მთავარი,სიახლეები

რატომ ჩუქნის გამწვანების უფროსის ოჯახის კომპანია მერიას ხეებს

22.02.2017
რატომ ჩუქნის გამწვანების უფროსის ოჯახის კომპანია მერიას ხეებს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქში ნაჩუქარ ხეებს რგავს. სამსახურის უფროსის, ლევან ჭანუყვაძის თქმით, ხე-მცენარეები მერიას შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ გადასცა.

„16 ხე-მცენარე – ტუია და ტირიფი „აგრო დეკორ სერვისმა“ გადმოგვცა. ეს არ არის ჩვეულებრივი ტირიფები, ხვიარა ტოტები აქვს, ადგილზე გამოყვანილი მცენარეებია, ოღონდ სელექციაა უცხოური.

ხე-მცენარეები ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე, მაღლივი კორპუსის ირგვლივ დაირგო, რადგან აქ გამწვანება ნაკლებია,“ –  თქვა ლევან ჭანუყვაძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ ჩუქნის კომპანია მცენარეებს მერიას? ლევან ჭანუყვაძე ამბობს: „იმიტომ, რომ ბათუმი იყოს კარგად“.

2016 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „აგრო დეკორ სერვისის“  დირექტორი და მფლობელიც ლევან ჭანუყვაძეა. თუმცა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანია ახლა ინგა ირემაძის ანუ მისი ოჯახის წევრის საკუთრებაშია. კომპანია სანერგეებს ფლობს.

გამწვანების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ „აგრო დეკორ სერვისის“ გარდა, მერიას  1 500 ძირი ციტრუსოვანი მცენარე „აგრო სერვის ცენტრმაც“ აჩუქა. ამ მცენარეებით ქალაქში ციტრუსოვანთა ხეივნები გაკეთდება.

„ადგილებს ვეძებთ, ჯერ შერჩეული არ გვაქვს, მანდარინის, ფორთოხლის ხეივნები გაკეთდება, რომელიც აპრობირებულია ევროპაში.  მცენარეები ძალიან ბევრია, ამდენს ალბათ ვერ ავითვისებთ.“

ერთი თვის წინ გამწვანების სამსახურმა  პროექტების შესარჩევად ახალი კამპანია წამოიწყო, – პროექტები სოციალურ ქსელში განათავსა. გამარჯვებული პროექტი „ლაიქების“ რაოდენობით უნდა გამოვლენილიყო. „გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელმაც „დაახლოებით 150 „ლაიქი“ მიიღო,“ – გვეუბნება სამსახურის უფროსი- „პროექტი „ბათუმი ცენტრალის“ წინ უნდა განხორციელდეს. მეორე პროექტი, რომელიც გვირაბის შემოსასვლელთან გვინდა გაკეთდეს, ახლა სოციალურ ქსელში  გვაქვს  და მოსახლეობის შეფასებებს  დაველოდებით“.

გამწვანების სამსახური მრავალწლიანი მცენარეების შესასყიდად ტენდერის გამოცხადებას ერთ კვირაში აპირებს. „200-ათასლარიანი ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ მრავალწლიანი მცენარეების შესყიდვაზე. თანხა ძალიან მწირია ამხელა ქალაქისთვის, მაგრამ შემდეგ იქნებ დაგვიმატოს მერიამ,“- გვეუბნება ლევან ჭანუყვაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: