რატომ არის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს ქუჩაში გასვლა და თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო, პროევროპულ აქციაში მონაწილეობა? – „ბათუმელები“ ამ თემაზე სამოქალაქო წინააღმდეგობის რამდენიმე მონაწილეს ესაუბრა.
2 წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებმა იმავე დღეს გააპროტესტეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროევროპული აქციები უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება.
- ნანკა კალატოზიშვილი: „ვიდრე შემიძლია გავაპროტესტო, გავაპროტესტებ“
„28 ნოემბერი ისეთი თარიღია – 2 წლის წინაც არავის დაძახებულზე არ გამოვსულვართ. მგონია, არც ახლაა საჭირო, ვინმემ დაგვიძახოს. შენ თვითონ უნდა ხვდებოდე, რომ კონსტიტუციის თავზე გადახევა არავის არ აპატიო“, – ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი. იგი ამბობს, რომ ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვს, 28 ნოემბრის საპროტესტო აქციას შეუერთდეს.
„ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი მაქვს, რომ „ოცნებას“ დავანახო – არ დავნებდი. ყველასთვის კარგი იქნებოდა, მარტივად მომხდარიყო შედეგის დადება, მაგრამ ასე არაა. დღეს, როცა მათე დევიძის წერილებს ვკითხულობთ: ქუჩაში გამოსული ხალხის დანახვა მაძლიერებსო… ამიტომაც უნდა გავიდე ყოველ ჯერზე ქუჩაში.
იმ ადამიანებს ველი 28 ნოემბერს ყველაზე მეტად, რომლებიც დიდი ხანია აღარ გამოსულან… ბევრს მოუწია რაღაც კომპრომისზე წასვლა. მათ უნდა დაანახონ რეჟიმს, რომ ამ ქვეყნის კიდევ უფრო დიდ უკუსვლას ხედავენ და შეუძლიათ ბრძოლა ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის.
უბრალოდ, როგორ უნდა დათმო ამხელა ბრძოლა და ჩაიქნიო ხელი? ყველამ გაიხსენოს, რა ხდებოდა ორი წლის წინ, ის სთორები გავაცოცხლოთ: რა დღეში ვიყავით ქუჩაში. აქამდე ვისაც ეჭვი ეპარებოდა რამეში, ისიც კი ხვდება უკვე, რამხელა ტყუილში ცხოვრობდა.
ყოველ ჯერზე პროპაგანდა წრეზე ტრიალებს, ყველანაირად გვებრძვიან: მილიონებით, მტრული სახელმწიფოს მხრიდან ზურგის გამაგრებით, რეჟიმით, ყველაფრით გვებრძვიან ადამიანებს, რომლებსაც ნახევარს სამსახური აღარ აქვს, ნახევარს ჯარიმები აქვს.
და ეს ხალხი მაინც გამოდის და დგას.
აქციაზე თავებს ითვლიან. გამოდის, რომ დიდ დისკომფორტს უქმნის რეჟიმს ეს აქციები.
ამიტომაც გადათხარეს რუსთაველი, გადაკეტეს ჭიჭინაძის კუთხე და საღამოს 9 საათზე იწყებდნენ მუშაობას, ანუ როცა აქცია იწყებოდა. ეს რის მაჩვენებელია? საერთოდ არ ადარდებდათ იქაური მილები…
ვნახეთ, როგორ იდგნენ პრინციპულად სტუდენტები სერბეთში და თავისი გაიტანეს. ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება ისინიც არ იყვნენ ბევრნი, მაგრამ არ აპატიეს მთავრობას კორუფცია… მე არ ვარ პოლიტიკოსი და ვერც სხვას ვურჩევ, რა გააკეთოს. უბრალოდ, მივდივარ და აქციაზე ვდგები. ვიდრე შემიძლია გავაპროტესტო, გავაპროტესტებ!
ოპოზიციონერებს თუ ვაძლევთ ხმას და მათ ზუსტად თუ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ხალხის ხმა უნდა ესმოდეთ: ერთსაც, მეორესაც, მესამესაც – ყველას. ეს არის მთავარი პრობლემა, ასე მგონია.
ახლა ოპოზიციასაც კრძალავენ. ისეთი უსუსურია ეს სასამართლო. პროცესებს რომ ვუყურებ, ზოგჯერ, მგონია, რომ ოპოზიცია რეალურად ახლა დავინახე, ამ სასამართლო პროცესებზე დავინახე არგუმენტებით.
ძალიან ბევრი დრო დაკარგა ოპოზიციამ, მათ შორის, ერთმანეთთან ეგოების დატოლებაში იმის ნაცვლად, რომ საერთო მტერთან ებრძოლათ,“ – გვითხრა ნანკა კალატოზიშვილმა.
რა იქნება ხვალ, თუ დღეს არ ვიბრძოლებთ რეჟიმის წინააღმდეგ? – ვკითხეთ მას.
„ზოგს ეცინება, რუსეთის გუბერნიას რომ გვეძახიან, მაგრამ აი, ჩეჩნეთიზაციის გზას ვადგავართ. ყოველდღე რაღაც საშინელება ხდება… კრიმინალური ქოლცენტრების ჰაბად ვიქეცით.
ჩვენ თუ თვითონ თუ არ დავანახეთ სამყაროს, დასავლეთს, ერთმანეთს, რომ გადარჩენა გვინდა, არავინ არ გადაგარჩენს. ყველა გეუბნება, ხელი გაანძრიე, გაცურე და მერე მეც მოგისწრებ. ეს ჩვენი ბრძოლის ველია. ეს ამ ეპოქაში, აწმყოში მცხოვრები ადამიანების გასაკეთებელია.
როგორი იქნება ისტორიის ეს თავი წლების შემდეგ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, ეს ბრძოლა მოვიგოთ, ან წავაგოთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. რამდენი წაგებული ბრძოლაა ისტორიაში? წააგეს, მაგრამ იბრძოლეს.
ჩვენ მართლები ვართ ამ ბრძოლაში. ამაში ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები. მინდა, რომ ისტორიას 30 და 50 წლის მერე რომ ვიღაც გადაშლის, ნახოს: აი, თუნდაც ამ პერიოდში ხალხი მაინც გამოდიოდა, იბრძოდა… დღეს ხომ ვკითხულობთ ისტორიებს, როგორ დაუდგნენ ადამიანები რუსულ ტანკებს ჯოხებით და შიშველი ხელებით? საკუთარ ენაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს ხომ 78 წელს გამოსული ხალხის დამსახურებაა?
ყველაფერი ბრძოლის შედეგად გვაქვს მიღებული. ახლა ასე ვერ გავტრიალდებით და ვერ ვიტყვით, რომ არაფერს აზრი არა აქვს. თუ ასე მოვიქცევით, რას ვეტყვით მომავალ თაობას, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა? დანებდი? სახლში ჩაიკეტე და გაჩუმდი? გარეთაც არ გამოხვედი?
ძალიან რთულია ეს ქვეყანა შემოაბრუნო იმ წერტილში, სადაც ვიყავით, ვიდრე დეგრადაციამდე მოგვიყვანეს, მაგრამ ბრძოლით ყველაფერი შესაძლებელია,“ – უთხრა ნანკა კალატოზიშვილმა „ბათუმელებს“.
- ეკა დემეტრაძე: „დღეს პროტესტი კიდევ უფრო მწვავეა… ხალხი ელოდება რაღაც მომენტს“
„28 ნოემბერს აუცილებლად გავალ აქციაზე. ეს, პირველ რიგში, ღირსების საკითხია,“ – ამბობს მსახიობი ეკა დემეტრაძე. მისი აზრით, დღეს საზოგადოებაში პროტესტი კიდევ უფრო მძაფრია, რადგან ქვეყნის უკუსვლის და რუსეთთან დაახლოების პროცესი დაჩქარდა.
რამ შეუქმნა წინააღმდეგობის მონაწილეს ეს განცდა, რომ პროტესტი ახლა კიდევ უფრო მწვავეა, ვიდრე, მაგალითად, 2 წლის წინ?
„არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა, პირიქით, რაღაცნაირად მივექანებით უსამართლობის, ძალადობის, უკანონობის, კორუფციის მორევში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი კიდევ უფრო მწვავეა. არ შეიძლება, ეს ბრაზი უფრო მწვავე არ იყოს იმ ყველაფრის გამო, რაც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში ხდება.
აბსოლუტურ აბსურდში ვართ უკვე გადასულები. მართლა ამ ფსკერს ბოლო არ აქვს. უფრო ღრმად და ღრმად მიგვაქანებენ.
მგონია, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ელოდება რაღაც მომენტს, გადამწყვეტ მომენტს და ამ მომენტში მგონია, რომ მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება. ვერ წარმომიდგენია, თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც მისაღები იყოს ის, რაც დღეს ხდება. ყოველდღიურად ისეთი საგიჟეთია, ტვინი ამ ყველაფრის დალაგებასაც ვერ ასწრებს.
28 ნოემბრის აქციაზე გასვლა არის ღირსების საკითხი, რადგან ამდენი სინდისის პატიმარი გვყავს. ციხეშია მზია ამაღლობელი, ვისი პატიმრობაც ჩემთვის ყველაზე მძიმე და ღირსების შემლახველია. სულ მეფიქრება, აი, როგორ ვერ მოვახერხეთ და ვერ დავიხსენით თუნდაც ერთი ადამიანი ჩვენი ბრძოლით.
ამათთვის საერთოდ არ აქვს აზრი, რას ამბობ. დაცინვით გიყურებენ… ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ რა დღეში ჩააგდო მედია, ის, რომ მზია ამაღლობელი სასჯელს იხდის სრული აბსურდის გამო. როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის არ იყოს ღირსების საქმე?
ამ დროს მართლა კრიმინალი როგორ ტრიალებს ჩვენს გარშემო? პოლიცია აღარ არსებობს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მთელი ეს ინსტიტუტი პირად დაცვად აქვს ქცეული „ქართულ ოცნებას“. ამაზე მეტი ღირსების შელახვა რა უნდა იყოს?
მოქალაქეებს საკუთარი თავის რჩენის საშუალებაც კი არ დარჩათ. 10 სამსახური თუ არ გაქვს, არ გყოფნის არაფერში. 10 კი არა, ერთი სამსახურიც აღარ არსებობს და ამავდროულად ფასები ასტრონომიულ ციფრებს აღწევს,“ – გვითხრა ეკა დემეტრაძემ.
რას უნდა აკეთებდეს ამ მოცემულობაში ოპოზიცია? – მას ამის შესახებაც ვკითხეთ.
„მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის, თუმცა ის ფაქტი, რომ ორი წელი გავიდა უკვე ბოლო მწვავე პროტესტის დაწყებიდან და ჯერ-ჯერობით ვერაფერი ვერ შეიცვალა, ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას სტრატეგია აქვს შესაცვლელი ან რაღაც სხვანაირად აქვთ გასაკეთებელი.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ უნდა შევეშვათ ერთი გადამრჩენელის, ან ვიღაც ლიდერის ძებნას. რაც არის მოცემულობა, ეს არის და აქედან უნდა ამოვიდეთ.
ახლო წარსულიდანაც გვახსოვს, როგორი იყო ცხოვრება ერთპარტიულ ქვეყანაში. მგონია, რომ ოპოზიციასაც თუ გააუქმებენ, მერე მივალთ იქამდე, რომ ხმასაც ვეღარ ამოვიღებთ. ყველაფერი ერთი ადამიანის პარანოიაზე იქნება დამოკიდებული.
მე მაინც მჯერა, რომ ისტორიაში და თითოეული ადამიანის ცხოვრებაშიც ზუსტად ერთ დღეში იცვლება ხოლმე რაღაც. შეიძლება ეს ერთი დღე არ დადგეს დღეს და დადგეს ორ კვირაში, სამ თვეში ან ხუთ წელიწადში, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ერთი დღე გამოვიდეს, შენ ყოველდღე რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა წინ: მინიმუმ არ გაჩუმდე და არ გახდე მათი პროპაგანდის მატარებელი იმით, რომ ჩუმად ხარ.
ჩუმად ყოფნაც ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ მონაწილე იმის, ვითომ ყველაფერი კარგად არის.
სიჩუმე არის ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ჩვენ თუ გავჩუმდებით, დანარჩენი ხალხი, ვინც ისედაც ჩუმად არის, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ცუდია ან ეშინიათ, ან ზუსტად ვერ ერკვევიან, რა როგორ ჯობია, ის ხალხიც იფიქრებს: ესე იგი, ასეა და მორჩა.
შეიძლება, წინ ვერ გადადგა ყოველდღე ნაბიჯი, მაგრამ უკან მაინც არ უნდა დავიხიოთ და არ დავნებდეთ.
მგონია, რომ ყოველდღიური ბრძოლა მიმართულია იმისკენ, რომ არ გავქრეთ, როგორც მოქალაქეები.
არის ქვეყნები, სადაც პროტესტის გამოხატვის უფლებაც აღარ აქვს ხალხს და ჩვენი დღევანდელი, ე.წ. ხელისუფლება ზუსტად მაგას ცდილობს – აღარ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოვხატოთ. აი, ეს არის მათი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ამას ცდილობენ ყველა გზით – გაშავებით, ჭორების დაყრით, შეურაცხყოფით, დაჭერით, დაშინებით, ეკონომიკური პრობლემების შექმნით“, – აღნიშნა ეკა დემეტრაძემ „ბათუმელებთან“.
- გოჩა მჟავანაძე: „უდანაშაულო თანამებრძოლები ციხეში და მე სახლში – ეს ფიზიკურად წარმოუდგენელია“
„როცა ცოტანი ვართ, მაშინ უფრო ძლიერად მიაჩნიათ თავი და მოქმედებენ რეპრესიული მეთოდებით. ბევრი მოქალაქე ქუჩაში ნაკლებ ჯარიმას, ნაკლებ პატიმრობას გამოიწვევს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. პრაქტიკაც ამას აჩვენებს,“ – ამბობს პროევროპული აქციის აქტიური მონაწილე გოჩა მჟავანაძე. იგი 28 ნოემბრის აქციაზე ბათუმიდან აპირებს თბილისში ჩასვლას.
გოჩა მჟავანაძის აზრით, მნიშვნელოვანია აქცია ხალხმრავალი იყოს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ხალხის რეალური ძალა დაინახოს – ის, რომ ხალხი ბრძოლის შეწყვეტას რეპრესიების მიუხედავად მაინც არ აპირებს.
„28 ნოემბრის აქციაზე მივდივარ, პირველ რიგში, იმის დასადასტურებლად, რომ ბრძოლა გრძელდება და დასახული მიზნების მიღწევის გარეშე არ დასრულდება აღნიშნული ბრძოლა. უდანაშაულო თანამებრძოლები ციხეში და მე სახლში – ეს ფიზიკურად წარმოუდგენელია.
ეს სიმბოლური თარიღია: ორი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების შესახებ. ამიტომაც, ეს პროტესტი გრძელდება უწყვეტად დედაქალაქში და რეგიონებში – უწყვეტად. ეს პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე არ შესრულდება ის მოთხოვნები, რაც ამ აქციაზეა. მოთხოვნები, რაც იყო 2 წლის წინ, არ დაკმაყოფილებულა არცერთი.
სიტუაცია არ გაუმჯობესებულა და პირიქით, გაუარესდა. 2024 წლის 28 ნოემბერს თუ პროტესტი მქონდა და ვაპროტესტებდი, ახლა უფრო მეტად უნდა მქონდეს პროტესტი.
თუ ცოტა ვიქნებით, უფრო მეტად დავისჯებით და თუ უფრო შევმცირდებით, პროტესტი შეწყდება. მერე სახლებშიც მოგვაკითხავენ და იქ იქნება მართლა ჯარიმები, პატიმრობები და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ ამაში. ახლაც მძიმე ვითარებაა, მაგრამ თუ პროტესტი შეწყდება, ჩემი აზრით, უარესი სიტუაცია იქნება ბევრად,“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
აქტივისტის აზრით, ორწლიანი უწყვეტი პროტესტის მთავარი მიღწევა ისაა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნის „ოცნებას“, ხოლო დისკომფორტს მიღმა დასავლეთისთვის საქართველოში გამოხატული პროტესტი იმის სიგნალია, რომ ავტორიტარიზმის დამკვიდრებას საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან.
„ლეგიტიმაციის პრობლემას რომ „ოცნება“ არ აღიქვამდეს, არც ოპოზიციის გაუქმებას არ მოითხოვდნენ, მათ შორის, ლეგიტიმაციის საკითხზე მითითებით. არჩევანის უფლებაც წაართვეს მოქალაქეებს.
ეს აქციები არის მნიშვნელოვანი გზავნილი დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ნებდებიან და ეს ბრძოლა არის უწყვეტი.
ამის შედეგია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება „ოცნებასთან“ ნორმალურ ურთიერთობას ვერ აღადგენს და არ აღადგენს, როცა პროტესტია ქვეყანაში. ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც თავისუფლების და დემოკრატიის დაცვის სიმბოლოა, იმ ქვეყანას, სადაც დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან, ვერ ჩათვლიან ბოლომდე ავტოკრატიად და გაფორმებულ ავტოკრატიად, დიქტატურად.
მე არ ვუყურებ, რომ ამ პროცესში პოლიტიკურმა ლიდერებმა განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ. ეს ყველას ბრძოლაა, თითოეული ჩვენგანის და ყველას პასუხისმგებლობა.
ასე რომ, 28 ნოემბერს მარში იქნება ორი ლოკაციიდან: თსუ-თან და ავლაბრის მოედნიდან, შეკრების ადგილი არის თავისუფლების მოედანი. ამ ეტაპზე ეს არის ცნობილი. შემდეგ რა იქნება, არ არსებობს გეგმა. მთავარია, რომ დანებებას არავინ აპირებს. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.






