მთავარი,სიახლეები

კანაფის მოყვანა – გაუქმდება თუ არა თავისუფლების აღკვეთით დასჯა

25.01.2017
კანაფის მოყვანა – გაუქმდება თუ არა თავისუფლების აღკვეთით დასჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო სარჩელის, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების, მათ შორის, კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ეხება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თავისუფლების აღკვეთით ვეღარ დასჯიან ადამიანს კანაფის კულტივაციისთვის.

მოსარჩელეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგინაშვილი თვლიან, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-17 მუხლს – „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი და პატიება და ღირების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ მოსარჩელეები მიუთითებენ კონსტიტუციის მე-14  და მე-16 მუხლებს, სადაც წერია, რომ „ყველა ადამიანი თანასწორია“ და „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.

2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე, პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია. მას შემდეგ, მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანებს სისხლის სამართლის წესით ვეღარ სჯიან, თუმცა იმის გამო, რომ პარლამენტს კანონი არ შეუცვლია, მარიხუანას მოხმარება, ან პირადი მიზნისთვის მისი შეძენა დანაშაულად მიიჩნევა.

ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა, უნდა დაისაჯოს თუ არა თავისუფლების აღკვეთით პირი მარიხუანას კულტივაციისთვის. ამ ქმედებისთვის კანონი 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელში აქცენტირებულია ისიც, რომ კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად და არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთირების – ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: