მთავარი,სიახლეები

„შუახევში დაგვახვედრეს პროვოკატორები“ – გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიიდან

17.07.2026
„შუახევში დაგვახვედრეს პროვოკატორები“ – გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიიდან

დღეს, 17 ივლისს,  გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდნენ აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში ყოფნისას, რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.

„სცადეს პროვოკაციის მოწყობა, დაგვახვედრეს პროვოკატორები შუახევში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი შარაშიძე.

მისი თქმით, სამი ადამიანი, რომელიც მათთან დაპირისპირებას ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„შუახევში ხიდზე რომ გადადიხართ იმ ტერიტორიაზე ვიყავით და ამ ძველი ხიდის ამბავიც გავაშუქეთ სხვათა შორის, რომ 100 წლის ხიდია და უკვე საფრთხის შემცველია.

იქვეა ძველი წვენების ქარხანა და აქ მოგვადგა ერთი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ აგრესიული ადამიანები. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაშიც იყო.

ჩვეულებრივი, გაწვრთნილი პროვოკატორები იყვნენ, როგორიც ჰყავს ხოლმე „ოცნებას“, დაზეპირებული ტექსტებით, რომ თითქოს ჩვენ მოღალატეების პარტიას წარმოვადგენთ და ასე შემდეგ. მიზანი იყო ხელი შეეშალათ ჩვენთვის.

მოგვიანებით დავადგინეთ კიდეც მათი სახელები. ერთ-ერთი იყო შუახევის სპორტსკოლის თანამშრომელი ენვერ ბერიძე, ასევე, შუახევის საგზაო მექანიზატორი, მირზა დიასამიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრიდონ ფუტკარაძის ნათესავი იყო მესამე, ვინმე სურმანიძე. ვეტერანი ვარო რომ იძახდა.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პროვოკაცია არ გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა ყველა მათგანი დაფიქსირებულია ფოტოზე და ვიდეოზე.

როგორ გაბედეთ და ამოხვედით შუახევში და როგორ ლაპარაკობთ პრობლემებზეო, მაშინ როცა, სოფლები დაცლილია ადამიანებისგან და ხალხი გაქცევაზეა. ეს არის რეალობა“, – ამბობს გიორგი შარაშიძე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წახალისებული აქვს ძალადობა და ამის დასტური იყო ეს ფაქტიც.

„რადგან პარლამენტში ჩვენს გუნდზე განხორციელებული თავდასხმა დატოვეს დაუსჯელი, ამ კრიმინალური თავდასხმის გაგრძელებაა ესეც. დაუსჯელობის სინდრომი და გარანტიები, რომ თუ „ოცნების“ საქმეს გააკეთებ, ყველაფერი გეპატიება, ამ პრობლემის გაგრძელებაა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობა“, – ამბობს შარაშიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: