„ერთადერთის შიში მაქვს, რომ ფიზიკურად არ მოსპონ მეუფე, რადგან ესენი მკვლელები არიან“, – ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიტროპოლიტ იობზე, რომელმაც გასულ კვირას „ოცნების“ ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. მან თქვა, რომ „ოცნებამ“ თავისი შესაძლებლობები ამოწურა“, რომ უკეთესი მთავრობა უნდა ავირჩიოთ, რადგან მიტროპოლიტის შეფასებით, „ამჟამინდელი ხელისუფლება ფარისეველია და არაეკლესიური“; რომ კორუფცია ყვავის, მიწები უცხოელებზე იყიდება და კაზინოების ბიზნესი ფართოვდება.
ჭრის ივანიშვილი და მისი დაჯგუფება იმ ტოტს, რომელზეც მათი პროპაგანდა იდგა – „ეკლესიის და ეროვნულობის გადამრჩენის?“ და ვის მოიყოლებს ზვავი, რომელიც, როგორც არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, უკვე დაიძრა.
ამ პროცესებს „ბათუმელებთან“ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აფასებს.
- მამა დოროთე, როგორ ფიქრობთ, რა დგას მეუფე იობის იმ მკაცრი შეფასებების უკან, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. რა იყო ის ბოლო წვეთი, რის გამოც ის ასე მწვავედ ალაპარაკდა?
ეს უკავშირდება პატრიარქის ქადაგებას, როცა შიო მესამემ კაზინოების თემაზე ისაუბრა, რომ ცოდვით ნაშოვნი ფული დაღუპავს ქვეყანას და ვინც ხელს უწყობს მათ, ის უფრო დიდ ცოდვას ჩადის. პატრიარქმა ეს იქადაგა 3 ნოემბერს, სამშაბათს და კვირას იქადაგა მეუფე იობმა. მე ვფიქრობ, ის ამ ქადაგებით პატრიარქს დაუდგა გვერდით.
პატრიარქმა რახან თქვა, რომ ეს არ არის კარგი საქმე და რომ ეს [კაზინოები] ქვეყანას დაღუპავს, მეუფე იობიც აჰყვა პატრიარქს და ამიტომ გამიკვირდა შემდეგ პატრიარქის სიჩუმე. მეუფე იობს რა სიბინძურეებს უგონებენ და რაებს ამბობენ, კი ვხედავთ.
- გოგა ხაინდრავას და „ოცნების“ სხვა პროპაგანდისტების გამონათქვამებს გულისხმობთ?
ჰოდა ეს გამიკვირდა. მერე კიდევ ისიც გამიკვირდა, როცა დეკანოზი გალდავა გამოვიდა და განცხადებები გააკეთა.
- როცა მან თქვა, სასულიერო პირი უნდა იყოს ჩუმად, „სიმდაბლე უნდა გქონდეს“ და კრძალვაო?
საპატრიარქოს სახელით გამოდის ხოლმე გალდავა, ჯაღმაიძის იდეოლოგია. ამიტომ გამიკვირდა, რომ მეუფე იობი პატრიარქს დაუდგა გვერდით და პატრიარქის ხალხი მეუფეს დაუპირისპირდა.
- მაშინ, რატომ გაჩუმდა პატრიარქი თქვენი აზრით, რა მოხდა?
პატრიარქი რა თამაშს თამაშობდა და საპატრიარქო რა თამაშს თამაშობს, ამაში ვერ გავერკვიე. ან რატომ თქვა საერთოდ და თუ თქვა, მერე რატომ გაჩუმდნენ.
- რეპრესიული კანონების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუცია დაასუსტა ან გააქრო. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელზეც ბოლომდე ვერ ვრცელდებოდა მათი გავლენა იყო ეკლესია. თუმცა ჩვენ ბევრი მოვისმინეთ იმაზე, რომ ახალი პატრიარქი იმიტომ იყო „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი, რომ სწორედ ამ ფორმით შეძლებდა ეკლესიის საბოლოოდ გაჩუმებას და მასზე კონტროლის აღებას. ის, რომ შიო მესამე ახლა დუმს, ნიშნავს ეს იმას, რომ „ოცნებამ“ მიზანს მიაღწია?
შიო მესამეს გაპატრიარქებაში ნამდვილად დიდი როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა – დიდი წარმოდგენა არ მაქვს მასზე. როცა ბიძინა ეტყვის, მაშინ გაჩუმდება, მაგრამ საერთოდ რატომ თქვა ან მერე რატომ გაჩუმდა? ან რატომ დაუპირისპირდა მეუფე იობს.
თუმცა, „ოცნებას“ იმდენი ჩანაწერები ექნება მათზე და მარტო კორუფციაზე არა, თუნდაც პატრიარქობის პროცესზე და ასე შემდეგ, მაგრამ სინდისიც ხომ კაი საქონელია. მეუფე იობმაც ის თქვა, რაც პატრიარქმა, რომ კაზინოები საზიანოა ქვეყნისთვის.
- კაზინოების თემა ახალი ამბავი არ არის. ერთმა სასულიერო პირმა ისიც თქვა, რომ კაზინოებიდან დიდი ფული შედიოდა ეკლესიაში, შესაწირის სახითო. ახლა რა იყო გადამწყვეტი – ის, რომ რახან პატრიარქმა თქვა, რომ კაზინოები დამაზიანებელია, მაგრამ „ოცნებამ“ ანგარიში არ გაუწია, მაინც გაიტანა კანონი და ამით ღიად აჩვენა, რომ ეკლესიას აღარ აქვს გავლენა?
პატრიარქის ქადაგებაში ამ თემის გაჟღერებამ მაშინ დამაბნია, რადგან როცა ამბობ – „ვინც ამას ხელს უწყობს, ის უფრო მეტ ცოდვაშია“, ეს ყაველაშვილი ხომ ედგა მაშინ გვერდით არა? ხომ ეტყოდა, არ მოაწერო ხელიო და თუ უთხრა და ყაველაშვილმა მაინც მოაწერა ხელი, მაშინ რატომ იქადაგა.
- არა მგონია ვინმე ფიქრობდეს, რომ ყაველაშვილი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.
ეს ჩვენი აზრია, მაგრამ რა უთხრა პატრიარქს, ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილიო? და მან მაინც იქადაგა ბიძინას წინააღმდეგ? – აი, ამაზე არ მაქვს პასუხი.
- ეს მინიშნებაა ივანიშვილისგან, რომ ეკლესიის გავლენები დასრულდა? ეს იყო მესიჯი?
შეიძლება ეგეც იყო, მაგრამ ეს მესიჯი ივანიშვილს დიდი ხანია გაშვებული აქვს. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მან ოკუპირება გაუკეთა ეკლესიას. საპატრიარქო ოკუპირებულია.
- მაგრამ ასე, ღია კონფრონტაციაში არ შესულა აქამდე ხომ?
ღია კონფრონტაციაში არ შესულა თვითონ პატრიარქი, თორემ ბიძინა ივანიშვილი ღიაშიც არის შესული და „ჩუმად იყავით“ პოლიტიკაში – თავისი კრებსებით და ყველაფრით. პატრიარქიც კი [ილია მეორე] დაადუმეს ბოლო წლებში, საერთოდ არაფერს ამბობდა.
- თუ ასეა, მაშინ რას ნიშნავს არქიმანდრიტ ილია თოლორაიას სიტყვები, რომ „ზვავი დაიძრა და ვეღარაფერი შეაჩერებს“. თქვენ რა ამოიკითხეთ ამაში?
მე რამდენადაც ვიცი, დღევანდელი პატრიარქი როცა მოსაყდრე იყო, მას ჰქონდა ორი უმთავრესი თემა აღებული იდეოლოგიად. ერთი იყო აბორტების თემა, რომ საქართველოში აბორტები უნდა აკრძალულიყო და მეორე თემა იყო ეს, ლუდომანია თუ რასაც ეძახიან, რომ აზარტული თამაზები არ უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად ეს იყო მისი პროგრამა.
- გამოდის, პროგრამის ერთი ნაწილი უკვე ჩაუგდო „ოცნებამ“?
აბორტის თემაზეც ხომ იქადა 17 მაისს და დაწყევლა მთელი ერი – ვერ გადარჩებით, სადაც აბორტის ცოდვა ტრიალებს და ის ერი განწირულიაო. ეს თემაც რატომ წამოსწია წინ, ბოლომდე არც ეს ვიცი და ამ კაზინოებშიც ვერ ვერკვევი მთლად, რა ხდება და რამდენად არის ეს ეკლესიისთვის საგანგაშო თემა, როცა ამაზე დიდი უბედურებები ხდება საქართველოში.
- კობახიძემ თქვა, რომ არ არის სასიკეთო არც ეკლესიისთვის და არც ქვეყნისთვის საჯაროდ ამაზე ლაპარაკი. დამაზიანებელიაო და ეს ცალკეული სასულიერო პირებმა აღიქვეს მუქარად. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ კრიტიკას „ოცნება“ გაატარებს, ჩაფარცხავს, თუ შეიძლება ამას მოჰყვეს რაღაც სადამსჯელო ნაბიჯები მათი მხრიდან – რა შეიძლება იყოს ეს?
მეუფე იობმა რომ ამხილა, ან ის, რა თემებიც წამოსწია მან, ამან ეკლესია როგორ უნდა დააზარალოს? რა იგულისხმება ამ დაზარალებაში. ეკლესია სიმართლის თქმამ როგორ უნდა დააზარალოს? ჯვარს ვაცვამთო და ჯვარცმა ეკლესიას არ აზარალებს.
ქრისტე ჯვარცმით კი მოკვდა, მაგრამ ჯვარცმით გაიმარჯვა. ამიტომ კობახიძის ნათქვამი იყო პირდაპირი ტერორი ეკლესიის მიმართ. თუ არ გაჩუმდებით, დაზარალდებითო. ანუ არც ფულს მოგცემთ, მოგკლავთ, კრებსებს გაგივრცელებთ და ასე შემდეგ. ეს არის მუქარა. ეს თქვა მამა ილიამაც. არცერთი მღვდელმთავარი თავისი სიწმინდიდან გამომდინარე არავინ საუბრობს, ჭეშმარიტებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ.
- მეუფე იობი ამბობდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ფარისეველი და არაეკლესიურია. ასეთი ხელისუფლების ნაბიჯები როგორი იქნება. რას ელოდებით ხვალ?
მათი ნაბიჯები მათთვის იქნება დამანგრეველი, რადგან დღეს „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მათ გააძლიერებს.
პირველ რიგში ნიღაბი ჩამოეხსნათ, რადგან მათი იდეოლოგია დღეს არის ეკლესიის და ჩვენი ეროვნულობის „დაცვა“, ამიტომ არ უნდათ თურმე ევროპა. ერთადერთი ეს იდეოლოგია შერჩათ და თუ ამასაც დაამსხვრევენ თავიანთი საქციელით, მერე რა უნდა თქვან.
- ამას ვერ იაზრებს ივანიშვილი?
ვფიქრობ, ივანიშვილი არაფერს არ ითვალისწინებს და არც გაითვალისწინებს, რადგან ის არ აპირებს არჩევნების მოგებას ხალხით. ერთმა კაცმაც რომ მისცეს ხმა, მაინც იტყვის, რომ „მოვიგე“ და მორჩა, მიდი მერე და არკვიე.
ის მიხვდა, რომ ხალხის იმედად არ უნდა იყოს, ამიტომ გადააბარა ყველაფერი ძალოვნებს, ამიტომ დაიწყო ხალხზე შურისძიება და ყველაფრის დაშლა. თუმცა შემდეგ ძალოვნებიც მოსპო.
თუ დააკვირდით, კობახიძემ თქვა, ჩვენ ეკლესიას ასეთი თავდასხმებისგან ყოველთვის ვიცავდითო და შემდეგ, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა – რა, მეუფე იობი თავს ესხმისო? მერე თქვა – არაო. ისე წარმოაჩინა, თითქოს ჩვენ ვესხმით ეკლესიას თავს – არქიმანდრიტი დოროთე ან ილია. მან მოახერხა ის, რომ მოსაყდრის, ბოტკოველის და ჯაღმაიძის მეშვეობით ეკლესიიდან გამკვეთეს სიმართლის მთქმელი.
ახლაც ეს იგულისხმა ალბათ, რომ მეუფე იობსაც საპატრიარქოს მეშვეობით გააჩუმებენ ან განკვეთენ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მეუფე არქიმანდრიტი არ არის. მიტროპოლიტია და მისი სტატუსი არ მისცემთ ამის შესაძლებლობას. მაშინ ეს სინოდმა უნდა გააკეთოს და სინოდში მეუფეს საკმაო ძალა ჰყავს. ეს სინოდს საერთოდ გაყოფს და გახლეჩს, რადგან მეუფე იობს ბევრი დაუდგება გვერდით, ამიტომ ამას ვერ გააკეთებენ. თუმცა კობახიძემ დიდად არ იცის რა სხვაობაა ჩემსა და მეუფე იობის სტატუსს შორის.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ აქ მხოლოდ კაზინოს თემა არ იყო დაპირისპირების მიზეზი, რადგან მანამდე, ეკლესიამ უკმაყოფილება გამოთქვა კრწანისის ტყე-პარკის უცხოელებზე გასხვისების გამო, მაგალითად, ეპისკოპოსი ჯამდელიანი ამბობს, რომ თამარისში უცხოელებზე გაასხვისეს მიწები და ის ამის წინააღმდეგია, რომ „სისხლის ფასად“ დაიცავს მიწებს. რას ნიშნავს ეს და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება?
ვფიქრობ, მეუფე იობმა თავის ქადაგებაში ფაქტობრივად ეს განცხადებაც გააკეთა. მისი განცხადება ყველა ჯგუფს შეეხო. მიწებსაც, კაზინოებსაც, რუსთაველზე მყოფ ხალხსაც, რადგან აქედან ყრიან ადამიანებს ემიგრაციაში ხომ?
ფაქტობრივად, ყველა დაჩაგრულ ჯგუფს გამოუცხადა თანადგომა და ძალიან საინტერესო ქადაგება იყო ამ კუთხით. ყველას უთხრა, რომ მართლები ხართ და ვიბრძოლოთ.
- გამოდის, ეკლესიამ გაიაზრა, რომ დიქტატურაში ვერც თვითონ იქნება თავისუფალი?
პატრიარქი ივანიშვილის წინააღმდეგ ხმას ვერასდროს ამოიღებს. ვერც ახლა და ბიძინა რომც გადადგეს და წავიდეს, ვერც მაშინ. იმიტომ, რომ ბიძინას იმდენი რამ ექნება მასზე, ორ დღეში გაანადგურებს. ვერ ამოიღებს პატრიარქი ვერასოდეს ხმას რუსეთის წინააღმდეგ.
- მაშინ რისი იმედი გაქვთ სასულიერო პირებს?
პატრიარქის იმედად არავინ არაფერს ამბობს. პატრიარქი არავის არ დაუჭერს მხარს, ვინც „ოცნებას“ დაუპირისპირდება. ვერ დაუჭერს. რომც უნდოდეს ვერ გააკეთებს. როცა ერთ წუთს დაუთმობ ბოროტს, მერე მორჩა.
- ბევრი დაუთმო პატრიარქმა?
სული დაუთმო, სული. რუსეთს არასოდეს მოუნდება საქართველოში თავისუფალი იყოს პატრიარქი. მაგრამ ჩვენი ნაბიჯები არის ის, რომ უნდა დავათმობინოთ პროტესტით და მოვლენებიც მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს. აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად. მაგრამ ქრისტეს იმედი მაქვს, რასაკვირველია.
- როცა ამბობთ, რომ „დავათმობინებთ“, რას გულისხმობთ ამაში?
ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ყველა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. „ოცნება“ უნდა წავიდეს და ამ წასვლაში, „ოცნების“ გაშვებაში ყველა უნდა გავერთიანდეთ.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იბრძოლებს ამათ წინააღმდეგ და ბრძოლაში არ ვგულისხმობ ტყვიას – არასოდეს. რევოლუციაში არ ვგულისხმობ ტყვიას. საქართველოში ტყვია არ უნდა გავარდეს. ჩემი დევიზი ეს არის.
თუ საქართველოში ტყვია გავარდა, ამას გააკეთებს რუსეთი, როგორც 90-იანებში, როცა დაამხვეს ხალხის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი.
უსისხლო რევოლუცია უნდა მოხდეს და უნდა გავერთიანდეთ ყველა ამაში, უნდა მივაღწიოთ თავისუფალ, დამოუკიდებელ არჩევნებს, სადაც არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ ექნება არჩევნებზე გავლენა. ხალხი აირჩევს იმას, ვინც მას უნდა და ხალხს აღარ უნდა „ოცნება“.
- როცა ასე საუბრობთ, „ოცნება“ ამბობს, რომ თქვენ, სასულიერო პირებს არ გაქვთ პოლიტიკური განცხადებების უფლება. თუმცა იმასაც ვხედავთ, როგორ ეძახიან „ოცნების“ მაღალჩინოსნები ადამიანებს სატანისტებს, სექტანტებს ამბიონიდან. „ღმერთმა შეუნდოს“ – ასეთი ფრაზაც კი მოვისმინეთ „ოცნების“ დეპუტატის მხრიდან მეუფე იობის მიმართ. რა არის ეს, რას ფიქრობთ ამაზე?
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, ყოველ კვირას ამბიონიდან ლანძღავდა პროტესტში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ამაზე არ ამოუღიათ ხმა. მარტო ის მოსწონთ, მათ რომ აქებენ. ზოგადად, ყველა მთავრობა ცდილობს, რომ ეკლესია მიიმხროს და ეს მთავრობა ცდილობს ეკლესიის დამხობას. დაამხო ეკლესია ბიძინამ.
ეკლესია არის მართალი ხმა და არა ჯვრის გარდასახვა და წირვა-ლოცა მარტო. ეს კომუნისტების დროსაც კი იყო, მაგრამ ეკლესიის ხმა არსად არ ისმოდა. ეკლესიის ხმა უნდა ისმოდეს ქვეყანაში, იმ ერში, სადაც 80% ქრისტიანია და საიდან უნდა ესმოდეს ეს ხმა თუ არა ამბიონიდან.
არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, ამბიონიდან ვინმეს რაიმეს თქმა აუკრძალოს. ეკლესიას ამბიონის მეტი არაფერი გააჩნია და საიდან უნდა თქვას ეპისკოპოსმა თავისი წუხილი? ადრე, ამბიონზე აცხადებდნენ მეფის ბრძანებასაც და იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა ერში. მაგრამ პაპუაშვილის და კობახიძისთვის ეს ყოფილა ეკლესიურობის დარღვევა. სად წერია, რომელ კონსტიტუციაში, რომ მღვდელს არ შეუძლია ამბიონიდან იქადაგოს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში ხდება.
- 2-3 დღეა ჩუმადაა „ოცნება“ და მისი პროპაგანდა. როგორ ფიქრობთ, ქარიშხლის წინა სიჩუმეა, თუ სტრატეგია შეცვალეს. რას ელოდებით პირადად თქვენ?
ერთადერთის შიში მაქვს, რომ ფიზიკურად არ მოსპონ მეუფე, რადგან ესენი მკვლელები არიან. მე, ერთადერთი მიზანი ის მქონდა, რომ გადავრჩენილიყავი ფიზიკურად, სხვა ყველაფერი წამართვეს. ქუჩაში დამტოვეს დიაბეტიანი მღვდელი, დედა მყავს დიალიზზე მყოფი მონაზონი და ჯაღმაიძემ და საპატრიარქომ პენსიის გარეშე მიმაგდეს.
ერთი კელია მაქვს სამებაში და მაქვს თუ არა წამალი ან ცოცხალი ვიქნები თუ არა, ეს ჯაღმაიძეს არ აინტერესებს, რომელსაც ჩემი მეოთხედიც კი არ აქვს გაკეთებული ეკლესიაში. ამ ყველაფერზეც ხმა არ ამომიღია, რადგან ვიცოდი რომ ფიზიკურადაც გამანადგურებდნენ.
იმავეს ვუსურვებ მეუფე იობსაც, რომ ფიზიკურად გადარჩეს.
სხვანაირად მას ვერ მოსპობენ. ვერც მე. და დღეს თუ ჩუმად არიან, ალბათ ეძებენ გზებს, თუ რა ქნან, მაგრამ ეს არ არის ადვილი. ეკლესიაში ყველა შეწუხებულია ამათი საქციელებით. ვისაც პურს აჭმევენ, ისიც კი შეწუხებულია, რადგან ისინიც ხედავენ, როგორ იქცევიან ესენი.






