ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ არის.
როგორც “ბათუმელებს” სამინისტროში უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“წავიდა თუ გაათავისუფლეს?” – ოფიციალურად მოადგილის წასვლას პირად განცხადებას უკავშირებენ, თუმცა ამ ფაქტს წინ უძღოდა 18 ივლისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მომხდარი ინციდენტი.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მას ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც.
მუზეუმში მომხდარი კონფლიქტის ნამდვილობა რამდენიმე დღის წინ თავად ზაურ ახვლედიანმა დაადასტურა “ბათუმელებთან” საუბარში.
„პირადი ამბავი იყო. გაახსენდა რაღაც და პროვოკატორობა სცადა. მუზეუმში შიგნით ტრიალებდა, მავნებლობდა და გამოვიყვანე გარეთ, რადგან გაიგონა ყველამ მისგან უზრდელობა. ცხადია, არ მოვითმენდი ამდენს“, – უთხრა “ბათუმელებს” ზაურ ახვლედიანმა.
კითხვაზე, მიიღო თუ არა პირადად მან რაიმე ფიზიკური დაზიანება ამ ინციდენტის დროს, ზაურ ახვლედიანმა გვიპასუხა, რომ „ხელიც არ გაუქანებია. გაილახა და დაგვანება თავი”.
ზაურ ახვლედიანი წლების განმავლობაში იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, შემდეგ მუშაობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ბოლოს კი ახლადშექმნილ კულტურის სამინისტროში მოადგილის პოსტი ეკავა.
ვინ დაინიშნება აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ, ჯერ უცნობია.
ეს არ არის პირველის შემთხვევა, როდესაც აჭარის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი კონფლიქტში ეხვევა.
გასულ წელს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ლადო მგალობლიშვილსა და აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, აკაკი ძნელაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არცერთი მხარე კონფლიქტის მიზეზზე ღიად არ საუბრობს, თუმცა მალევე დატოვა თანამდებობა აკაკი ძნელაძემ, ლადო მგალობლიშვილმა კი პოსტი შეინარჩუნა.
ამავე თემაზე:





