„ოცნების“ მთავრობა ახალ ბულვარში ქორწინების სახლის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში არც მშენებლობის ადგილია დაკონკრეტებული და არც მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო თანხა.
სამინისტრო ასევე წერს, რომ მშენებლობის მინისტრმა მოადგილესთან ერთად დაათვალიერა და პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქორწინების სახლის პროექტი ქართველმა არქიტექტორებმა შექმნეს.
მაშინ, როცა ქალაქს პარკინგის ადგილების გამოწვევა აქვს და რამდენიმე ქუჩა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, პერიოდულად საკანალიზაციო სისტემა ჟონავს და მუდმივ შეკეთებას საჭიროებს, მთავრობა წერს, რომ „ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს.“
სამინისტროს განმარტებით, პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.
„პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდებაო“, – წერს სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ თითქმის გააორმაგა ქორწინებასთან დაკავშირებული სერვისები. მართალია, ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში არის უფასო, მაგრამ ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით 50 ლარიდან 75 ლარამდე გაიზარდა.
ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით სამუშაო დღეებში 135 ლარი ღირს, ხოლო იგივე სერვისი შაბათ-კვირას – 225 ლარი. შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 255 ლარი ღირს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება კი – 255 ლარი.
გაიზარდა განქორწინების საფასურიც.
განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური ღირდა 45 ლარი, ახლა ღირს 60 ლარი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბათუმის ქორწინების სახლი ძველ ბულვარში დაანგრიეს.

ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს აწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს.
ამ თემაზე ვრცლად:
ქორწინების სახლის ადგილზე 181 ათას ლარად მოაწყობენ შადრევანს – გენგეგმაში კი სულ სხვა რამ წერია






