მთავარი,სიახლეები

შემცირდა თუ არა მეზღვაურთა დასაქმება გემებზე თავდასხმების შემდეგ

03.08.2026
შემცირდა თუ არა მეზღვაურთა დასაქმება გემებზე თავდასხმების შემდეგ

როგორ აისახა მეზღვაურთა დასაქმებაზე ბოლო პერიოდში გემებზე გახშირებული თავდასხმები? – ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ საკრუინგო კომპანიებს ბათუმში, მეზღვაურები კი ამბობენ, რომ დასაქმების მაჩვენებელმა, სავარაუდოდ, იკლო, თუმცა მასშტაბურად – არა.

„მეზღვაურებს ჩვენ ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, მათ იციან რისკების შესახებ… ვერ ვიტყვით, რომ შემცირდა ნაკადი, ასე არ არის,“ – გვითხრეს, მაგალითად, კომპანია „ალფა ნავიგეიშენ მერითაიმში“. სხვა საკრუინგო კომპანიებში კი თქვეს, რომ რისკის ზონაში არ მოძრაობენ ის გემები, სადაც ისინი ქართველ მეზღვაურებს ასაქმებენ.

„სპარსეთის ყურე მთლიანად საფრთხის შემცველია და ომის არეალად ითვლება – საშიშ ადგილად. ეს ტრანზიტული ზონაა და ფაქტობრივად გემების 80 % სინგაპურში უნდა შევიდეს. ნებისმიერი გემი ევროპიდან აზიისკენ როცა მიდის, მას უწევს სუეცის სრუტის გავლა, მაგრამ ოფიციალურად როცა შედის გემი საომარ ზონაში, ეს კიდევ სხვა ამბავია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მეზღვაური მერაბ ჯიხაძე.

მისი თქმით, მეზღვაურების დიდი ნაწილი სამსახურზე, სადაც საფრთხეები გაიზარდა, უარს მაინც არ ამბობს, რადგან დამსაქმებელი კომპანიები ამ დროს საბაზოსო ხელფასის გაორმაგებულ, ან გასამმაგებულ ოდენობას იხდიან.

„ბოლო კონტრაქტის დროს დროზე ადრე მომიწია გემის დატოვება იმის გამო, რომ ეს გემი შეიძლება შესულიყო შავ ზღვაში, ნოვოროსიისკიში,“ – გვიყვება მერაბ ჯიხაძე. – „კაპიტანმა იკითხა, ვინმე თუ იყო წინააღმდეგი. გემი როცა მიდის საომარ მხარეში, ვალდებულია, ჰქონდეს თითოეული მეზღვაურის თანხმობა. მე როცა მაქვს ბეისიქი 1300 დოლარი [საბაზისო ხელფასი, რასაც ემატება სხვა ანაზღაურება და დანამატები] 2600 დოლარს მთავაზობდნენ იმ დღეების განმავლობაში. ამ დროს მინიმუმი არის ხუთი დღე, როცა უნდა იმუშაო.

მე უარი განვაცხადე და წამოვედი. რუსეთის გამო ვთქვი უარი, თორე სპარსეთის არეალი რომ ყოფილიყო, წავიდოდი. ჰორმუზში თავისთავად არ წავიდოდი.

ზოგადად, რისკები მაღალია, მაგრამ ვიცით, რომ ძირითადად ბომბავენ გემებს, რომლებიც უშუალოდ ჰორმუზში შედიან. ასე არ არის, რომ ყველა გემს ურტყამენ. მაგალითად, თურქეთში თუ დატვირთეს გემი და მიდიხარ სინგაპურში, დარტყმის რისკი ნაკლებია.

სპეციალური კონვენციებია, რომლებიც ზრუნავენ მეზღვაურთა უსაფრთხოებაზე. SOLAS-ი [Safety of Life at Sea], ანუ მეზღვაურთა სიცოცხლის გადარჩენა ზღვაში – არის ასეთი საერთაშორისო კონვენცია. ერთ-ერთი პუნქტი არის ის, რომ როდესაც გემი მუშაობს საომარ არეალში, უნდა დაენიშნოთ მეზღვაურებს ორმაგი საბაზისო ხელფასი. კარგი კომპანიები ამ დროს სამმაგსაც იხდიან,“ – უთხრა მერაბ ჯიხაძემ „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: