მთავარი,სიახლეები

მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებს

20.09.2026
მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო ძლიერი დატბორვა 10-მდე ქუჩაზე დაფიქსირდა. მერიაში დახმარების სათხოვნელად შევიდა 100-ზე მეტი ზარი.

ამოტუმბვის სამუშაოები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა არ დასრულებულა: „დარჩენილ ლოკაციებზე ბათუმის მერის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობასთან უკუკავშირი სამუშაოების განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით“, – აცხადებენ მერიაში.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

მეწყრული პროცესები განვითარდა 10-მდე ლოკაციაზე – მწვანე კონცხის, ურეხის, გონიო-კვარიათის მიმართულებით, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე.

მერიაში აცხადებენ, რომ „დაუყოვნებლივ დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიზნით.“

დატბორილ მონაკვეთებზე შეფერხებით მოძრაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მერიაში აცხადებენ, რომ მარშრუტების ცვლილება ხორციელდებოდა გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და საჭიროებისამებრ იცვლებოდა: „ელექტროავტობუსების გადაადგილება შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მათი გადაადგილება აღდგენილია.“

მერიის ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად აანაზღაურებენ ზიანს.

მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურშიც.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

სოფელ ციხისძირში, რკინიგზის მიმდებარედ ჩამოწვა მიწის მასა, რამაც შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ირწმუნება, რომ 19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა.

ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს.

ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის – 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა.

20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: