„ხელისუფლება არ თმობს მზია ამაღლობელის საქმეს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. მზია ამაღლობელის საქმე მუდმივად რჩება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებენ ამ საქმეს,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილმა ეს კომენტარი ტვ პირველს მისცა, დღეს, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, პოლიციელისთვის სილის გაწვნას „ძალადობრივი თავდასხმა“ უწოდა.
„მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი საპროცესო კოდექსით შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში – ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. საპროცესო შეთანხმება შეთავაზებული იყო მზია ამაღლობელისთვის. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ყველა ამბობს, ეს იყო დანაშაული და რომ ქცევა იყო არასწორი…“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
„ბატონმა პაპუაშვილმა, ბრძანა, რომ თურმე ყველაზე მცირე სასჯელი შეუფარდეს მზია ამაღლობელს, რაც კი შეიძლებოდა. სამართლებრივი სიცრუეა ეს.
განაჩენი დადგა და არა თავდასხმის მუხლით, არამედ 353-ე, წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამ მუხლით გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელები: ჯარიმა, შინაპატიმრობა და შემდეგ მოდის პატიმრობა.
ანუ სიცრუეა, რომ თურმე „აი ისეთი პატივი ვეცით, რომ ყველაზე დაბალი სასჯელი შევუფარდეთ“.
მეორე მინდა პასუხი გავცე მანიპულაციას, თითქოს „დღეს აღარავინ დავობს რომ მზია ამაღლობელი დამნაშავეა“.
არ არის მზია ამაღლობელი დამნაშავე. სისხლის სამართალში ლექციები არ მინდა წავუკითხო სახელისუფლებო სპიკერებს, არ იციან მათ არც სამართალი და მით უმეტეს, არც სისხლის სამართალი.
ცივილიზებული სამყარო და მათ შორის ჩვენც, იურისტები, პროცესზე ასე ვსაუბრობთ: მზია ამაღლობელის ბრალი და სასჯელი არის დაუსაბუთებელი, არის უსაფუძვლო, არაპროპორციული, არის გადაჭარბებული და განაჩენი არის უკანონო.
და ეს არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტით, არამედ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობითაც. მათ არ ესმით ცივილიზებული სამყაროს ენა. მთელი ცივილიზებული სამყარო დღესაც, ისევე როგორც მაშინ, ამბობს, რომ მზია არის უდანაშაულო, მას არ ჩაუდენია მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული. რას ნიშნავს უდანაშაულო? ნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც წერია განაჩენში. დიახ, ამას ამბობს ცივილიზებული სამყარო,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ქვეყანაში ინსტიტუციური ზღვარი წაშლილია და ხელისუფლება ისე გადადის-გადმოდის ამ საზღვრებს, როგორც გაუხარდება.
„უდანაშაულობის პრეზუმფცია, არაფერი არ არსებობს. რატომ არ კარგავს აქტუალურობას ეს საქმე? არ კარგავს სწორედ იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი ვერ გატეხეს. ვერ ათქმევინეს აი ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური და შეთქმულების თეორიის სიგიჟეები, რომ თურმე მზია ამაღლობელი ასრულებდა ვიღაცის დავალებას.
ამ ბრალდებაზე არაერთი სარჩელით მიმართა მზია ამაღლობელმა სასამართლოს. არცერთი ეს სარჩელი არც კი განიხილა სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ჩვენს სასამართლო დარბაზებში მართლმსაჯულება დიდი ხანია არ აღესრულება.
ყოფილი პრემიერი განცხადებებს აკეთებს, „პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებო“. თუ მისი პროცესი პოლიტიკური ცირკია, მაშინ მზია ამაღლობელის საქმე რატომ არ არის პოლიტიკური ცირკი, მითხარით?
ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, სტრასბურგში არაერთი საჩივარია მზია ამაღლობელის საქმეზე. მათ შორის, ერთ-ერთი, რაზეც დავა მიდის, არის პოლიტიკური კონტექსტი. მე-18 მუხლის დარღვევა.
„ამის დასტურია დღევანდელი პაპუაშვილის „მარგალიტები“. ბატონი პაპუაშვილი სადღაც ჩამორჩა მატარებელს. ის საუბრობდა რაღაც ძალადობრივ თავდასხმაზე პოლიციელზე. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ეს კვალიფიკაცია აღარ აქვს ამ საქმეს, შეიცვალა. კვალიფიკაციამ გაგასწროთ, ავტობუსმა გაგასწროთ ამ თვალსაზრისით და დღეს საზოგადოებას რატომ უყვებიან იგივე ზღაპრებს?
დიახ, ამ საქმის პირველი კვალიფიკაცია გახლდათ, პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც შეიცვალა.
პროკურატურა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტები, პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა ამ ქვეყანაში, ამიტომ ხელისუფლებას მოვიაზრებ მზია ამაღლობელის საქმის მეორე მხარედ, ასე ვთქვათ და არა სახელმწიფო ბრალდებას.
სამწუხაროდ, მათი შეთავაზება რა იყო, ხომ? „აღიარე, აღიარე, რასაც გაბრალებთ და რასაც ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ გაბრალებთ, აღიარე ყველაფერი“. დიახ, ამას ამბობს დღესაც პაპუაშვილი, საპროცესო შეთანხმებას მიიღებო. სასამართლომ შეცვალა ეს კვალიფიკაცია.
მზია ამაღლობელს რის აღიარებასაც სთხოვდნენ, სასამართლომაც თქვა: „მეც კი არ მჯერა ეგო“, წარმოგიდგენიათ? ამ სასამართლომაც შეცვალა ეგ კვალიფიკაცია. საპროცესოს სანაცვლოდ რასაც სთხოვდა სახელმწიფო ბრალდება და თურმე ბატონი პაპუაშვილიც ამას სთხოვდა, ის არ არის განაჩენით. ამიტომ ვთქვი, გაასწროთ ამათ ავტობუსმა, მორჩა ეგ ზღაპარი,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება ამ მამაც და გამბედავ ქალს! – ანდჟეი პოჩობუტი






