10 თვის წინ, მოქალაქე დავით რობაქიძისთვის გამოწერილი 200-ლარიანი ჯარიმა ბათუმის საკრებულოს მიერ ახალი დადგენილების გამოცემის საფუძველი გახდა.
ყველაფერი ასე დაიწყო: 2025 წლის 2 იანვარს, დავით რობაქიძემ შვილი, 17 წლის ანა საახალწლო ღონისძიებაზე წაიყვანა. მანქანა მიმდებარე, კობალაძის ქუჩაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის განკუთვნილ პარკინგზე გააჩერა. მანქანას წინა საქარე მინაზე დამაგრებული ჰქონდა ნიშანი, რომ ის შშმ პირის, ანუ დავითის შვილის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა.
დავითი იხსენებს, რომ ღონისძიებაზე შესვლიდან რამდენიმე წუთში მან დაჯარიმების შესახებ შეტყობინება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 200 ლარით დააჯარიმა მანქანის შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკინგზე გაჩერებისთვის. დავითმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა უწყებამ მოთხოვნა უარყო და ჯარიმა ძალაში დატოვა.
„აქ ფულზე არაა საუბარი. კაი, მე გადავიხდი იმ 200 ლარს, მაგრამ მთელი ქალაქისთვის ხომ დარჩება პრობლემა?! დარჩება იმ ადამიანებისთვის, ვინც შშმ პირია“, – ამბობს დავით რობაქიძე და გვიყვება, რომ გადაწყვიტა ჯარიმა სასამართლოში გაესაჩივრებინა.

დავით და ანა რობაქიძეები
დასახმარებლად მან რამინ მაჭარაშვილს მიმართა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტს.
მაჭარაშვილი გვიხსნის, რომ ქალაქის მასშტაბით პარკირების წესებს ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა განსაზღვრავდეს. მათ შორის, შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილების მონიშვნისა და სპეციალური ნიშნების გაცემის საკითხს.
თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს, ბათუმის მერიას აქამდე არ ჰქონდა ოფიციალური ფორმა, რომელიც შშმ პირთათვის სპეციალური საპარკინგე ნიშნებს გასცემდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, მოქალაქეს არ ჰქონდა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ სპეციალურ სივრცეს ნამდვილად შშმ პირის საჭიროებისთვის იყენებდა.
ასე მოხდა ანა და დავით რობაქიძეების შემთხვევაშიც.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა სპეციალური ნებართვა მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომლითაც იქნებოდა დადასტურებული, რომ ეს საცნობი ნიშანი არის ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული. ანუ, მოქალაქეს სთხოვდნენ ისეთი რაღაცის წარდგენას, რომლის წარდგენაც შეუძლებელი იყო, რადგან მუნიციპალიტეტს მსგავსი რეგულაცია არ ჰქონდა – ბათუმის მერიაში მოქმედი წესი არ ითვალისწინებდა ოფიციალურად შშმ პირთა საცნობ ნიშანს გაცემის წესს, ამ ნიშნის ფორმას, სტრუქტურას, ვიზუალს და ა.შ.” – განმარტავს იურისტი.
ის ამბობს, რომ შსს-ის ვალდებულება იყო, თავად, პროაქტიულად მოეკვლია ეს საკითხი, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქისთვის არ მოეთხოვა „ბუნებაში არარსებული“ დოკუმენტის წარდგენა.
თუმცა, რადგან სამინისტროც და სასამართლოც საკითხს შაბლონურად მიუდგნენ, ორგანიზაციაში გადაწყვიტეს დაეწყოთ სამოქალაქო ადვოკატირება – მათ მერიას პრობლემა აუხსნეს, გამოსავლის მათეული ხედვა შესთავაზეს და მოგვარება სთხოვეს.
როგორც რამინ მაჭარაშვილი ამბობს, ბათუმის საკრებულო საკითხით დაინტერესდა და მოამზადეს დოკუმენტი შშმ პირის მართვის ქვეშ მყოფი, ან შშმ პირის გადამყვანი ავტომანქანის პარკირების შესახებ. 30 ოქტომბერს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება.

რამინ მაჭარაშვილი
დადგენილების მიხედვით, მერია გასცემს საცნობ ნიშანს უშუალოდ შშმ პირზე [და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე] და მისი გამოყენება ნებადართული იქნება ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი შშმ პირი. გარდა ამისა, ამ ნიშნის გამოყენების შემთხვევაში მოქალაქე პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდება.
ეს მხოლოდ ერთი შედეგია იმ პროექტის, რომელსაც „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ უკვე წელიწადია ახორციელებს. პროექტი დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონს მოიცავს – აჭარის გარდა შშმ პირთა გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმუშავეს გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთშიც.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ რეგიონებში მომუშავე შშმ პირებმა, მათმა მშობლებმა, აქტივისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მოქალაქეებმა შექმნეს ქსელი, რომელიც მათ წინაშე არსებული პრობლემების გამოვლენას, პრიორიტეტიზაციას, სამოქმედო გეგმის შედგენასა და ადვოკატირებას გულისხმობდა. თითოეულ ამ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესმა იმის მსგავსი გზა გაიარა, რაც ბათუმში, შშმ პირთა პარკინგის პრობლემამ.
სამუშაო პროცესში ათობით მოქალაქე იყო ჩართული.
„თავდაპირველად, დაახლოებით 20-მდე ადამიანი შეიკრიბა. ახლა ჩვენი ქსელი 35-მდე ადამიანს აერთიანებს“, – გვიყვება სამეგრელოს ქსელის კოორდინატორი, ირაკლი სამუშია. – „გამოიკვეთა დაახლოებით 20-მდე პრიორიტეტი. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული ჯგუფი 20 პრიორიტეტზე მუშაობას ვერ მოახერხებდ. ამიტომ, ჩავატარეთ კენჭისყრა, რის შედეგადაც გამოვკვეთეთ 4 ძირითადი პრიორიტეტი. ამ პრიორიტეტების მიხედვით, შევადგინეთ სამოქმედო გეგმა და გავინაწილეთ როლები. ქსელის თითოეული წევრი ჩართულია ერთი, ან რამდენიმე პრიორიტეტის ავდოკატირებაში“.
სამეგრელოს საკორდინაციო ქსელის შეხვედრაზე (14.09.2026)
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სამეგრელოს ქსელის წევრები მუშაობენ არის შშმ პირთათვის განკუთვნილი ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება. ირაკლი სამუშია გვიხსნის, რომ ადრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები მათთვის საჭირო მედიკამენტებს მიმართვიდან მალევე, დაახლოებით ორი კვირის ვადაში იღებდნენ. ბოლო პერიოდში კი საჭირო მედიკამენტების დაფინანსების ვადები გახანგრძლივდა.
სამეგრელოს ქსელის წევრებმა მოიკვლიეს ინფორმაცია და აღმოაჩინეს, რომ ამის მიზეზი მუნიციპალური სოციალური სერვისების ცენტრალურ ჯანდაცვის სამინისტროს სერვისებთან დაკავშირება გახდა. ინფორმაციის გაგზავნას რეგიონიდან დედაქალაქში და სხვა ბიუროკრატიულ პროცედურების გამო, სამეგრელოში მცხოვრებ შშმ პირები საჭირო მედიკამენტებს, ზოგჯერ 3 თვე ელოდნენ.
ირაკლი სამუშია გვიხსნის, რომ აღნიშნული მედიკამენტები საკმაოდ ძვირია და საკუთარი სახსრებით მათი შეძენის შესაძლებლობა მოქალაქეებს არ აქვთ. სოციალური დაფინანსების დაგვიანება კი ხელს უშლის მათ, მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღონ.
სამეგრელოს ქსელის წევრებმა წერილით მიმართეს ზუგდიდის მერიას, დეტალურად აუხსნეს არსებული ვითარება და სთხოვეს პროგრამის იმგვარად შეცვლა, რომ საჭირო სერვისები მოქალაქეებს დროულად მიეღოთ. ირაკლი სამუშია ამბობს, რომ მათ ჰქონდათ პირადი კომუნიკაციაც მერიის წარმომადგენლებთან და მიიღეს საკითხის დღის წესრიგში დაყენების პირობა. ქსელის წევრებს იმედი აქვთ, რომ ზუგდიდის მერია მათ საჭიროებებს გაითვალისწინებს.
პრობლემა, რომელიც ოთხივე რეგიონის ქსელის წევრებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები და შშმ პირთათვის არაადაპტირებული გარემო. მათ მოიარეს, აღწერეს და დაასურათეს ქალაქის ის ნაწილები, სადაც ეტლით მოსარგებლეების, ან უსინათლოების გადაადგილება რთულია, ან ფაქტობრივად შეუძლებელი.
მაგალითად, გურიის ქსელის კოორდინატორი, მარი ნუცუბიძე გვიყვება, რომ გარდა წერილობითი მიმართვისა, მათ პირისპირი შეხვედრები გამართეს ლანჩხუთის მერის მოადგილესა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან. ქსელის წევრები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ლანჩხუთის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას გაითვალისწინოს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეებს შშმ პირთათვის უფრო მისაწვდომს გახდის.
„სამივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შევხვდით, სამივე მუნიციპალიტეტებში გავგზავნეთ წერილები. ახლა თითოეულ ინიციატივა მუშავდება, რომ იყოს სრულყოფილი და მიეცეს ისეთი სახე, ადამიანებისთვის კეთილდღეობის მომტანი რომ იყოს. პირადად შევხვდით მერის წარმომადგენლებს, მოადგილეებსა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელებს. ახლა ველით უკუკავშირს“, – გვიხსნის მარი ნუცუბიძე.

