თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქმე მშენებლობას შეეხება.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს ააშენებდა.
„ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 75 000 ლარი ჩაარიცხინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს“ – წერს პროკურატურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) მიმდინარეობდა.
შედეგად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.






