მთავარი,სიახლეები

რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

02.03.2017
რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

კითხვას, აპირებთ თუ არა მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას დაელოდება და დეკანოზს იმ შემთხვევაში შეხვედება, თუ პატრიარქისგან კურთხევას მიიღებს.

მიტროპოლიტმა ისაუბრა დეკანოზის ოჯახის წევრებთან გუშინდელ შეხვედრაზეც. დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ, მეუფესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული არ არის.

„კონკრეტულ საფრთხეზე გიორგის ოჯახის წევრებს ჩემთან არ უსაუბრიათ. ასეთი კონკრეტული რამ ოჯახის წევრებს ჩემთან არ უთქვამთ,“ – ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი.

გუშინ, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საჯარო განცხადებებს არ გააკეთებდნენ. რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტებთან შეხვედრა მეუფე დიმიტრიმ დღეს? – „ბათუმელების“ კითხვას ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა ასე უპასუხა:

„ვხედავდი, როგორ ათენ-აღამებდით რეზიდენციის წინ. ხმაური არ მაწუხებს, მაგრამ შემაწუხა იმან, რომ ამ სიცივეში იდექით. იძულებული გამხადეთ, რომ მეთქვა… არც თქვენ ისვენებდით და არც მე მასვენებდით“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: