმის პირველი სკოლის დირექტორი არჩეულია და მისი გადაყენების უფლება სამინისტროს არ აქვს.

პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური მაისის დასაწყისიდან მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: