მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მივმართეთ 17 ოჯახისთვის მიწის დაბრუნების საკითხზე – „ლელო“

18.09.2026
ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მივმართეთ 17 ოჯახისთვის მიწის დაბრუნების საკითხზე – „ლელო“

დღეს, 18 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა ხელვაჩაურის მერიაში პეტიცია დაარეგისტრირეს.

პეტიციის მიზანია, მერიამ მოაგვაროს სოფელ მახოში მცხოვრები 17 ოჯახის პრობლემა, რომელიც მათ სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაციას უკავშირდება.

მახოში მცხოვრები ამ ოჯახების განცხადებით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს მიაკუთვნეს, რის შედეგადაც ოჯახებს ამ მიწებით სარგებლობისა და მათი საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა შეეზღუდათ.

„ადგილობრივებმა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარეს: მოამზადეს საკადასტრო ნახაზები, არაერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწის გარეშე სოფელში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ მამაპაპისეული საცხოვრებელი ადგილები.

„ძლიერი საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სოფლის გაძლიერებასა და მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებას და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მოქალაქეებს ისტორიულად გამოყენებული მიწების გარეშე ტოვებს. თითოეული მსგავსი შემთხვევა საჭიროებს სამართლიან, ინდივიდუალურ შესწავლასა და იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებიც ამ მიწებს ათწლეულების განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდნენ და ამუშავებდნენ“, – აცხადებენ კოალიციის წევრები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კოალიციის წარმომადგენლები 2 თვის წინაც შეხვდნენ მოახლეობას სოფელ მახოში.

„ადგილზე გავეცანით თითოეული ოჯახის პრობლემას და გადაწყდა, რომ მომზადებულიყო პეტიცია, რომლის საფუძველზე საკითხის შესწავლა დაევალებოდა ხელვაჩაურის მერიას შესაბამის ორგანოებთან ერთად.

მოვითხოვთ, დროულად გადაიხედოს აღნიშნული საქმეები, რათა მოქალაქეებს არ მოუწიოთ საკუთარი სოფლისა და მამაპაპისეული კერის დატოვება“ – აცხადებს „ლელო“.

______________

ამ თემაზე:

„წაგვართვეს ჰექტრობით მიწა, ხეხილის ბაღები“ – მოსახლეობის პროტესტი სოფელ მახოში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: