აჭარაში „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს წევრს, ილია ვერძაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბათუმში მცხოვრებმა, ნათია თურმანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა, რომ მის ოჯახს ქონება კორპუსის მშენებლობის და ბინების გადაცემის პირობით, გარიგების საფუძველზე, ილია ვერძაძემ დაათმობინა, შემდეგ კი ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ:
„სახლი დაანგრიეს, არაფერი აუშენებიათ, ქირის თანხასაც აღარ გვიხდიან. მამამ ნერვიულობის გამო ორჯერ მიიღო ინსულტი, ჯანმრთელობა დაკარგა“.
ილია ვერძაძე კი ირწმუნება, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს, თურმანიძეებთან ქონების დათმობაზე მოლაპარაკებები არ ჰქონია და არ იცის, რატომ ადანაშაულებენ მას. თუმცა ადასტურებს, რომ ნაილე ვერძაძე, რომელიც ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი იყო, ნამდვილად მისი დაა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნაილე ვერძაძე პედაგოგია და მანამდე ის სამშენებლო საქმიანობას არ ეწეოდა.
„შოკში ვარ, ასეთი ტყუილები და ცილისწამება… გავივლი კონსულტაციას და ალბათ სასამართლოში ვიჩივლებ. ფაქტობრივად, არაფერი სიმართლე არ არის და მე არ ვიცი, რაში დასჭირდა, ვის დასჭირდა ეგეთი ტყუილი, ვინ იყენებს, როგორ იყენებს. თქვენც ხომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ შეხებაში არ ვარ, რა შუაში ვარ მე. 7-8 წლის წინანდელს ახსენებს, 8 წლის წინ ჩემს ოჯახს რა ჰქონდა, რა არ ჰქონდა, რა შუაშია, ჰქონდა და აღარ აქვს…“ – გვითხრა ილია ვერძაძემ სატელეფონო საუბარში.
ნათია თურმანიძე კი აცხადებს, რომ აქვს მტკიცებულება და გეგმავს სასამართლოში დაამტკიცოს, რომ ილია ვერძაძე ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი იყო და ოჯახმა ნდობა სწორედ მას, როგორც „მთავრობის წევრს“ გამოუცხადა.
„თავიდან გამოაგზავნა შუამავალი, ზურაბ დიასამიძე. შემდეგ თავადაც ჩაერთო, უშუალოდ შეგვხვდა და მოგველაპარაკა, რომ ჩვენი ქონების დათმობის სანაცვლოდ მივიღებდით ბინებს ახალ კორპუსში. გვითხრა, რომ თავად არ სურდა გამოჩენა, რადგან თანამდებობის პირია. ჩვენც დავუჯერეთ, ვენდეთ, როგორც მთავრობის წარმომადგენელს.
ყველაფერი თავის დაზე, ნაილე ვერძაძეზე გააფორმა. ესეც იმით აგვიხსნა, რომ თავად არ უნდა გამოჩენა. ხშირად გვიმეორებდა, რომ როგორც ნებართვების, ისე მასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება მარტივად შეეძლო, რადგან გავლენიანი პირია, ქირით გაგვიყვანეს და სახლი დაანგრიეს. შემდეგ კომპანია არაერთხელ გაყიდეს და ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს, ქირასაც არ გვიხდიან“, – გვიყვება ნათია თურმანიძე.
ილია ვერძაძე ბრალდებას ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ არც ზურა დიასამიძეს იცნობდა და არც თურმანიძეების ოჯახს, როცა ეს გარიგება შედგა. „ის ჩვენ მერე გავიცანით“, – გულისხმობს ზურა დიასამიძეს და მისი დის მიერ ზურა დიასამიძის კომპანიის შესყიდვას.
ილია ვერძაძე გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტებში კარგად გამოჩნდება: „შეისწავლეთ, ჩახედეთ დოკუმენტებში.“
- რა ირკვევა დოკუმენტებით?
დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში, ანგისის ქუჩა #87 – ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, კომპანიას, მესაკუთრესთან შეთანხმებით, მრავალბინიანი კორპუსი უნდა აეშენებინა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერში, რომელიც 2026 წლის 2 თებერვლით თარიღდება, მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის ყოფილი მფლობელი ბადრი თურმანიძეა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ანგისის #87-ში მოქალაქე ბადრი თურმანიძე, ნათიას მამა 2013 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და 222 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ სახლს ფლობდა, ეს ქონება მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
2018 წელს, ეს ნაკვეთი ორ ნაწილად შპს „ფონმა“ დაირეგისტრირა – ამონაწერის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მხარეს ეკრძალებოდა ამ ქონების გასხვისება, უფლობრივად დატვირთვა თავდაპირველი მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზურაბ დიასამიძეს შპს „ფომი“ 2018 წლის მარტში დაუფუძნებია, 4 თვეში კი კომპანიის ასივე პროცენტი ნაილე ვერძაძეს გადაუფორმა. 2018 წლის ივლისში კომპანიას სახელი გადაარქვეს და „ვს ჯგუფი“ უწოდეს, ნაილე ვერძაძე კი კომპანიის დირექტორად დარეგისტრირდა.
ზურაბ დიასამიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ თავდაპირველ მოლაპარაკებებში ილია ვერძაძე ჩართული არ ყოფილა და „ეს ტყუილია“. გვითხრა ისიც, რომ „ამას სასამართლოში განიხილავენ“.
ზურაბ დიასამიძემ გვითხრა ასევე, რომ მას მშენებლობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია: „ერთი წამითაც მე მშენებლობაზე პასუხისმგებლობა არ ამიღია. კომპანია ილია ვერძაძეს გადავუფორმე, მისი და კი კომპანიის დირექტორი გახდაო – ამის შემდეგ კი საუბრის გაგრძელება აღარ მოინდომა და ტელეფონი გაგვითიშა.
ზურაბ დიასამიძესა და ნაილე ვერძაძეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის დოკუმენტში წერია, რომ კომპანია ფლობს მიწის ნაკვეთს ანგისის #87-ში, რომელიც დატვირთულია ვალდებულებით – ამ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში 2300 კვ.მეტრი ბინებად დაყოფილი ფართობი, მისი ყოფილ მფლობელს უნდა გადაეცეს.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან
დოკუმენტის თანახმად,ზურაბ დიასამიძემ ნაილე ვერძაძეს კომპანია 5000 დოლარად მიჰყიდა. ამ დროს კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა. „ბათუმელებმა“ მოიპოვა ანგისის #87-ში გაცემული პირველი სამშენებლო ნებართვა, ის 2019 წლის 4 ნოემბრით თარიღდება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ვს ჯგუფმა“ სამშენებლო ნებართვა ნაილე ვერძაძის დირექტორობის პირობებში მიიღო:

„ვს ჯგუფს“ მშენებლობა არ დაუწყია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, დეპუტატის დამ, კომპანიის ასივე პროცენტი, ანგისის ქუჩის #87-ში მდებარე მიწის ნაკვეთით, 150 000 დოლარად ალექსანდრე სიჭინავას მიჰყიდა.
ახალი ხელშეკრულებით, კომპანიას დარჩა ყველა ვალდებულება, რაც მანამდე ჰქონდა აღებული. შეთანხმებაში ჩაიწერა ისიც, რომ ნაილე ვერძაძე მშენებარე კორპუსში დაირეგისტრირებდა 731.60 კვ.მეტრ ფართობს – ბინებს და ტერასას მომავალი საკუთრების უფლებით, ამ დროს კომპანიას უკვე ჰქონდა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან
2020 წლის ივლისში კომპანია ახალმა მფლობელმაც გაასხვისა, ამჯერად ასივე პროცენტი თეიმურაზ ჩხარჩხალიას უსასყიდლოდ გადასცა ალექსანდრე სიჭინავამ. გაუგებარია, რატომ გააჩუქა ქონება სიჭინავამ უფასოდ, მაშინ, როდესაც ამ ქონებაში თავად 150 000 დოლარი გადაიხადა.
რეესტრის მონაცემებით, ახალმა მფლობელმა, ანუ ჩხარჩხალიამ კომპანია შეინარჩუნა, სამაგიეროდ სამშენებლო პროექტი სხვა კომპანიას – შპს „გრინ თაუერს“ გადასცა: შესაბამისი შეტყობინება და ჩანაცვლების მოთხოვნა შევიდა ბათუმის მერიაშიც.

მერიამ „ვს ჯგუფზე“ გაცემული ნებართვა შეცვალა და ანგისის ქუჩის #87 მშენებლობის ნებართვის მფლობელად „გრინ თაუერი“ მიუთითა. ამასთან, მერიამ შეითანხმა არქიტექტურულ პროექტებში ცვლილებებიც.
2024 წელს, როდესაც შპს „გრინ თაუერი“ ანგისის #87-ში დამტკიცებული პროექტის მესაკუთრედ დაფიქსირდა, კომპანიის წილებს რამაზ კაკაბაძე [60%] და ივანე ლიპარტიანი [40%] ფლობდნენ.
ბათუმის მაშინდელმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ანგისის ქუჩის #87-ში მშენებლობის ახალი ნებართვა გასცა, ნებართვის მფლობელად ამჯერად „გრინ თაუერია“.

პროექტის რენდერი

მშენებლობის ადგილი დღეს
მშენებლობა რეალურად არც „გრინ თაუერმა“ დაიწყო. 2024 წლის აგვისტოში, კომპანიის მფლობელებმა წილები 300 000 დოლარად გიორგი ჩიბუხაშვილს მიჰყიდეს. ამ დროს ანგისის ქუჩის #87 ქონება დაყადაღებულია. ვალდებულებები დარჩა გამყიდველსაც.
ჩიბუხაშვილმა კომპანიას სახელი შეუცვალა და „რეგალ ქონსთრაქშენი“ დაარქვა. 2026 წლის ამონაწერით, კომპანიის ბალანსზე ანგისის #87-ში მდებარე ქონება დაყადაღებულია და კომპანიას ეკრძალება ე.წ. „ჰაერის გასხვისებაც“ კი, ისევე როგორც იპოთეკით დატვირთვა. თუმცა რეალურად იქ მხოლოდ მიწის ნაკვეთი და დაჭაობებული მშენებლობის ადგილია და სხვა არაფერი.
2025 წლის ოქტომბერში „გრინ თაუერის“ ყოფილი მფლობელები პოლიციამ დააკავა, ამით ფაქტობრივად დადასტურდა ინფორმაცია, რომ მათ კონკრეტულ მომავალ მესაკუთრეებზე დარეგისტრირებული ბინები გადაყიდეს.
შს სამინისტრო წერდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და ამ გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი თავდებით გაათავისუფლეს.
უსახლკაროდ დარჩენილმა თურმანიძეების ოჯახმა სასამართლოს 2023 წელს მიმართა. მათი ინფორმაციით, საქმეში მოპასუხედ ფიქსირდება ილია ვერძაძეც, რომელიც აცხადებს, რომ მისი იმიჯი შელახეს და ამის გამო სარჩელს ამზადებს.
ილია ვერძაძე აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი კომპანიის თავდაპირველ მფლობელს, ზურა დიასამიძეს არ იცნობდნენ, როცა ის თურმანიძეების ოჯახს მოელაპარაკა და ვალდებულებებიც აიღო მათთან.
- როდის დაანგრიეს თურმანიძეების სახლი?
ილია ვერძაძე გვარწმუნებს, რომ მის ოჯახს ამ საქმეში მონაწილეობის ეტაპზე სახლი არ დაუნგრევია, შესაბამისად, ნაილე ვერძაძეს ვალდებულება თურმანიძეების ქირით გაყვანაზე არ აუღია.
„იმ პერიოდში, როცა კომპანიას ფლობდა ჩემი და, ქირაზე საუბარი არ იყო, რადგან სახლი არსებობდა. ნამდვილად შემაშფოთებელია ის, რაც მოვისმინე. გასაკვირი კი ის არის, რომ ტყუილებზე დაფუძნებული ეს ბრალდება გადამოწმებადია ფაქტებით. ამდენად ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ეს ყველაფერი. მიზანი ალბათ მხოლოდ შეურაცხყოფა ან რაღაცნაირი შანტაჟია და ამისთვის ეს ადამიანები გამოიყენეს, სამწუხაროა. აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის.
ეს ჩვენი ოჯახის კომპანია იყო და მე მის მართვაში არ ვმონაწილეობდი. რას აკეთებდა, რა თქმა უნდა, ვიცოდი. ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ. ოჯახმა გადაწყვიტა ეს საკითხი და ჩემი უფროსი და გახდა ამ კომპანიის დირექტორი.
როცა მოგვიანებით ეს კომპანია ოჯახმა გაასხვისა, შემდეგმა მესაკუთრემ გააკეთა განშლა და გადაუფორმა მას რამდენიმე ბინა, ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“, – გვითხრა ილია ვერძაძემ.

google earth – ის მონაცმებით თურმანიძეების სახლის ნგრევა 2019 წლის მაისში დაწყებული ჰქონდათ. ამ დროს კომპანიის მფლობელი ნაილე ვერძაძე იყო. მან ეს კომპანია 2019 წლის დეკემბერში გაყიდა. შესაბამისად, მცდარია ილია ვერძაძის ინფორმაცია, რომ მის ოჯახს „ქირაზე საუბარი არ ჰქონია, რადგან სახლი არსებობდა“
google earth-ის მონაცემებით, 2019 წლის მაისში, ანგისის ქუჩის #87 -ში სახლს სახურავი აღარ აქვს, ადგილზე აღარ არის არც სასათბურე მეურნეობა, 2020 წლის მაისში კი სახლი აღარ დგას, ადგილზე კი ტრაქტორი მუშაობს.
- ვინ არის მანუჩარ ანანიძე და რატომ ფიგურირებს მერიის თანამშრომელი ამ საქმეში?
ბოლო ამონაწერის მიხედვით, რეესტრში პირველ მხარედ ფიქსირდებიან ქონების თავდაპირველი მფლობელი ბადრი თურმანიძე, ასევე ლია ვერძაძე, ილია ვერძაძის კიდევ ერთი და და მანუჩარ ანანიძე. ამავე ამონაწერის მიხედვით, მშენებელმა პირველ მხარეს, ჯამში 2582.35 კვ.მეტრი ფართობი უნდა გადასცეს. კერძოდ: ბადრი თურმანიძეს 2300 კვ.მეტრი, ლია ვერძაძეს 158.85 კვ.მეტრი და მანუჩარ ანანიძეს 123.50 კვ.მ ფართობი.
რეესტრის მიხედვით, გადანაწილებულია გადასაცემი ბინების სართულებიც.
ვალდებულების ცვლილების მოთხოვნით მანუჩარ ანანიძემ და ლია ვერძაძემ 2019 წელს მიმართეს, რეესტრი წერდა, რომ ვერ გაარკვია რის საფუძველზე ითხოვდნენ ისინი ცვლილებას. თუმცა 2019 წლის დეკემბერში ისიც და ლია ვერძაძეც პირველ მხარედ ფიქსირდებიან.
თურმანიძეების ინფორმაციით კი, მანუჩარ ანანიძე თავიდანვე იყო ჩართული მოლაპარაკების საქმეში, როგორც ვერძაძის წარმომადგენელი: „თავიდანვე იყო ვერძაძესთან ერთად“.
მანუჩარ ანანიძე ბათუმის მერიაში მუშაობს 2021 წლიდან, თავიდან ის მონიტორინგის განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ კი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულებით აიყვანეს.
2021 წელს, მანუჩარ ანანიძემ ბათუმის საკრებულოს წევრ მამუკა კაკაბაძესთან ერთად დააფუძნა კომპანია „გონიო სანრაიზ ვილა“, პარტნიორები კომპანიის წილებს თანაბრად იყოფდნენ.
2022 წელს მანუჩარ ანანიძემ თავისი წილებიდან 17 პროცენტი მამუკა კაკაბაძეს დაუთმო უსასყიდლოდ, 16.50 პროცენტი კი იოსებ კუჭაშვილს ასევე უსასყიდლოდ გადასცა, თავად 16.5 პროცენტი დაიტოვა. 2022 წლის ბოლოს პარტნიორებმა კომპანიის წილები 300 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.
„ბათუმელები“ ამ საკითხზე მანუჩარ ანანიძესთან დაკავშირებას ცდილობდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
რაც შეეხება მამუკა კაკაბაძეს, ის ბათუმის საკრებულოს წევრია „ოცნებიდან“. 2020-2024 წლებში ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის თანაშემწედ მუშაობდა.
როცა მამუკა კაკაბაძის სამშენებლო პროექტებით დავინტერესტით, ჩვენ ილია ვერძაძე არ გვიხსენებია, მამუკა კაკაბაძემ ჩათვალა, რომ დაინტერესება კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურებოდა და მოგვწერა:
„რაც შეეხება ჩემს სამსახურს, მე არ ვარ პროფესიული საჯარო მოხელე და ამდენად აქ კანონდარღვევაზე საუბარი ზედმეტია. სავარაუდოდ, ეს თემაც წამოიწია კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზნით, რაც ჩემთვის პირადად სამწუხაროა. რაიმე დასამალი რომ ყოფილიყო, ძალიან მარტივად ავირიდებდი ამ კომპანიაში ჩემი ფიგურირების ფაქტს თავიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება სამწუხაროდ არ შემიძლია.“
- როგორ გაყიდეს არარსებული კორპუსის ბინები – ანუ რას ნიშნავს ე.წ. განშლა
მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ანგისის #87-ში მიწის ნაკვეთზე ერთი სართულიც არავის აუშენებია, რეესტრის ამონაწერში ფართობს თანდათან ზრდიდნენ, საბოლოოდ კი აქ 19043.5 კვ, მეტრი დაარეგისტრირეს და ფართობები მომავალ მესაკუთრეებზე გადაანაწილეს.
საქმე ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უშვებს მომავალი საკუთრების რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ მერიას გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა. დამტკიცებულია არქიტექტორული პროექტი, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული მომავალი შენობის ფართობების პარამეტრები და სართულიანობა. ამ პროცესს საქართველოში უწოდებენ, როგორც „ჰაერის გაყიდვის“
ამ მეთოდით მშენებლებს ეძლევა უფლება, მშენებლობის დასრულებამდე კანონიერად გაყიდოს ან დააგირაოს მომავალი ფართობები წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებით. მყიდველი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება, როგორც „მომავალი მესაკუთრე“, რაც მას იურიდიულად იცავს მესამე პირების პრეტენზიებისგან ან ქონების განმეორებით გაყიდვისგან. მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრში წარდგენილი ფაქტობრივი აზომვითი ნახაზის საფუძველზე „მომავალი საკუთრების უფლება“ რეესტრში საკუთრებად დარეგისტრირდება.
ანგისის #87-შიც ასე მოიქცნენ – ე.წ. განშლა დაარეგისტრირეს, ანუ კონკრეტული ბინები კონკრეტულ მომავალ მესაკუთრეებზე გადაანაწილეს. ამ გადანაწილების მიხედვით, მომავალ მესაკუთრეებად ფიქსირდებიან ნაილე ვერძაძე, ზურაბ დიასამიძე, ლია ვერძაძე.
იგივე კორპუსში, რომელიც არ აშენდა, 8 ბინის მომავალ მესაკუთრედ არის დაფიქსირებული ყოფილი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის შვილი, გიორგი ვახტანგაძე.
სხვათა შორის, ანგისის #87-ში რამდენიმე ბინის მომავალ მესაკუთრედ მამუკა კაკაბაძეც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო ამონაწერში ის აღარ იძებნება.