მარი ნუცუბიძე გურიის საკორდინაციო ქსელის შეხვედრაზე (21.09.2026)
„ბათუმელებთან“ ის ხაზს უსვამს, რომ ქსელის შექმნას გურიის რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სამივე მუნიციპალიტეტში – ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში მცხოვრებმა შშმ პირებმა, მათი ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც თანაბარი გარემოს შექმნა პრიორიტეტია, ერთმანეთი გაიცნეს, ერთად იმუშავეს და ერთად ნაყოფიერი საქმის კეთების მაგალითი შექმნეს.
მარი ამბობს, რომ კონკრეტული პროექტი მალე დასრულდება, მაგრამ ქსელი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, დარჩება და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას შშმ პირთა წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
„ქსელი შეიქმნა, რომელმაც უნდა იმუშაოს მომავალშიც. ამ პროექტით ქსელის მუშაობა არ მთავრდება. ამიტომ ქსელს გაძლიერება სჭირდება. სულ ვცდილობთ, რომ მეტი ადამიანი შემოემატოს და ჩვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერი გახდეს. იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის კოორდინატორებთანაც მაქვს ყოველკვირეული შეხვედრები და კარგავ ვხვდებით ერთმანეთის ფასს.
საჭიროა, რომ სულ გვქონდეს კოორდინაცია, აზრების გაცვლა-გამოცვლა და ა.შ. უკუკავშირები ძალიან ნაყოფიერია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოცემულობაა, ძირითადად მაინც ერთნაირი გამოწვევები გვაქვს“, – ამბობს მარი ნუცუბიძე.
კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს აჭარის ქსელის კოორდინატორი, თათო მახარაძე. ის გვიხსნის, რომ აჭარაში და სამეგრელოში შშმ პირთა ქსელი აქამდეც არსებობდა, მაგრამ საჭიროებდა განახლებასა და გააქტიურებას. იმერეთსა და გურიაში კი მსგავსი გაერთიანება პირველად შეიქმნა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სხვადასხვა აუდიტორიისთვის. რეგიონულმა ქსელებმა შეარჩიეს ისეთი პროფესიული და თემატური ჯგუფები, რომლებსაც, მათი შეფასებით პირდაპირი შეხება აქვთ შშმ პირებთან, ან შეუძლიათ სწორი ინფორმაციითა და მიდგომებით, თანასწორი გარემოს შექმნას შეუწყონ ხელი.
აჭარის საკორდინაციო ქსელის შეხვედრაზე (16.09.2026)
მაგალითად, სამეგრელოს ქსელი გეგმავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომუშავე ავტობუსის მძღოლების გადამზადებას. ეს მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეგიონში მცხოვრები შშმ პირების ნაწილს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის „უხერხული გამოცდილებები“ აქვთ.
„ავტობუსის მძღოლების გადამზადება მნიშვნელოვანი შშმ პირების და არა მხოლოდ შშმ პირების კომფორტული მგზავრობისთვის. სამწუხაროდ, დაფიქსირდა რამდენიმე ისეთი ფაქტი, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალეთ ამაზეც გვესაუბრა. ადამიანებმა ზოგჯერ, უბრალოდ, არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ, რომ უხერხულობა არ შეიქმნას.
დავუკავშირდით მერიის ტრანსპორტის სამსახურს. მათი მხრიდან ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება მოდის – გამოთქვეს თანამშრომლობის მზადყოფნა. ახლა ვგეგმავთ შეხვედრას, სადაც განვიხილავთ დეტალებს, მძღოლებს რომ ჩავუტაროთ მარტივ ინსტრუქტაჟი.
გაჟღერდა მოსაზრება, რომ გადავამზადოთ ერთი კონკრეტული კადრი, რომელიც პერიოდულად გადაამზადეს თანამშრომლებს. მოგეხსენებათ, ეს მძღოლები პერიოდულად იცვლებიან და ახალი კადრების შემოდინების შემთხვევაში, ინფორმაცია რომ დროულად გავრცელდეს“, – გვიყვება ირაკლი სამუშია.
სხვადასხვა რეგიონში უკვე ჩატარდა შეხვედრები სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან, ექიმებთან, არქიტექტორებთან.
პროექტის ეს კომპონენტი განსაკუთრებით აიმედებთ კოორდინატორებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეები მომავალში თავად გახდებიან თანასწორი გარემოს ელჩები და ერთად თუ ცალ-ცალკე ხელს შეუწყობენ შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნასა და პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.








