მთავარი,სიახლეები

ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში

24.08.2026
ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალდაგებული ასფალტის ამოჭრა იმ დროს დაიწყეს, როცა მოსახლეობის ნაწილს სამუშაოები დასრულებული ეგონა. ქალაქის მერიის განმარტებით, „მიმდინარეობს წყალარინების ჭების მოყვანა ნიშნულამდე“, რათა ასფალტის მესამე ფენა დაიგოს. თუმცა, მერიის სამმართველოსა და შპს „პალადას“ შორის დადებული 14-მილიონიანი ხელშეკრულებით სამუშაოები 2026 წლის მაისში მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული.

ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანეს, შშმ პირებისთვის საჭირო ლიფტების დამონტაჟება პროექტიდან ამოიღეს და ქვეითთა არაადაპტირებული გადასასვლელი ხიდის აშენებაზეც უარი თქვეს. გადაწიეს სამუშაოების დასრულების ვადაც.

ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი / 23.08.2026

რა ირკვევა ხელშეკრულებით და „მხარეთა შეთანხმებებით“

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის #1-დან აეროპორტის გზატკეცილის #93-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „პალადასა“ და ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შორის ხელშეკრულება 2025 წლის 25 თებერვალს დაიდო.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 13 994 999 ლარი და 14 თეთრი [ყველა გადასახადის ჩათვლით]. ამ ხელშეკრულებით სამუშაოები 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო.

გასული წლის ნოემბერში პირველი ცვლილება შეიტანეს ხელშეკრულებაში და კომპანიის მიერ წარმოდგენილი „თიბისი ბანკი“-ს საგარანტიოები [ხელშეკრულების შესრულების და საავანსოსი] ჩაანაცვლეს „ბაზისბანკის“ მიერ გაცემული საგარანტიოებით.

მეორე ცვლილება ხელშეკრულებაში მაშინ შეიტანეს, როცა სამუშაოების დასრულების ვადა ორ დღეში იწურებოდა, ანუ 2026 წლის 28 მაისს. ამ ცვლილებით ირკვევა, რომ გზაზე სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის განმავლობაში [თებერვლიდან-დეკემბრამდე] საერთოდ არ ჩაუტარებიათ. და ეს მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტიდან 2,7 მილიონი ლარი კომპანიისთვის ავანსად იყო გადარიცხული.

მერიის სამმართველო და კომპანია ადვილად შეთანხმდნენ მიზეზზეც: გზის ამ მონაკვეთში ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა და სამუშაოების შესრულება გზაზე მოძრაობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვის გარეშე შეუძლებელი იყოო.

„ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, მიმდებარე კომერციული ობიექტების ფუნქციონირება, ტურისტული სეზონის პერიოდში ქალაქში გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებლობა“, პარალელურად სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოები სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც მიმდინარეობდა, ამიტომ „დამატებით აეროპორტის გზატკეცილის შეზღუდვა გამოიწვევდა სატრანსპორტო კოლაფსს და მოსახლეობას შეუქმნიდა დისკომფორტს“.

„ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წელს ვერ მოხერხდა გზაზე მოძრაობის შეზღუდვის დაწესება, რის გამოც ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადაიდო“, – წერია მხარეთა მეორე შეთანხმებაში.

ამავე შეთანხმების მიხედვით, „მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, არსებული ინფრასტრუქტურისა და საპროექტო გადაწყვეტილებების ურთიერთთავსებადობის დაზუსტების მიზნით განხორციელდა არაერთი სამუშაო შეხვედრა საზედამხედველო კომპანიასთან და საპროექტო ორგანიზაციასთან.“

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე / აღნიშნულია წითელი ხაზით / ფოტო პროექტიდან

„დამკვეთის, საზედამხედველო კომპანიისა და საპროექტო ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია კორექტირების შეტანა არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.

კერძოდ, საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური გადაწყვეტილებების დაზუსტება და არსებული პროექტის ადაპტირება ფაქტობრივ პირობებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების ხარისხიანად, უსაფრთხოდ და მოქმედი სამშენებლო ნორმების სრული დაცვით შესრულება“, – წერია 28 მაისის მხარეთა შეთანხმებაში.

ამავე შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ „მიზანშეწონილია სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით“, რაზედაც შეთანხმდნენ კიდეც და ვადაც გადაწიეს.

აეროპორტის გზატკეცილზე რამდენიმე დღით მოძრაობა 2026 წლის ივნისის დასაწყისში აკრძალეს. თვის ბოლოს, 25 ივნისს კი, მხარეთა შორის მესამე შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტში წერია, რომ გამოვლინდა „რიგი ტექნიკური საკითხები“, რაც საჭიროებს პროექტში ცვლილებების შეტანას. კერძოდ:

  • „სანიაღვრე ქსელის წყალმიმღები ჭების მოწყობა გათვალისწინებული იყო გზის სავალი ნაწილის შუა ღერძზე. თუმცა, ადგილზე არსებული მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გათვალისწინებით, აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელების შემთხვევაში შეუძლებელი იყო წყალმიმღები ჭების ცენტრალურ ქსელთან დაერთება.
  • ურთიერთშეთანხმების შედეგად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული წყალმიმღები ჭების განთავსება გზის გვერდებზე, ტროტუარის მიმდებარედ, რაც დამატებით უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ეზოების სანიაღვრე ქსელზე მიერთების შესაძლებლობას. შესაბამისად, შეიცვალა მოსაწყობი პლასტმასის მილების მოცულობები…
  • დაკორექტირდა წყალმიმღები და სათვალთვალო ჭების მოწყობის მოცულობებიც. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეგულაციო კედლების მოწყობის პიკეტურ მოცულობათა უწყისით გათვალისწინებულია 1203.76 მ³ ბეტონი, მაშინ როდესაც წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნული სამუშაოსთვის განსაზღვრული იყო მხოლოდ 134.44 მ³ ბეტონი, რაც 1069.32 მ³-ით ნაკლებს წარმოადგენს.
  • ანალოგიურად, ხარჯთაღრიცხვაში არმატურის მოცულობა განსაზღვრული იყო 3.7859 ტონით, მაშინ როდესაც უწყისის შესაბამისად საჭირო რაოდენობა შეადგენს 47.3554 ტონას.
  • აღნიშნული შეუსაბამობისა და ტექნიკური უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით დაკორექტირდა სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოების მოცულობები, რის შედეგადაც აღნიშნული სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 880 826.25 ლარით, დღგ-ის ჩათვლით.“

აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტში, რომელშიც ეს და სხვა ცვლილებები შეიტანეს, ბათუმის მერიას 188 ათას 800 ლარი აქვს გადახდილი შპს „პროჯეკტ კომპანი“-სთვის 2024 წელს.

ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი / 23.08.2026

ამ პროექტით „სპორტული ბაზის მიმდებარედ ეწყობა ქვეითთა გადასასვლელი ხიდი, რომელზეც დამონტაჟდება შშმ პირთათვის ადაპტირებული ლიფტები და ამსვლელ/ჩამომსვლელი ესკალატორები“.

მესამე შეთანხმებით კი, მერიამ და კომპანიამ ქვეითთა გადასასვლელი ხიდის აშენებაზე უარი თქვეს. ეს გადაწყვეტილება მერიის სამმართველომ და კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ მიიღეს, თანაც ისეთი მიზეზით, რაც შპს „პროჯეკტ კომპანი“-სგან პროექტის ჩაბარების დროსაც იყო ცნობილი და „პალადასთან“ ხელშეკრულების გაფორმების დროსაც.

მერიის სამმართველო და „პალადა“ მესამე შეთანხმების დოკუმენტში წერენ: „გასათვალისწინებელია, რომ ესკალატორები და შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები განთავსებული იქნება ღია სივრცეში და მუდმივად დაექვემდებარება წვიმის, თოვლის, ყინულის, ძლიერი ქარის, ტემპერატურული ცვლილებების, მტვრისა და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი კოროზიის, ტექნიკური გაუმართაობისა და მწყობრიდან გამოსვლის რისკს.“

ბათუმის მერია [რომელმაც თავის დროზე პროექტი ჩაიბარა და ტენდერიც გამოაცხადა ადაპტირებული ლიფტის აშენების პირობით] და „პალადა“ [რომელმაც დადო ხელშეკრულება, მათ შორის ასეთი ხიდის აშენებაზე], გზაზე სამუშაოების დაწყების შემდეგ აცხადებენ:

  • „განსაკუთრებით საყურადღებოა ზამთრის პერიოდი, როდესაც ყინულისა და ნალექის დაგროვება მნიშვნელოვნად ართულებს, როგორც ესკალატორების, ისე ლიფტების უსაფრთხო და შეუფერხებელ ექსპლუატაციას. აღნიშნული გარემოებები ზრდის მომხმარებელთა უსაფრთხოების რისკებს და საჭიროებს მუდმივ ტექნიკურ მომსახურებას, მონიტორინგსა და დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებას. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს.
  • მოწყობილობების ხშირი გაუმართაობის შემთხვევაში კი მოსალოდნელია როგორც ქვეითთა გადაადგილების შეფერხება, ისე შშმ პირთათვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტი და ხიდზე ასასვლელი/ჩამოსასვლელი ესკალატორები ამოღებულ იქნეს ხარჯთაღრიცხვიდან.“

პროექტში საფეხმავლო ხიდის კონცეფციის ფოტოებიცაა, რომლის მიხედვით ლიფტები ღია სივრცეში არ არის. რაც შეეხება ესკალატორებს, მათი მონტაჟი ღია სივრცეში გასაგებია, ამიტომ, შეიძლებოდა ალბათ მათი ამოღება, ლიფტების დატოვება და ესკალატორების კიბით ჩანაცვლება, თუმცა „მხარეთა შეთანხმებაში“ წერია, რომ ლიფტებიც ამოიღეს.

ხიდის კონცეფცია / ფოტო პროექტიდან

„პალადასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შშმ პირთათვის განკუთვნილი 2 ლიფტის ღირებულება მონტაჟის გათვალისწინებით, იყო 300 ათასი ლარი, ხოლო ხიდზე ასასვლელ/ჩამოსასვლელი ესკალატორების ღირებულება, ასევე მონტაჟის გათვალისწინებით – 600 ათასი ლარი.

შესაბამისად, ლიფტების და ესკალატორების ამოღებით მერიამ პროექტში 900 ათასი ლარის „ეკონომია“ გააკეთა [რითაც, როგორც ირწმუნებიან, სხვა სამუშაოები დაფინანსდა/დაფინანსდება, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას „გამოჩნდა“ და პროექტით არ იყო გათვალისწინებული].

რა ჯდება არაადაპტირებული ხიდის აშენება – ამას კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში ვერ მივაგენით, ამიტომ საკითხის დასაზუსტებლად მერიის სამმართველოს მივმართეთ. სამმართველოში კი გვითხრეს, რომ ქვეითთა გადასასვლელ ხიდს საერთოდ არ ააშენებენ.

„აეროპორტის გზატკეცილზე, „დინამო ბათუმის“ ანგისის ბაზასთან, ქვეითთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი ხიდის მონტაჟი აღარ განხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობის რეგულირების მიზნით, სამომავლოდ შუქნიშნის მოწყობა იგეგმება“, – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

რამდენიმე დეტალი ასევე მხარეთა მესამე შეთანხმებიდან:

  • „გზის სავალი ნაწილის საფარის ხარისხობრივი მაჩვენებლების უზრუნველყოფისა და საბოლოო საფარის მოწყობისთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემასწორებელი ასფალტბეტონის ფენის მოწყობა საშუალოდ 3 სმ სისქით.
  • აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს არსებული ზედაპირის არათანაბრობების აღმოფხვრას, საპროექტო ნიშნულებთან შესაბამისობის მიღწევას და შემდგომი ასფალტბეტონის საფარის ფენების ხარისხიან და ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად მოწყობას…
  • ამასთან, ტექნიკური თვალსაზრისით, თვითწებვადი ფილების ნაცვლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია უსინათლო პირთათვის ტაქტილური ზედაპირის ფილების მოწყობა.
  • აღნიშნული ცვლილება ხორციელდება ნაწილობრივ გაუთვალისწინებელი ხარჯის და არსებული ეკონომიების გამოყენებით. განსახორციელებელი ცვლილების შედეგად საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება არ იცვლება“.

შესყიდვების პორტალზე დღევანდელი, 2026 წლის 24 აგვისტოს მონაცემებით, ხელშეკრულების თანხა არის 13 994 999.14 ლარი, საიდანაც „პალადაზე“ უკვე გადარიცხულია 4 129 167.21 ლარი [ხელშეკრულების თანხის 30 პროცენტი]. აქედან 2 700 000 ლარი კომპანიისთვის 2025 წლის 16 აპრილს ავანსად გადაურიცხიათ.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „პალადა“ თბილისში 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის წილები თანაბრად ეკუთვნით გიორგი ელიავას და ილია კეკელიძეს. კომპანიის დირექტორია ილია კეკელიძე.

და ბოლოს, აეროპორტის გზატკეცილის იმ ადგილზე, სადაც აღნიშნული პროექტით ქვეითთა გადასასვლელი ადაპტირებული ხიდი უნდა აეშენებინათ, „ბათუმელები“ 2024 წელშიც წერდა. აქ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

___

ვრცლად:

ბავშვებისთვის სახიფათო გადასასვლელი „დინამო ბათუმის“ აკადემიასთან – მერიაში კითხვას არ პასუხობენ | ვიდეო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: