ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები ქალაქის მერიის ინფორმაციით უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო.

ბათუმი, ფიროსმანის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 2.10.2026 / ამ ადგილიდან ფიროსმანის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩას უნდა შეუერთდეს
ბათუმის მერიის ინფორმაციით პროექტი იმ მიზეზით ვერ დაიწყო, რომ დროში გაჭიანურდა კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი.
ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბონდი-2009“-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა ქალაქის ბიუჯეტს მინიმუმ 1 317 507 ლარი დაუჯდება. ხელშეკრულება კომპანიასა და მერიის სამმართველოს შორის 2025 წლის თებერვალში გაფორმდა.
„ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის დამაკავშირებელ ახალ გზაზე სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“ – მოგვწერეს 2026 წლის 1 ოქტომბერს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.
კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები და რა ვადაში უნდა დასრულდეს? – „ბონდი-2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოების დაწყება დაიგეგმება „როგორც კი გამოიდარებს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან და მეტი დეტალებიც მაგ დროს გვეცოდინება“.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა / 2.10.2026 / ამ ადგილიდან ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანის ქუჩას უნდა შეუერთდეს
„ბონდი-2009“-სთან მერიის სამმართველოს ხელშეკრულება ჯამში 5 087 325 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე დასრულდა ბათუმში მიხეილ ლერმონტოვის და გენერალ ასლან აბაშიძის, ასევე შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზების მოწყობა.
ამ თემაზე:






