„სახელმწიფო აყალბებს მტკიცებულებებს, ქმნის პროპაგანდისტულ ხაზს ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გენერალური პროკურატურის მხრიდან პარტია „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას,“ – აცხადებს პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა.
გიგა ლემონჯავამ დღეს, 18 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბრიფინგი გამართა და პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც „დროას“ ოფისში 2024 წელს ჩატარებულ ჩხრეკას უკავშირდება.
კონკრეტულად კი, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, რა ამოიღეს 2024 წლის 4 დეკემბერს „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისების ჩხრეკის შედეგად, პროკურატურაში 17 ნოემბერს განაცხადეს: „ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“.
გიგა ლემონჯავა პროკურატურის განცხადების ამ ნაწილზე – „მოლოტოვის კოქტეილზე“ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს: „ჩვენთვის აპირებენ „მოლოტოვის კოქტეილის“ ჩადებას 2 წლის შემდეგ“.
„სინამდვილეში მაშინ ამოიღეს გახმოვანების საშუალებები, გენერატორები და საწვავი, რაც ამ გენერატორისთვის იყოს საჭირო. ეს ყველაფერი ჩხრეკა-მოღების ოქმში არის დაფიქსირებული.
მაშინ იყო ინტენსიური საპროტესტო აქციები, კვების წყარო არის გენერატორი, რომ ხმა გავაგონოთ ხალხს. პროკურატურამ ადგა და თქვა, რომ ეს ბენზინი „მოლოტოვის კოქტეილისთვის“ სჭირდებოდათო. ასე ჩემს ავტომანქანაში ასხია ბენზინი, შეუძლიათ ამოიღონ და თქვა, რომ ამისთვის სჭირდებოდათო.
მათი ამოცანაა საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ჩვენ წინააღმდეგ… სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, მათ რაიმეს დასაბუთება კი არ სურთ, არამედ საზოგადოებრივი განწყობის შექმნა, რომ თითქოს ჩვენ აკრძალვის ღირსი ვიყავით,“ – აცხადებს გიგა ლემონჯავა.
„დროას“ ოფისში ჩატარებულ ჩხრეკაზე შეკითხვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმაც დასვეს. გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ ვერც ამ პროცესზე ვერ მოახერხა „ოცნებამ“ იმის წარმოჩენა, თითქოს რამე კანონსაწინააღმდეგო ამოიღეს „დროას“ ან „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან.
ლემონჯავა ამბობს, რომ პროცესის შემდეგ „დროას“ საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი განწყობის შექმნაში შალვა პაპუაშვილიც ჩაერთო.
„შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო სასამართლოდან, სადაც მე ვთქვი, ფეიერვერკის გარდა კიდევ რა ამოიღეს. ეს წარმოაჩინეს ისე, თითქოს მე ვთქვი, რომ არ ამოუღიათ ფეიერვერკები…
პაპუაშვილმა დაამონტაჟა ვიდეო და როცა ვსაუბრობ, რომ არავითარი „მოლოტოვის კოქტეილი“ არ ამოუღიათ, ქვემოთ პარალელურად ჩანს „მოლოტოვის კოქტეილის“ ვიდეო, რომელიც არ ირკვევა, სად გადაღებულია, ვინ ამზადებს…
არავითარი ყალბი მტკიცებულება არ უშველის იმას, რომ „ოცნებას“ აქვს დემოკრატიის მკვლელობა განზრახული ამ ქვეყანაში, ევროპული მომავლის დასრულება და ტერიტორიულ მთლიანობაზე დარტყმა,“ – აცხადებს გიგა ლემონჯავა.
„ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.






