მთავარი,სიახლეები • •

მუნიციპალური ავტობუსი წაგებაზე მუშაობს, სუბსიდია ქობულეთის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი იქნება

19.11.2026
მუნიციპალური ავტობუსი წაგებაზე მუშაობს, სუბსიდია ქობულეთის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი იქნება

საწვავის გაძვირების ფონზე, ქობულეთში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა რომ არ გაძვირდეს, მერიამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში შპს „ტრანსრეგულირების“ სუბსიდირებისთვის 3 მილიონ 253 360 ლარი გაითვალისწინა. შპს „ტანსრეგულირება“ მერიის ორგანიზაციაა, რომელსაც მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფა ევალება ქობულეთის ტერიტორიაზე და ბათუმის მიმართულებით.

მერიის ინფორმაციით, კომპანია წაგებაზე მუშაობს.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პროგრამული ნაწილის მიხედვით, რომელიც ქობულეთის საკრებულომ გამოაქვეყნა კომპანია 1 თვის განმავლობაში 26 400 მგზავრს ემსახურება. მუშაობს ჯამში 17 სამარშრუტო ხაზი.

განმარტებისთვის მერია რუსთაველის  ქუჩის მაგალითს იყენებს და წერს, რომ ამ ქუჩაზე ყოველდღიურად ორი ავტობუსი მუშაობს და საშუალოდ  2150-2250 მგზავრს ემსახურება. აქედან  შემოსავალი  950 -1050 ლარია, ხოლო ხარჯი 4250 ლარი. შესაბამისად, ზარალი 3200 ლარია.

მერია წერს, რომ ასეთი მოცემულობის მიუხედავად იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის  ფიქსირებული მინიმალური საფასური, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ფინანსური გაანგარიშებით საწარმოს შემოსავლები არ არის საკმარისი შეუფერხებელი მუშაობისათვის.

„საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, საწარმოს შემოსავლები ხარჯებთან მიმართებაში უარყოფითია.

ამიტომაც „ქვეპროგრამა ითვალისწინებს წლის განმავლობაში ცალკეული თვეების მიხედვით სატრანსპორტო კომპანიის მიერ წარმოქმნილი საოპერაციო დეფიციტის დაფარვას“.

მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი ქობულეთში 80 თეთრია, სამარშრუტო მიკროავტობუსით მოძრაობის ღირებულება კი ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით 2026 წლის სექტემბერში 1 ლარით გაძვირდა და 4 ლარი გახდა.

ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანია ემსახურება და მათ არ აქვთ უფლება მგზავრობის ფასის დადგენაში ჩაერიონ.

„საქალაქთაშორისო მოძრაობის საკითხს და შესაბამისად ტარიფის დადგენას მუნიციპალიტეტი არ არეგულირებს, ჩვენს მიერ დადგენილია მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი, რომელიც ქობულეთი – ბათუმის მიმართულებით მოძრაობს. ტარიფი 80 თეთრია და არ შეცვლილა“, – განმარტეს ქობულეთის მერიაში.

საქალაქთაშორისო ხაზზე ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის მფლობელმა სატელეფონო საუბარში მგზავრობის ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საწვავის ფასის მატებით ახსნა.

„საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, არავისთან შეგვითანხმებია, სხვაგვარად ვერ ვიმუშავებთ, ყველაფერი ძვირია“, – გვითხრა ავთანდილ ხინიკაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: