გონიოში, პეტრე იბერის პირველში, #29-ე საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოსახლეობა მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 მილიონ 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია.
კომპანიას, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მუშაობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა თავიდანვე ჩამორჩა გეგმა-გრაფიკს, შემდეგ კი, ფაქტობრივად, გაჩერდა და არ უმუშავია.

ამ ფოტოზე ჩანს, თუ რა ეტაპზე გააჩერა კომპანიამ სამუშაოები
2025 წელს კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
ახლა კი მერიაში ამბობენ, რომ შენობა უსაფრთხო არ არის და ახალი უნდა ააშენონ, ოღონდ ამ ადგილზე – არა.
ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა კაკაბაძემ, რომელსაც სამშენებლო სფეროში უკვე დიდი გამოცდილება აქვს, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა: აღნიშნული ლოკაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფართომასშტაბიანი ბაღი აშენდეს, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღისთვის ადგილს არჩევსო.
მან დასძინა, რომ უკვე შერჩეულია ასეთი ადგილი, თუმცა არ დაუსახელებია, კონკრეტულად სად.
ბაღს რომ ადგილს უცვლიან, ეს ინფორმაცია მერიაში დაგვიდასტურეს.
მერიის ინფორმაციით, „2023 წელს ბათუმის №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.
შემდგომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო, მიზანშეწონილი იყო მისი დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება.
ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული ტერიტორიის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საჭირო სტანდარტებს. ამ ეტაპისათვის გონიოს დასახლებაში ახალი ბაღის მშენებლობისათვის მიმდინარეობს შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
გონიოში პეტრე იბერის პირველში მდებარე #29-ე საბავშვო ბაღის შენობა და მისი დამხმარე ნაგებობა 1058 კვ.მეტრზეა განთავსებული. ბათუმის საკრებულოს წევრს სხდომაზე არ უთქვამს, ხომ არ იგეგმება ამ ადგილის გაყიდვა მრავალბინიანი კორპუსის ან სასტუმროს ტიპის აპარტოტელის ასაშენებლად.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, #29-ე ბაღის ადგილის გამოსყიდვა კონკრეტულ ბიზნესმენს სამშენებლოდ სურს და ბაღის გვერდით მდებარე დაურეგისტრირებელ ფართობზეც უჭირავს თვალი. გაასხვისებს თუ არა მერია ამ ფართობს, მომავალში გამოჩნდება.
გონიოში #29-ე ბაღის ტერიტორია, მისი მდებარეობის მიხედვით, მშენებლობისთვის სარფიან ადგილად შეიძლება იქცეს. ეს ზღვის პირველი ზოლი არ არის, თუმცა მომაღლო ადგილზეა, ზღვისა და მთის ხედებით და პლაჟიდან ერთი კილომეტრის დაშორებით.
აქ აშენებულ კორპუსს მესამე ან მეოთხე სართულიდან ზღვის ხედი ექნება, ზღვის ხედით ბინას კი მშენებელი ბევრად ძვირად გაყიდის – შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი ფულის მოგების ბათუმში უკვე კარგად აპრობირებული შესაძლებლობაა.

წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ბათუმის 29-ე საბავშვო ბაღი მდებარეობს
ბათუმის 29-ე და კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს გააფორმა შპს „ლაგი კაპიტალთან“. ხელშეკრულების ღირებულება 12 მილიონ 190 000 ლარი იყო, პრეისკურანტი – 1 მილიონ 775 269 ლარი, დღგ-ს გარეშე.
კომპანიას #29-ე, #23-ე და #18-ე ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალებოდა. ტენდერი მაშინ შპს „ლაგი კაპიტალმა“ მოიგო, დღეს ამ კომპანიის მფლობელები პატიმრობაში არიან.
ბათუმში ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მომსახურებაზე ხელშეკრულების დადებისა და სამუშაოების დაწყების შემდეგ კომპანიას სამუშაოები ეტაპობრივად უნდა ჩაებარებინა, თუმცა მიღება ჩაბარების არცერთი დოკუმენტი შესყიდვების პორტალზე ატვირთული არ არის. 2025 წელს ატვირთული დოკუმენტებით მხოლოდ იმის დადასტურება შეიძლება, რომ კომპანიამ „ფული გააკეთა“ და სხვა მნიშვნელოვანი – არაფერი.

გონიოს 29-ე ბაღი სამუშაოების დაწყებამდე

ბაღის შენობა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ – ფოტო გადაღებულია 2025 წელს
დაწყებული და დაუსრულებელი დარჩა #18 საბავშვო ბაღიც. სხვათა შორის, ეს ბაღიც ზღვასთან ახლოს მდებარეობს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას 4 204 კვ.მეტრს აერთიანებს, ამ ტერიტორიაზე არის საბავშვო სტადიონიც.
ამ ბაღის ადგილმონაცვლეობას მერია არ გეგმავს: „მიმდინარეა და დასრულდება“. ასეთივე ინფორმაცია მოგვაწოდეს მერიიდან #23-ე ბაღთან დაკავშირებითაც – ჯერ არც ამ ბაღის სამუშაოები დასრულებულა. ამ ბაღებს, ახალი ტენდერის ფარგლებში, კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდი არემონტებს.
რაც შეეხება „ლაგი კაპიტალს“ – მისი მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, მათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საუბარია საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებაზე. ამ საქმეზე დაკავებული არიან ალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილები.
ეს კომპანია „ოცნების“ პარლამენტარის, ირაკლი ზარქუას სიძეს, ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა. საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან და „ლაგი კაპიტალი“ ძმებ ალეკო და ბესო ბერძენიშვილებს მიჰყიდეს.
ამ თემაზე ვრცლად: საბავშვო ბაღების საქმეზე „ლაგი კაპიტალის“ მფლობელებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ






