მთავარი,სიახლეები

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის ამუშავებისა და ძველის დახურვის დრო ისევ უცნობია – რა ეტაპზეა პროექტი

29.08.2026
ბათუმის ახალი ნაგავსაყარის ამუშავებისა და ძველის დახურვის დრო ისევ უცნობია – რა ეტაპზეა პროექტი

ბათუმის ახალი ნაგავსაყარი პოლიგონის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი ექსპლუატაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყარი. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება „ძველის“, ანუ ადლიის მოქმედი ნაგავსაყარის კონსერვაცია, სრული დახურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყარი პოლიგონი აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის I ფაზის ფარგლებში აშენდა, მიმდინარე ეტაპზე კი II ფაზის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის მეორე ფაზის სავარაუდო ბიუჯეტი კი, სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 67 მილიონი ევროა.

II ფაზა შემდეგ სამუშაოებს ითვალისწინებს:

  • სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას;
  • მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ტექნოლოგიის [MBT] დანერგვასა და შესაბამისი ობიექტის მშენებლობას;
  • გადამტვირთი სადგურის მშენებლობასა და ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეცტექნიკის შეძენას;
  • ბათუმსა და ქობულეთში კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების დახურვას და რეაბილიტაციას.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] წესებით, გამოცხადებულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევ ორეტაპიან საერთაშორისო ტენდერში ესპანურმა საერთაშორისო კომპანია IDOM-მა გაიმარჯვა, რომელსაც პროექტის მეორე ფაზის იმპლემენტაციის მხარდაჭერა დაევალა. ეს გულისხმობს ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის [MBT], გადამტვირთი სადგურისა და კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების დახურვის დეტალური დიზაინების, ასევე სამშენებლო სატენდერო დოკუმენტაციების მომზადებასა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელებას.

2025 წლის 18 დეკემბერს, EBRD-ის წესების თანახმად, მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების [MBT] ობიექტის მშენებლობის მიზნით, საერთაშორისო ორეტაპიანი ტენდერი გამოცხადდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს EBRD-თან შეთანხმებით, ტენდერის მეორე ეტაპზე გადასავლის პროცედურები.

MBT-ის ტექნოლოგიის დანერგვა უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგროვილი არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების დამუშავებას. ის ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ცეცხლაურში მდებარე სანიტარული ნაგავსაყრელის მუშაობის ეფექტურობას და სიცოცხლისუნარიანობას.

აღსანიშნავია, რომ ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მუშაობა, მათი ინტეგრირებულად ექსპლუატაციის მიზნით, ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება.

პროექტის II ფაზის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმსა და ქობულეთში მდებარე, კანონმდებლობასთან შეუსაბამო, ნაგავსაყრელების დახურვა და რეაბილიტაცია. კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2 ნაგავსაყრელის და ბათუმის ერთი ნაგავსაყრელის დახურვა.

ამ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანიის მიერ არსებული ნაგავსაყრელის დახურვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. დახურვის ღონისძიებები კი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დაიწყება“, – მოგვწერეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2026 წლის 25 აგვისტოს.

ნაგავსაყარი პოლიგონი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში

რაც შეეხება ნარჩენების შუალედურ გადამტვირთ სადგურს, ის ბათუმის სამრეწველო ზონაში უნდა ააშენონ. ამ სადგურის ფუნქცია ნარჩენების აქ დროებითი თავმოყრა იქნება, აქედან კი ნარჩენებს ცეცხლაურში გაიტანენ.

ამ თემაზე ვრცლად: ჭოროხთან ნაგავსაყარი გაუქმდება და ნაგვის გადამტვირთი სადგური აშენდება – ნარჩენები აჭარაში

„ამ ეტაპისთვის, დასრულებულია ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის დეტალურ დიზაინზე მუშაობა და 2026 წლის ბოლოსთვის, დაგეგმილია სამშენებლო ტენდერის გამოცხადება“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

იმ ტერიტორიის გვერდით, სადაც გადამტვირთი სადგური შენდება, 12 843 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ღობავს ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაც“. ტერიტორიის შესაღობად „სანდასუფთავებას“ ტენდერი აქვს გამოცხადებული 328 721 ლარით.

„სანდასუფთავებაში“ გვითხრეს, რომ ტერიტორიის შემოღობვა უშუალოდ გადამტვირთ სადგურს არ უკავშირდება.

„ბათუმის განვითარებისა და გაფართოების გათვალისწინებით, შპს „სანდასუფთავებას“ მიწის ნაკვეთები გადმოეცა როგორც ბონი-გოროდოკის, ასევე სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია სანდასუფთავების ოფისების, ავტოფარეხებისა და შესაბამისი საწყობების განთავსება. ინფრასტრუქტურის უბნების მიხედვით განაწილება ხელს შეუწყობს კონკრეტული ტერიტორიების შესაბამისი ლოკაციებიდან უფრო სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.

„სანდასუფთავება“ თავის მხრივ აცხადებს, რომ აუცილებელია „ახალ სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მიმდებარედ, სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმოს მოწყობა“. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ ადლიაში მდებარე ინსინერატორი გაუქმდეს.

ამ თემაზე ვრცლად: სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

შენდება თუ არა ახალი ინსინერატორის შენობა ცეცხლაურში და რა ეტაპზეა, ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს.

ცეცხლაურში მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე სკრინინგის პროცედურა 2026 წლის 11 მარტს დასრულდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პოლიგონის ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ამ გადაწყვეტილებით „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ გარკვეული პირობების შესრულებაც დაევალა.

__

პოლიგონის ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე დეტალები, ასევე 2026 წლის იანვარში პროექტთან დაკავშირებით სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია, ნახეთ ამ ბმულზე:

რატომ არ მუშაობს ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: