მთავარი,სიახლეები

ავტობანისა და წრიულების ნაწილის გასანათებლად ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

06.08.2026
ავტობანისა და წრიულების ნაწილის გასანათებლად ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ავტობანის, მცხეთიდან იგოეთამდე მონაკვეთში და ასევე სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე გარეგანათების მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი 7 მილიონი ლარით გამოაცხადა.

გარე განათების ქსელის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები უნდა ჩატარდეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ24+00-კმ53+00 მონაკვეთზე და ასევე თბილისი-გორი-ზესტაფონი-სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთი-ბათუმის და ვაზიანი-საგარეჯო-თოხლიაური-ბაკურციხე-წნორის მიმართულებებზე არსებული სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე.

ტენდერის ფარგლებში, ჯამში, 63 წრიული უნდა გაანათონ, მათ შორის ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, შეკვეთილში, წყალწმინდასა და გრიგოლეთში. კონკრეტულად:

დასავლეთ საქართველოს სატრანსპორტო კვანძების წრიულები: ვერტყვიჭალა, ჯარგვალი, საქასრია მარჯვენა, საქასრია მარცხენა, შორაპანი მარჯვენა, შორაპანი მარცხენა, ზესტაფონი, ქვედა საქარა მარჯვენა, ქვედა საქარა მარცხენა, არგვეთა მარჯვენა, არგვეთა მარცხენა, თერჯოლა, ქვ.სიმონეთი, ნაშირღელე, უკანეთი მარჯვენა, უკანეთი მარცხენა, ოფშკვითი მარჯვენა, ოფშკვითი მარცხენა, ბაში, სამტრედია, ჯაპანა მარჯვენა, ჯაპანა მარცხენა, ნიგოეთი მარჯვენა, ნიგოეთი მარცხენა, ლანჩხუთი მარჯვენა, ლანჩხუთი მარცხენა, ლესა მარჯვენა, ლესა მარცხენა, ნიგვზიანი, ხიდმაღალა, გრიგოლეთი, წყალწმინდა, შეკვეთილი მარჯვენა, შეკვეთილი მარცხენა, ქობულეთი, ჩაქვი, ბათუმი [გარადოკი].

აღმოსავლეთ საქართველოს სატრანსპორტო კვანძების წრიულები: ვაზიანი, სააკაძე, სართიჭალა მარჯვენა, სართიჭალა მარცხენა, ნინოწმინდა, საგარეჯო, თოხლიაური, ბაკურციხე, წნორი, გურჯაანი, ჩუმლაყი, წეროვანი-გოროვანი მარცხენა, წეროვანი-გოროვანი მარჯვენა, აღაიანი მარცხენა, აღაიანი მარჯვენა, ოკამი, იგოეთი, ურბნისი მარცხენა, ურბნისი მარჯვენა, ბებნისი მარცხენა, ბებნისი მარჯვენა, ქარელი მარცხენა, ქარელი მარჯვენა, საღოლაშენი, ახალსოფელი მარცხენა, ახალსოფელი მარჯვენა, სურამი.

ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მომსახურება გულისხმობს გარე განათების ქსელის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების გაწევას. ანუ პრეტენდენტი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში [ტენდერში] მოცემულ მასალებზე დაყრდნობით თავისი ძალებითა და სახსრებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დაამუშაოს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია.“

პირობაში, ყოველი შემთხვევისთვის, ჩადებულია განსახლების მუხლიც.

„იმ შემთხვევაში, თუ იკვეთება სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების ფაქტი კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ აქტივებზე ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენილ [მიმდინარე რეგისტრაცია] უძრავი ქონებაზე, განსახლების პროცედურების განხორციელების მიზნით, აუცილებელია ჩატარდეს აღწერა-ინვენტარიზაცია, უნდა მომზადდეს და დეპარტამენტში წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად“, – წერია ტენდერის პირობაში.

დეპარტამენტი ასევე მიუთითებს, რომ „სამშენებლო პროცესების გამჭვირვალობის“ მიზნით, „საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პირდაპირი [უწყვეტი] ვიდეოტრანსლაცია სამშენებლო ობიექტიდან… სამშენებლო უბნებზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობებიდან ვიდეონაკადი უწყვეტად უნდა მიეწოდოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ სერვერს.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 24 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 097 437 ლარია.

საპროექტო მომსახურების გაწევისა და გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების განხორციელების ვადები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით.

„დეტალური პროექტის მომზადების მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან – 3 თვე. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან – 11 თვეში“, – წერია დავალებაში.

მთავარი ფოტო: გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებარე მონაკვეთი [ფოტო გადაღებულია 2025 წელს] / მარცხნივ წყალწმინდის წრიული, რომელიც ამ ტენდერის ფარგლებში უნდა გაანათონ.

აღსანიშნავია, რომ ამ გზის სამი წლის წინ გახსნილი მონაკვეთი [რომელზეც წყალწმინდის წრიულიდან ადიხარ] – გარე განათების გარეშეა. გზების დეპარტამენტის 2025 წლის ინფორმაციით, ამ მონაკვეთის განათება იმავე წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ „სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“. 

ამ თემაზე:

ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალები ნახეთ ამ ბმულზე.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008