ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე პლაჟზე სამუშაოები მიმდინარეობს. ნაპირსა და ზღვას შორის რკინის შუნტებით დამცავი ჯებირი და გზაა მოწყობილი.
ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ადგილიდან მახინჯაურის სარკინიგზო გვირაბამდე მონაკვეთში, ზღვის გასწვრივ, სავარაუდოდ, ავტომაგისტრალს აფართოებენ.

სამუშაოები პლაჟზე ბათუმში / თამარის დასახლება / 5.09.2026
სამუშაოები აქ 29-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერში გამარჯვებულია „ოცნების“ პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ყოფილი კომპანია „გზა“.
„გზასთან“ ხელშეკრულება ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2026 წლის 13 მარტს გააფორმა. აქედან დაახლოებით სამ თვეში კი გიორგი ჭყონიამ „გზას“ ასივე პროცენტი წილი საკუთარი შვილების კუთვნილ კომპანიას „ჯი აი კაპიტალს“ მიჰყიდა.
რა სამუშაოები მიმდინარეობს პლაჟზე და ითვალისწინებს თუ არა პროექტი გზის გაფართოებას ზღვის მხარეს? ამასთან, დარჩება თუ არა პლაჟის ის ვიწრო ზოლი, რაც დღეს აქ არის, პროექტის დასრულების შემდეგ? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ მერიის სამმართველოს დაუკავშირდა.

ბათუმი, ცენტრალური ავტომაგისტრალი მახინჯაურში სარკინიგზო გვირაბთან, სადაც ზღვა ნაპირის დამცავ კონსტრუქციას პერიოდულად ანგრევს. აქ გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
სამმართველოს ინფორმაციით, გათვალისწინებულია ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა, თუმცა არა პლაჟის ხარჯზე.
„აღნიშნული სარემონტო სამუშაოები ხორციელდება საავტომობილო გზის გაფართოების მიზნით, ხოლო ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა გათვალისწინებულია გზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულ ლითონის შპუნტებს, ეს კონსტრუქციები დროებითია და მათი გამოყენება განპირობებულია დროებითი გზისა და სამშენებლო ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილებისათვის“. – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.
პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია „ნაპირდამცავი ბეტონის კედლისა და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების მოწყობა. კედლისა და კიბეების დასაცავად ლითონის 9 მეტრი სიგრძის შპუნტების მოწყობა. ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კედლის ფარგლებში რკინა-ბეტონის გამათანაბრებელი სარტყელის მოწყობა შპუნტების თავზე ბეტონით B30“. მოეწყობა ლითონის მოაჯირებიც.

სამუშაოები ბათუმის პლაჟზე თამარის დასახლებაში / 5.09.2026
„აღნიშნულ მონაკვეთზე შენარჩუნდება არსებული პლაჟი, რომელზეც გათვალისწინებულია ჩასასვლელების მოწყობა და რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.
ბათუმში, ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის ქუჩის დასაწყისამდე – მრავალმილიონიანი პროექტია. ამ პროექტის პირველი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერშია „გზა“ გამარჯვებული.
I მონაკვეთი, როგორც პროექტშია აღნიშნული, მოიცავს თამარ მეფის გამზირს – თამარის დასახლებიდან [კულტურის ცენტრის შენობიდან] მწვანე კონცხამდე [თბილისის ქუჩის დასაწყისამდე].
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „გზას“ შორის ხელშეკრულება 29 163 899 ლარზეა გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით, პირველ მონაკვეთში სამუშაოები 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის შპს „გზისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან ავანსად უკვე გადარიცხულია 8 749 168 ლარი.
შპს „გზას“ ივნისის თვეში კობახიძის განკარგულებით დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლებაც მისცეს.

თამარ მეფის გამზირი ბათუმში / 5.09.2026
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ამ ტერიტორიაზე უკვე აიღეს ბარაკული ტიპის სახლები, რომლებიც ავტომაგისტრალსა და სარკინიგზო ხაზს შორის იყო.
ავტომაგისტრალის მეორე [ზღვის] მხარეს კი ერთ და ორსართულიან სახლებს კერძო კომპანია ანგრევს. ამ ადგილზე და ე.წ. ძველი 12-სართულიანების მიმდებარედ კი „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს თამარ მეფის გამზირის [I მონაკვეთის] რეაბილიტაციაზე ტენდერი 29 548 035 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
ამ თემაზე ვრცლად:
გზის რეაბილიტაცია კერძო საკუთრების ხარჯზე? – ბათუმის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს






