მთავარი,სიახლეები • •

ხალვაშის გამზირზე კიდევ ერთი ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.

04.10.2026
ხალვაშის გამზირზე კიდევ ერთი ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე კიდევ ერთი ავარია დასრულდა მსხვერპლით. წუხელ, ღამის საათებში „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. ის მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან იჯდა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.

„დაზიანებულია გზა და წუხელ, ღამის საათებში ამას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. დღეს დაიწყეს გზის მოპირკეთება,“ – მოგვწერეს ამ შემთხვევის შესახებ ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა ის ქუჩაა ბათუმში, რომლის კეთილმოწყობაზეც „ოცნების“ მთავრობამ დაახლოებით 20 მლნ ლარი უკვე დახარჯა. ქუჩაზე მოწესრიგებული ამ დრომდე არაა გარეგანათება, ტროტუარები. ქუჩის არაერთ მონაკვეთში პრობლემაა საგზაო მონიშვნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელი.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციაზე შპს „ერ ტე დე“ მუშაობდა. ეს ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ჟურნალისტ ბექა ყორშიას სატირული სიუჟეტით „გუთენ ტრაქენის მეთოდზე“.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ხშირია ავარიები და მგზავრების, ასევე ქვეითების დაღუპვის შემთხვევები. 7 დღის წინ, 27 სექტემბერს, შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა.

მხოლოდ ამ ქუჩაზე ბოლო წლებში მომხდარი ავარიების შესახებ „ბათუმელების“ მიერ მომზადებული სტატია იხილეთ აქ.

ამ თემაზე:

არც განათება, არც შუქნიშანი, არც ტროტუარი – ხალვაშის გამზირი ბათუმში 20 მილიონის დახარჯვის შემდეგ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: