მთავარი,სიახლეები • • •

შემუშავდეს ადვოკატის ჩანაწერების ციხეში შეტანა/გატანის პროცედურა – ომბუდსმენის რეკომენდაცია

09.11.2026
შემუშავდეს ადვოკატის ჩანაწერების ციხეში შეტანა/გატანის პროცედურა – ომბუდსმენის რეკომენდაცია

ადვოკატების სამუშაო ჩანაწერები მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს – ასეთია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურისადმი.

ასე გამოეხმაურა ომბუდსმენი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ადვოკატებს ციხიდან ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს.

განცხადება სახალხო დამცველმა დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, შეიმუშაოს ან დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული ჩანაწერების ციხეში შეტანისა და გამოტანის პროცედურები.

სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ უწყებას ამ პრობლემის შესახებ არაერთმა ადვოკატმა მიმართა.

„სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად.

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით – შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა. ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება.

7 ოქტომბერს, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, ციხეში გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გამოტანის უფლება არ მისცეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ჯუბა ქათამაძეს. ის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც პენიტენციური სამსახურის ჩარევა ადვოკატის საქმიანობაში. ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.

საიას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური, რომელმაც მომხდარის გასამართლებლად კანონმდებლობა მოიშველია. უწყების განცხადებაში ეწერა, რომ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, გაეცნონ „კორესპონდენციის შინაარსს“.

„შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა“, – ეწერა პენიტენციურის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: